21
Nov
2019

Qwhiskey – ქვევრის ვისკი, როგორც ახალი გემო ალკოჰოლურ სასმელებში

21 Nov 2019

Startauperi
Startauperi


ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე ახალი ალკოჰოლური სასმელი “Qwhiskey” გამოჩნდა. ჟღერს, როგორც ვისკი, თუმცა ამ სახელწოდებაში ასო “Q” შემთხვევით არ წერია. იგი სასმელის დამზადების მეთოდს უსვამს ხაზს – “ქვისკი” ქვევრში მზადდება. ამ საკმაოდ საინტერესო და ინოვაციური პროდუქტის შესახებ კი “ქვისკის” მარკეტინგის დირექტორს, ნინი ჭაჭიას გავესაუბრეთ:

M: „ქვისკი“ – ინოვაციურად ჟღერს.. პირველ რიგში, როგორ დაიბადა ამ პროდუქტის შექმნის იდეა? მოგვიყევით ისტორია..

ქვისკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჩემი მეუღლე, გიგი თევზაძე ალკოჰოლური სასმელების, განსაკუთრებით კი ვისკის დიდი მოყვარულია.

ძალიან დიდი ხანია, ახალი სასმელი არავის გამოუგონია. საქართველო ღვინის სამშობლოა და ალბათ ვფიქრობ, საინტერესოა, რომ სწორედ საქართველოში შეიქმნა სრულიად ახალი სასმელი ღვინისგან. იმედი გვაქვს, მომავალში ისევე ვიამაყებთ ამ ფაქტით, როგორც ვამაყობთ ღვინის წარმოშობით.

სამი წლის წინ გიგიმ დასვა შეკითხვა: რატომ არ შეიძლება ვისკი დაამზადო ღვინისაგან, ისევე როგორც მზადდება ლუდისაგან? აი, სწორედ ამ დროს დაიწყო ჩვენს სახლში ექპერიმენტების დიდი თავგადასავალი. ღვინო და ქვევრი განუყოფელი ნაწილები არიან, ამიტომ, ყოველი მიღებული სასმელი თავსდებოდა თიხის დოქში, ილუქებოდა და იწყებოდა დიდი მოლოდინი. დღეს ექსპერიმეტებში მონაწილე თიხის დოქი ჩვენს სახლში საგულდაგულოდ ინახება. ექსპერიმენტების დასაწყისში მთლად კარგი შედეგები არ იყო, თუმცა, ეს ფაქტორი ფრუსტრაციას არ იწვევდა. გრძელდებოდა ექსპერიმენტები, სადღაც 1.5 წელიწადში მივიღეთ სასმელი, რომელიც საკმაოდ უცხო და სასიამოვნო დასალევი აღმოჩნდა. დაიწყო მეგობრებისათვის დეგუსტაციები და უკუკავშირის მიღება, შემდეგ მეტი დახვეწისა და სრულყოფილების ექსპერიმენტები.

სადღაც 2 წლის თავზე, გიგიმ მიიღო ის სასმელი, რის მიღებასაც ცდილობდა. თუმცა, ეს სასმელი მიიღო სახლის პირობებში და საჭირო გახდა უკვე გამოცდილი ადამიანების ექსპერტიზის ჩართვაც. სწორედ ამიტომ, გიგი დაუკავშირდა თავის მეგობრებს ალიკო ბაკურიძეს, ფარმაკოლოგს, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, სააფთიაქო ქსელისა და სააფთიაქო საწარმოს “ნეოფარმი” დამფუძნებელს და გიორგი ბარისაშვილს, მეღვინესა და ეთნოგრაფს, გააცნო თავისი იდეა. ასე დაიწყო ქვისკის ტექნოლოგიური დახვეწის ახალი ეტაპი.

M: რამდენი ხნის წინ შექმენით ბრენდი?

ბრენდი შევქმენით 3 წლის წინ – მაშინ, როცა დაისვა შეკითხვა, რატომ არ შეიძლება ღვინისაგან დამზადდეს ვისკი, სწორედ აქედანვე დავიწყეთ ფიქრი, რას დავარქმევდით ამ სასმელს სახელად. პრინციპში, ბევრი არ გვიწვალია, დავიწყეთ სახელების ჩამოთვლა, ადვილად მივედით ამ სახელამდე – ქვისკი – ქვევრის ვისკი. სახელი საბოლოო პროდუქტის მიღებამდე მოვიფიქრეთ, ხოლო ორი წლის შემდეგ მივიღეთ ის სასმელი, რომლითაც ვამაყობთ.

M: ბრენდის იდენტობაზეც მოგვიყევით..

ამ ორი წლის განმავლობაში, ვფიქრობდით, როგორი უნდა ყოფილიყო ქვისკის ხასიათი, ღირებულებები, ვიზუალური მხარე. უამრავი ვერსია გვქონდა, თითოეულს ვისკის და ღვინის მოყვარულ მეგობრებთან ვიხილავდით და ვამუშავებდით. ლოგოზე და ეტიკეტზე უამრავი ვერსია გვქონდა, ვხატავდით, მეგობრების წრეში ფოკუს ჯგუფებს ვატარებდით და ასე მივედით საბოლოო ვერსიამდე. ძალიან რთული ნახატებიდან მივედით მარტივ სიმბოლომდე: QW. ვფიქრობთ, ქვისკის ლოგო არ უნდა იყოს რთული, რადგანაც მიგვაჩნია, რომ თანამედროვე და ინოვაციური მიდგომები მარტივ და გასაგებ სიმბოლოებთან უნდა იყოს ასოცირებული. ეტიკეტთან დაკავშირებით, თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა ყოფილიყო სტანდარტულად ოთხკუთხედი ეტიკეტი და ეტიკეტის ფორმაც უნდა ყოფილიყო სასმელის სახელთან დაკავშირებული, ამიტომ ეტიკეტს ქვევრის ფორმა აქვს.

M: ვინ არიან მისი დამფუძნებლები? აქამდე თუ ჰქონიათ მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება?

ალიკო ბაკურიძე – ფარმაკოლოგი, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, სააფთიაქო საწარმოსა და სააფთიაქო ქსელის „ნეოფარმის“ დამფუძნებელი;
გიორგი ბარისაშვილი – მეღვინე, ქვევრის ღვინის წარმოების ექსპერტი, ეთნოგრაფი;
გიგი თევზაძე – სოციოლოგი, ფილოსოფიის მასწავლებელი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.

ვფიქრობ, ამ სამი ადამიანის სხვადასხვა სფეროში მიღებული გამოცდილებების გაერთიანება განაპირობებს ქვისკის წარმატებას.

M: კონკრეტულად, რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ქვისკი – ეს არის ახალი სიტყვა, ახალი გემო ალკოჰოლურ სასმელებში. ინოვაცია, რომელიც ტრადიციების შერწყმამ მოიტანა.  სამყარო, სადაც უძველესი ტრადიციული ღვინისა და ვისკის ტექნოლოგიების გადაკვეთით სრულიად ინოვაციური ბუკეტების ახალი სიმფონია დაიწერა.

ქვისკი მომხმარებლებს სთავაზობს, ახალ, ინოვაციურ და ძალიან საინტერესო სასმელს. იგი არის 2 სახის: თეთრი ქვისკი – რქაწითელის ღვინისაგან დამზადებული; წითელი ქვისკი – საფერავის ღვინისაგან დამზადებული. ორივე სასმელი ერთმანეთისაგან განსხვავდება ხასიათით.

თეთრი ქვისკის საწყისი ნოტი ჰაეროვანი ბუკეტია, რომელიც გახსნისთანავე გამოიფრქვევა, ძირითადი ნოტი ჭიქაში ჩამოსხმის შემდეგ ყალიბდება და ხასიათდება მრავალფეროვნებით, სასიამოვნო ჟღერადობით და ელფერით, რაც მის განუმეორებელ არომატს სისრულეს ანიჭებს, რომელიც ხატავს შემოდგომის ფერებს და მარნის საიამოვნო შთაბეჭდილების ქვეშ გამყოფებს.

წითელი ქვისკი გამორჩეულია მდიდარი და ჰარმონიული ბუკეტით, რომლის მთავარი, წამყვანი ნოტი და ლაიტმოტივი კეკლუცი და მხიარული ცეცხლია. განსხვავებულია ფერით, რომელიც ისე შეუმჩნევლად გადადის მეწამულში, ვერც კი ამჩნევ. გახსენებს შენი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო მომენტებს, აღძრავს ახალ ემოციას, რომელიც ძალიან ლამაზი და ბედნიერია.

M: უფრო დაწვრილებით რომ აღგვიწეროთ, როგორი ტექნოლოგიით მზადდება თქვენი ვისკი?

შემიძლია გითხრათ, რომ ტექნოლოგიურ პროცესში ჩართულია ღვინო, ღვინის სპირტი და ქვევრი. უფრო მეტ ინფორმაციას არ გავცემთ ტექნოლოგიის შესახებ.

M: როგორ ფიქრობთ, რა უნიკალური თვისებები გააჩნია ქვევრში დამზადებულ ვისკს? რით არის სხვა ვისკებისგან გამორჩეული?

უნიკალურობა ალბათ პირველ რიგში ისაა, რომ ქვისკი მზადდება ღვინისაგან. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ქვისკი ძალიან სუფთა სასმელია, ის გაწმენდილია ეთერზეთებისაგან, რის გამოც ქვისკის დალევის შემდეგ ადამიანს მეორე დღეს არ აქვს მძიმე ბახუსის შეგრძნება (პახმელია). მესამე, რაც მგონია რომ ასევე აღსანიშნავია, არის ის რომ, ქვისკი ცოცხალი სასმელია, არის 100% ნატურალური.

ქვისკი სრულიად განსხვავდება გემოთი სხვა ვისკებისგან. ამიტომაც ვუწოდებთ მას ქვისკის.

M: ამჟამად რა ეტაპზეა „ქვისკი“ – დაიწყეთ თუ არა მისი რეალიზება? სად შეიძლება მომხმარებელმა ის შეიძინოს?

ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. საგულდაგულოდ ვარჩევთ კომპანიებს, რომელთანაც ვითანამშრომლებთ. რამდენიმე რესტორანსა და ბარში უკვე შევიტანეთ: შავ ლომში, ელ ცენტროსა და არტ-კაფე ტერაკოტაში უკვე იყიდება ქვისკი. ასევე, ბიო ღვინოების მაღაზიებსა და მარნებში შეგვაქვს. ამჟამად ქვიკი იყიდება მაღაზია „ზე ღვინოსა“ და „TN Art&Wine”-ში, რამდენიმე დღეში ქვისკი ასევე გაიყიდება WineDeer-ში, ველოდებით პასუხს ალკორიუმიდან და 8000 მოსავლიდან. ინტენსიურად ვიყენებთ სოციალურ ქსელებს ქვისკის ცნობადობისათვის და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ინტერესია. უამრავი შეკითხვა შემოდის ჩვენს ფეისბუქის გვერდზე. ასევე, ვაპირებთ, ჩვენს გვერდზეც დავამატოთ საცალო გაყიდვების ფუნქცია. ამჟამად რამდენიმე საკურიერო ორგანიზაციასთან გვაქვს მოლაპარაკება და როგორც კი მივაღწევთ შეთანხმებას, ეს ფუნქციაც მაშინვე დაემატება.

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

უახლოეს გეგმებში გვაქვს ქვისკის ექსპორტზე გატანა. ამჟამად ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყანასთან, ჯერ არ მინდა კონკრეტულად დავასახელო სად გავა ქვისკი, თუმცა, მოლაპარაკებებში იმ ეტაპზე ვართ, რომ ძალიან მალე გეტყვით, პირველად რომელ ქვეყანაში გავიტანთ ქვისკის.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა