ჩვენი სამყარო შედგება ისეთი საგნებისგან, რომლებიც მოხმარების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ნაგავსაყრელზე ხვდება. იქ კი, თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში რჩება ნიადაგში, აბინძურებს გარემოს და ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას. ეს ის შემთხვევაა, როცა ცირკულარული, ანუ იგივე წრიული ეკონომიკის საჭიროება დგება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი არ იქცევა ნარჩენად და მისი საციცოცხლო ციკლის დასრულების შემდეგ, ის ახალ რესურსად გადაიქცევა.
წრიული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მიგნება R-სტრატეგიაა, რომელიც სასარგებლო ინსტრუმენტია პროდუქტის წარმოების სხვადასხვა ეტაპის გადააზრებისათვის, იქნება ეს დიზაინის, გამოყენებისა თუ საციცოცხლო ციკლის დასრულების ფაზა.
R-სტრატეგია 3 ციკლისა და 10 ძირითადი პუნქტისაგან შედგება. ამ სტატიაში სწორედ ამ პუნქტებს გაგაცნობთ და განვმარტავთ:
მოკლე ციკლი – რესურსების უარყოფიდან შეკეთების შესაძლებლობამდე
პროდუქტის მოკლე ციკლი ნიშნავს, რომ პროდუქტი ბოლომდე ინარჩუნებს ყველაზე ფასეულ მდგომარეობასა და ფუნქციას. მოკლე ციკლში პროდუქტის თავდაპირელ მდგომარეობაში მინიმალური ცვლილებები შედის, საციცოცხლო ციკლის ბოლო ეტაპზე ხდება არსებულის შეკეთება, ახალ რესურსებზე უარის თქმით.
ეს ციკლი შემდეგი ოთხი ეტაპისგან შედგება:
უარის თქმის ეტაპი (Refuse)
ეს ფაზა ითვალისწინებს როგორც მომხმარებლის როლს ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიაში, ისე მწარმოებლის. უარი (Refuse) ნიშნავს მოხმარებაზე საერთოდ უარის თქმას, რაც თავიდანვე აფერხებს ნარჩენების წარმოქმნას ან ახალ რესურსებზე მოთხოვნას. რაც შეეხება წარმოებას, უარის თქმის ეტაპი ითვალისწინებს ახალ რესურსებზე უარის თქმას და არსებულის ახლიდან გამოყენებას, ახალ მასალად აღდგენას.
შემცირების ეტაპი (Reduce)
ამ პუნქტის შესრულება შეუძლია როგორც მომხმარებელს, ისე მწარმოებელსაც. მომხმარებლის მხრიდან შესაძლებელია პროდუქტის გამოყენების მინიმუმამდე დაყვანა. მწარმოებელს კი შეუძლია, პროდუქტის დიზაინის დროს ნაკლები მასალა გამოიყენოს და გამოიმუშაოს ისეთი მიდგომა, რომლითაც თავს აარიდებს გარემოსთვის საზიანო მასალის მოხმარებას.
გადაყიდვა/ხელახალი გამოყენების ეტაპი (Resell/Reuse)
ეს ფაზა გულისხმობს უკვე გამოყენებული პროდუქციის ხელახლა შემოტანას ბაზარზე გადამუშავებისა და მასში ცვლილებების შეტანის შემდეგ. როგორც წესი, ამ შემთხვევაში პროდუქტი ფუნქციონირებს ახალივით და მომხმარებელს არანაირ დისკომფორტს არ უქმნის მისი „მეორეულობა”. ეს უკვე მწარმოებელზეა დამოკიდებული.
შეკეთების ეტაპი (Repair)
ხშირად ხდება, რომ მცირე დაზიანების გამო ამა თუ იმ ნივთს ეგრევე ვაგდებთ, თუმცა ცირკულარული ეკონომიკის ეს სტრატეგია გვასწავლის, რომ არ ვიჩქაროთ. შეგვიძლია პროდუქტის შეკეთება გაუმართავი კომპონენტების შესწორებით ან შეცვლით. ამაზე პასუხისმგებლობა შეიძლება აიღოს, როგორც მწარმოებელმა, ისე მომხმარებელმა, რომელმაც შეიძინა აღნიშნული პროდუქტი.
საშუალო ციკლი – მასალების განახლებიდან პროდუქტისთვის ახალი დანიშნულების მიცემამდე
ეს ფაზა ძირითადად ბიზნესზეა ორიენტირებული და მოიცავს ისეთ მიდგომებს, რომლებიც პროდუქტის ფუნქციონალობასა და აღდგენას გულისხმობს. საშუალო ციკლი ინარჩუნებს მასალის, კომპონენტებისა და პროდუქტის ღირებულებას, მწარმოებლების ჩართულობისა და დანაკარგების შემცირების გზით.
ეს ციკლი შემდეგი სამი ეტაპისგან შედგება:
განახლების ეტაპი (Refurbish)
განახლების ეტაპი გულისხმობს პროდუქტის სხვადასხვა კომპონენტის შეცვლას ან, ძირითადი სტრუქტურის შენარჩუნებით, მის სრულიად გადაწყობას. ამ მიდგომის შედეგი, როგორც წესი, არის ხოლმე ორიგინალური პროდუქტის გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც უფრო გამძლე და სანდოცაა.
ხელახალი წარმოების ეტაპი (Remanufacture)
ხელახალი წარმოება არის სამრეწველო პროცესი, რომელიც მოიცავს პროდუქტის სრულ დაშლას და ხელახლა შეკრებას. ამ პროცესის მიზანია ნივთის გამოყენების ვადის გახანგრძლივება და ნარჩენების წარმოქმნის მინიმუმამდე შემცირება.
ახალი დანიშნულების მიცემის (Repurpose)
ამ მიდგომით პროდუქტს ცვლიან ისე, რომ მისი შემადგენელი ნაწილები გამოიყენება სრულიად განსხვავებული დანიშნულებისთვის. ამის მაგალითი მრავლად გვაქვს, ერთ-ერთი შეიძლება იყოს მინის ბოთლების კათხებად გადაქცევა და ა.შ. Repurposing სტრატეგიას ახალი სასიცოცხლო ციკლი შემოაქვს პროდუქტის ცხოვრებაში. ეს ფაზა ხშირად გამოიყენება კრეატიულ ინდუსტრიაში.
გრძელი ციკლი – მასალების გადამუშავებიდან ხელახალ მოპოვებამდე
ეს ფაზა ნარჩენების მართვის ნაწილია და მოიცავს ორიგინალური პროდუქტებისა და მასალების ტრანსფორმაციას. გრძელი ციკლი ანაზღაურებს მასალის ღირებულებას, მაგრამ კარგავს თავდაპირველ ფუნქციასა და პროდუქტის ღირებულებას. ეს ციკლი შემდეგი სამი ეტაპისგან შედგება:
მასალების გადამუშავებაის ეტაპი (Recycle Materials)
მასალების გადამუშავება ნიშნავს გამოყენებული პროდუქტების ან წარმოების ნარჩენებიდან ახალი ნედლეულის შექმნას. ხშირად ეს კომპლექსურ ტექნოლოგიებს მოითხოვს და შედეგად იღებენ მეორად მასალას, რომელიც კარგავს პროდუქტის ორიგინალურ სტრუქტურასა და ფუნქციას.
აღდგენის ეტაპი (Recover)
როგორც წესი, ეს მიდგომა გულისხმობს ნარჩენებისგან ენერგიის მიღებას დაწვის ან ბიომასის გამოყენებით. ეს ენერგია შემდგომში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტროენერგიის ან სითბოს წარმოებისთვის.
ხელახლა მოპოვების ეტაპი (Re-Mine)
ეს ეტაპი გულისხმობს ძვირფასი მასალების მოპოვებას ნარჩენების საბადოებიდან ან ნაგავსაყრელებიდან. მართალია, ჯერჯერობით ნაკლებად გავრცელებულია და, ძირითადად, ისეთ ადგილებს მოიცავს, სადაც ხელახლა მოპოვების ეკონომიკური აუცილებლობა დგას, მაგრამ ტექნოლოგიურმა პროგრესმა შეიძლება აამაღლოს მისი მნიშვნელობა მომავალ ცირკულარულ სტრატეგიაში.
რომ შევაჯამოთ, 10R სტრატეგიები შეიძლება დაიყოს სამ დიდ კატეგორიად: მომხმარებლის არჩევანი, ბიზნესის ჩართულობა პროდუქტის განახლებაში და მატერიალური პროცესები. იმისათვის, რომ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა წარმატებული იყოს, მნიშვნელოვანია როგორც მწარმოებლების დამოკიდებულების, ისე მომხმარებლების ქცევის ცვლილება.
ამ სტრატეგიების გატარებით, ჩვენ არა მხოლოდ ვინარჩუნებთ ჩვენს პლანეტას, არამედ ვხსნით ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ხელს ვუწყობთ ინოვაციებს. 10R სტრატეგიის გააზრება და ჩვევად ქცევა დაგვეხმარება უკეთესი მომავლის შექმნაში, სადაც არაფერი დაიკარგება და ყველა პროდუქტს მოეძებნება ახალი დანიშნულება, ეს კი მდგრად, წრიულ ეკონომიკამდე მიგვიყვანს, რომელიც იცავს ადამიანების კეთილდღეობას და არ ივიწყებს ბუნებრივი გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობას.
სტატია მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით, ცირკულარობის კამპანიის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. ცირკულარობის კამპანია „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ პროგრამის ნაწილია, რომელსაც CENN ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს.
[R]