in

რა აინტერესებს ქართველ მომხმარებელს? [კვლევის შედეგები]

რა აინტერესებს ქართველ მომხმარებელს? როგორ ატარებს დროს? რა ფასეულობები აქვს? Gamma Research-მა, ეს საკითხი პროექტ  Beside-ის ფარგლებში გამოიკვლია. BeSide-ის მიზანია, უფრო ახლოს გაიცნოს მომხმარებლის ჩვევები, გააცნობიეროს მისი საჭიროებები და პრიორიტეტები. კვლევა რეპრეზენტატულია და მასში, დედაქალაქის მასშტაბით, 3000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

კვლევის შედეგები დაყოფილია შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებად: Y თაობაში იგულისხმებიან 18-34 წლის ადამიანები, X თაობაში – 35-54 და BB თაობა – 55+ (65 წლამდე).

კვლევის შედეგების მიხედვით, დღის განმავლობაში:

Y თაობის ქალთა 79% ინტერნეტით სარგებლობს, 75% უყურებს ფილმებს, 74% – მუსიკას უსმენს, 62% უყურებს ტელევიზორს, 59% – კითხულობს წიგნებს, 39% – უყურებს სერიალებს. სხვა აქტივობებს მნიშვნელოვნად ნაკლები როლი უჭირავს ამ თაობის გოგონებში. მაგალითად, ვიდეოთამაშებით დაინტერესებულთა პროცენტული წილი ყველაზე ცოტაა – 5%.

Y თაობის მამაკაცთა მაჩვენებლები კი, დღის განმავლობაში, ასეთია: ყველაზე დიდი როლი მათთვის უჭირავს ინტერნეტს – 77%, ამდენივე უყურებს კინოებს, 76% – უსმენს მუსიკას, 67% – ტელევიზორს ადევნებს თვალს. წიგნებს 41% კითხულობს, სერიალებით კი 29% ინტერესდება. რადიოთი ამავე ასაკის ქალებთან შედარებით, უფრო მეტი მამაკაცი ინტერესდება – Y თაობის მამაკაცთა 16% უსმენს რადიოს. ჟურნალ-გაზეთებით ინტერესი ამ ასაკის მამაკაცთა შემთხვევაშიც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა მაჩვენებლებს, აი, ვიდეოთამაშებით გატაცება, Y თაობის ქალებთან შედარებით, ბევრად მეტია – 32%.

რაც შეეხება X თაობას:

X თაობის ქალებს შორის, ყველაზე დიდი როლი ტელევიზორს უჭირავს – 82%, შემდეგ მოდის ინტერნეტით სარგებლობა – 70%, კინოებს 66% უყურებს, მუსიკასაც Y თაობის ქალებთან შედარებით, X თაობა ნაკლებად უსმენს – 62% და წიგნებსაც, კვლევის თანახმად, ნაკლებად კითხულობს – 50%. რადიოთი და ჟურნალ-გაზეთებით დაინტერესება კი, Y თაობასთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტია.

X თაობის მამაკაცებში, ინტერესი ტელევიზორის ყურების მიმართ კიდევ უფრო მეტია – 85%, ინტერნეტით სარგებლობისა კი, მნიშვნელოვნად ნაკლები – 56%. ამ თაობის მამაკაცები, ამავე ასაკის ქალებთან შედარებით, ცოტათი მეტად ინტერესდებიან კინოებით (70%) და ცოტათი ნაკლებად – მუსიკით (59%). ნაკლებია ინტერესი წიგნების მიმართ (35%) და ამავე ასაკის ქალებთან შედარებით, X თაობის მამაკაცები სერიალებსაც ნაკლებად უყურებენ (18%). სამაგიეროდ, რადიოს უფრო აქტიურად ადევნებენ ყურს (28%).

BB თაობის ქალებში ყველაზე დიდი როლი ტელევიზორს უჭირავს – 90%, ხოლო ინტერნეტს – მნიშვნელოვნად ნაკლები – 46%. ამავე ნიშნულთანაა ახლოს მუსიკის მოსმენისა და წიგნების კითხვისადმი ინტერესი (49-49%). სერიალებს 52% უყურებს, კინოებს კი – 65%. ჟურნალ-გაზეთებს, X და Y თაობასთან შედარებითაც, ბევრად მეტი კითხულობს (26%).

BB თაობის მამაკაცებშიც, ყველაზე დიდი აქტიურობა ტელევიზორის მიმართ შეინიშნება – 92%. მას ბევრად ჩამოუვარდება კინოს მაყურებელთა რიცხვი – 64%, კიდევ უფრო ნაკლებია მუსიკის მსმენელები – 49%. ნაკლებია ინტერნეტით მოსარგებლეთა რაოდენობაც – 30%. ამავე თაობის ქალებთან შედარებით, BB თაობის მამაკაცები ნაკლებად კითხულობენ – 37% და ნაკლებად უყურებენ სერიალებს – 27%. თუმცა, მათ შორის უფრო დიდია გაზეთებით დაინტერესებულთა ხვედრითი წილი – 31%.

მოწყობილობების გამოყენების მაჩვენებლები:

პერსონალური კომპიუტერით უფრო აქტიურად Y და X თაობის ქალები და მამაკაცები სარგებლობენ (65-71%), BB თაობაში პერსონალური კომპიუტერით მოსარგებლეთა რიცხვი შედარებით ნაკლებია (49-50%).

სმარტფონს ბევრად მეტი მომხმარებელი ჰყავს. მათ შორის აშკარა ლიდერობა Y თაობას ეკუთვნის (84-88%), X თაობის 71% სარგებლობს სმარტფონით, BB თაობა კი მნიშვნელოვნად ნაკლებად – (52-57%).

ელექტრონული წიგნებისადმი ინტერესი ყველაზე მეტად Y თაობაში შეინიშნება, თუმცა, ეს რაოდენობა არც ისე ბევრია – 10-13%. კიდევ უფრო მცირეა X თაობაში – 7-11%, ხოლო BB თაობა ინტერესს ნაკლებად იჩენს 2-4%.

პლანშეტით ყველაზე აქტიურად Y თაობის ქალები სარგებლობენ (29%). ამავე ასაკის მამაკაცები შედარებით ნაკლებად – 23%. ამ ტიპის მოწყობილობით X თაობის 21-22%, ხოლო BB თაობის 14% ინტერესდება.

ვინ რომელ სოციალურ ქსელს იყენებს?

ყველაზე დიდი ინტერესს სამივე თაობა Facebook-ის მიმართ ავლენს: Y თაობა – 91-94%, X თაობა – 73-89%, BB – 43-61%.

პოპულარობით მეორე ადგილს Instagram იკავებს, ისიც, მეტწილად, Y თაობაში – 46-59%. X თაობის ქალები  ნაკლებად (21%) ინტერესდებიან ინსტაგრამით, მამაკაცების მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირეა (11%).  BB თაობას ინსტაგრამზე იშვიათად შეხვდებით (2-7%).

სოციალურ ქსელებს შორის ბევრად პატარა ადგილი უჭირავთ Twitter-სა და Pinterest-ს, თუმცა, Y თაობის 5-11% ამ სოციალური ქსელებით სარგებლობს.

საკმაოდ მცირეა LinkedIn-ით დაინტერესებულთა რიცხვი (მაქსიმუმ 3%).

 

პროექტი “ქედა ლიდერი” ხელს უწყობს ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარებას

ქართულ-ევროპული დიალოგი კულტურაზე – ბრენდინგი