ბიზნეს ლიდერები ათწლეულების განმავლობაში ებრძოდნენ თანამშრომელთა ჩართულობის საკითხებს. რეალურად კი გამოსავალი მარტივია: მოექეცით თქვენს თანამშრომლებს კარგად და ისინი ანალოგიურად მოეპყრობიან მომხმარებლებს.
სერ რიჩარდ ბრენსონი, მილიარდერი ბიზნესმენი და Virgin Group-ის დამფუძნებელი, ზუსტად აცნობიერებს მომხმარებლებზე ზრუნვის სარგებელს, როგორც პოტენციური დანაკარგებისგან თავის დაცვის მექანიზმს.
ესეც რიჩარდ ბრენსონი რამდენიმესიტყვიანი გაკვეთილი:
2014 წელს მან ტვიტერზე ნათლად და მარტივად თქვა, რომ კომპანიის თანამშრომელი უდიდესი აქტივია და მასში გრძელვადიანი ინვესტიციის ჩადება ნამდვილად ღირს: „საკმარისად კარგად დაატრენინგეთ თანამშრომლები, რათა თქვენგან წასვლა შეეძლოთ. თუმცა მოეპყარით მათ იმდენად კარგად, რომ ამის სურვილი არ გაუჩნდეთ“.
ალბათ, მენეჯერთა უმეტესობას წინადადების პირველი ნაწილი შეაშინებს. ბევრ კომპანიას არც აქვს საკმარისი რესურსი ხშირი და საინტერესო ტრენინგებისთვის, მაგრამ დღევანდელ კონკურენტუნარიან სამუშაო ბაზარზე აუცილებლად უნდა შეგეძლოთ დასაქმებულებისთვის რაღაც განსაკუთრებულის შეთავაზება — თუნდაც, მათი კვალიფიკაციის ამაღლება.
ლიდერების ნაწილმა კი იცის, რომ კმაყოფილი თანამშრომელი კმაყოფილი მომხმარებლის ტოლფასია. ამიტომაც, ყველაფერს აკეთებენ, რათა კომპანიაში კომუნიკაციის საუკეთესო კულტურა დანერგონ.
მოდით, ბრენსონის ფრაზა უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ:
პირველი ნაწილი: „საკმარისად კარგად დაატრენინგეთ თანამშრომლები, რათა თქვენგან წასვლა შეეძლოთ“. მართალია, ტრენინგები ინდუსტრიების მიხედვით სპეციფიკურად განსხვავდება, მაგრამ მათში ნებისმიერ შემთხვევაში იმ უნარებსა და ინსტრუმენტებს ეძებენ, რომლებიც პროფესიულ წინსვლას უზრუნველყოფს. ზოგადად, დასაქმებულები ზრდასა და განვითარებაზე ფიქრობენ.
150 კომპანიაში 18 000-ზე მეტ თანამშრომელთან ჩატარებული კვლევის მიხედვით, კარიერული ზრდის ნაკლებობა კომპანიის მოგების შემცირების პირველი მიზეზია. ადამიანთა უმეტესობა რაღაც მნიშვნელოვანს ეძებს სამსახურში, რათა იგრძნონ, რომ ღირებული საქმის ნაწილნი არიან. ხოლო საჭირო უნარ-ჩვევებში დახელოვნება არა მხოლოდ გაზრდის მათ პროფესიულად, არამედ შინაგან განწყობასაც აუმაღლებს.
„თუმცა მოეპყარით მათ იმდენად კარგად, რომ ამის სურვილი არ გაუჩნდეთ“. სწორედ ამ ნაწილში ჩნდება ეფექტური ლიდერობის როლი. თუ უფროსი საკუთარ თანამშრომლებს კარგად ექცევა და პოზიციებზე სწორი კადრები ჰყავს, საუკეთესო შედეგებს მიიღებს. ამავდროულად, სამწუხაროდ, ბევრი ლიდერი სათანადოდ ვერ ართმევს თავს ამ „საჭიროებას“ — მათ ავიწყდებათ, რომ თანამშრომლები „ადამიანები“ არიან.
მარტივად რომ შევაჯამოთ, დიდი ლიდერის შედეგი მზრუნველი ორგანიზაციის შექმნაა, რომელიც ცალკეული კონტრიბუტორების ცოდნას ეყრდნობა და არა — კლასიკურ იერარქიულ ხედვას.
წყარო: Inc.










