ვებსაიტზე გადასვლისას ყველას შეგვხვედრია ასეთი შეტყობინება – „ვებგვერდი იყენებს ქუქი ფაილებს. გასაგრძელებლად დააკლიკეთ დათანხმებას ან უარყოფას”. ზოგიერთი ჩვენგანი დაუფიქრებლად აჭერს თანხმობას, ზოგს კი ეშინია და არ რთავს ვებგვერდს ქუქი ფაილების გამოყენების ნებართვას. სინამდვილეში, საკმაოდ ბუნდოვანია, რა არის ქუქი ფაილები და რატომ ჩნდება ვებსაიტებზე ასეთი შეტყობინება, რატომ უნდა დავეთანხმოთ ან უარვყოთ იგი.
რა არის ქუქი ფაილები (Cookies)
ეს არის ტექსტური ფაილები, რომლებიც იგზავნება თქვენ მიერ მონახულებული ვებსაიტების მიერ თქვენს მოწყობილობაზე. როდესაც თქვენ დაეთანხმებით მათ, ქუქი ფაილები შეინახება თქვენს ბრაუზერში და შემდეგ ამ ვებსაიტებს შეუძლიათ პერსონალური მონაცემების თვალყურის დევნება.
რა მონაცემებია ესენი
- თქვენ მიერ მონახულებული ვებსაიტების დასახელება
- უნიკალური მომხმარებლის ID
- დათვალიერების ისტორია
- ინტერესები
- ბმულები, რომლებზეც დააწკაპუნეთ
- ვებსაიტებზე შესვლის რაოდენობა
- ვებსაიტზე ან კონკრეტულ გვერდზე გატარებული დრო
- თქვენ მიერ არჩეული პარამეტრები
- შესვლის ინფორმაცია
- მდებარეობა და IP მისამართი
- პერსონალური მონაცემები, როგორიცაა: ელფოსტა, მისამართი და ტელეფონის ნომერი
- ნივთები თქვენს კალათაში
ეს არის ის ძირითადი ინფორმაცია, რომელიც იცვლება ვებგვერდსა და მომხმარებელს შორის.
რას ნიშნავს ქუქიფაილების მიღება
„ქუქიების” დაშვებისას ვებსაიტს აძლევთ უფლებას, თვალყური ადევნოს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ყველა ვებგვერდზე ეს ინფორმაცია სხვადასხვანაირად გამოიყურება. ზოგიერთმა ვებსაიტმა შეიძლება წაიღოს მხოლოდ საბაზისო ინფორმაცია, რომელიც მარკეტინგის გუნდს აქტივობების დაგეგმვაში დაეხმარება. თუმცა არსებობს ისეთი ვებგვერდები, რომლებიც ბევრად დიდ ინფორმაციას იღებენ ჩვენზე და ამიტომ უნდა გვესმოდეს, როდის დავაწკაპოთ თანხმობას და როდის – არა.
რა შემთხვევაში შეგიძლიათ დაეთანხმოთ ქუქიფაილების მიღებას და რისთვის არის ის სასიკეთო
ზოგჯერ ვებსაიტი ისე არ გვიშვებს, თუ ქუქიფაილებს არ დავეთანხმებით, ამიტომ ამ შემთხვევაში უნდა გადავხედოთ, რა ინფორმაციის გაცვლას გვთავაზობს ის და თუ მხოლოდ საბაზისო ინფორმაციაზე წვდომას ითხოვს, თამამად შეგვიძლია, დავაჭიროთ თანხმობას.
გარდა ამისა, ქუქიფაილების მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი სამომხმარებლო გამოცდილება, ის საშუალებას აძლევს ვებსაიტებს, დაიცვან თქვენი პირადი პრეფერენციები, გაჩვენონ რეკლამები ან პროდუქტები, რომლებიც გაინტერესებთ, გაჩვენონ ნივთები, რომლებიც მოათავსეთ თქვენს კალათაში, მაგრამ არ იყიდეთ, და უზრუნველყოთ უფრო ფოკუსირებული გამოცდილება თქვენი ინტერესების გარშემო.
რეგისტრირებულ ვებსაიტზე შესვლის ინფორმაცია – ქუქიფაილები ეხმარება ვებგვერდებს, დაიმახსოვრონ ინფორმაცია, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციისას. ამიტომ თქვენ აღარ მოგიწევთ მეილისა და პაროლის დაზეპირება.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თანხმობის მიცემამდე
აუცილებლად უნდა დააკვირდეთ ვებსაიტს, არის თუ არა ის დაცული. ამის შემოწმება მარტივია – მას ბმულის ველში აუცილებლად უნდა ჰქონდეს HTTPS ან დაბლოკვის სიმბოლო. ეს ნიშნავს, რომ ვებსაიტის მონაცემები დაშიფრულია და ბლოკავს პოტენციურ რისკებს მესამე მხარის ჰაკერებისთვის, რათა მათ ვერ მოიპარონ თქვენი მონაცემები.
მესამე მხარის ქუქიფაილები – თუ ასეთი რამ შეგხვდათ, სჯობს, თანხმობის მიცემისგან თავი შეიკავოთ. ეს ნიშნავს, რომ ვებსაიტს უფლებას აძლევთ, გაყიდოს თქვენი მონაცემები დაინტერესებულ მესამე მხარეებზე ისე, რომ თქვენ არც გეცოდინებათ, ვინ იქნება ეს მესამე მხარე.
საკრედიტო მონაცემები
თუ ისეთ ვებსაიტზე იმყოფებით, სადაც უნდა გაატაროთ თქვენი საბარათე მონაცემები, სოციალური უსაფრთხოების ნომერი ან სხვა ისეთი პირადი ინფორმაცია, რისი გაზიარებაც სხვებისთვის არ გსურთ, აუცილებლად უარი თქვით ქუქიფაილების მიღებაზე. ქუქიფაილების დაშვებამ მსგავს საიტებზე შეიძლება შეგიქმნათ ისეთი პრობლემები, როგორიცაა პირადობის ან საკრედიტო ბარათების მოპარვა.
ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რას გეუბნებათ თქვენი ანტივირუსული სისტემა. თუ ის აფიქსირებს საეჭვო ქუქიფაილებს, აუცილებლად შეგატყობინებთ ამის შესახებ და ამ შემთხვევაში, არ დაეთანხმოთ ქუქიფაილების მიღებას.
რა ხდება მაშინ, თუ უარს ვიტყვით ქუქიფაილების მიღებაზე
ამ კითხვაზე პასუხი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ვებგვერდზე ვართ. თუმცა ყველაზე ხშირად ეს უბრალოდ იმ კონკრეტულ ვებსაიტზე წვდომის შეზღუდვას ნიშნავს და ამით მთავრდება ჩვენი ცუდი გამოცდილების მიღება.
რომ შევაჯამოთ, მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, როდის და რა ქუქიების მიღებას აირჩევთ. ჩვენ უბრალოდ მოგაწოდეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი ქუქიფაილების შესახებ, რათა თავად გადაწყვიტოთ, რამდენად უსაფრთხო იყოს თქვენი ონლაინგამოცდილება.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი