in

რა არის კიბერომი და როგორ იბრძვიან Anonymous ჰაკერები?

კაცობრიობას ომის სხვადასხვა სახე უნახავს. შედეგი კი ყოველთვის საზიანოა, ზარალის მომტანია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის… დღევანდელ ციფრულ სამყაროში ომის კიდევ ერთი სახეობა გაჩნდა: კიბერომი. ეს უკანასკნელი კიბერშეტევების ერი-სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოყენებას გულისხმობს, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ობიექტს — იწვევს სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპიუტერული სისტემების მოშლას.

უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს კიბერომი?

ექსპერტებს შორის აქტიურად მიმდინარეობს დებატები, თუ რომელი ქმედებები კვალიფიცირდება უშუალოდ კიბერომად, რადგან დღემდე არ არსებობს მისი ოფიციალური, შეთანხმებული განმარტება. ჩვეულებრივ, კიბერომი იმ კიბერშეტევებს ეხება, რომლებიც ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეზე ხორციელდება. ასევე, მასში მოიაზრება ტერორისტული ან ჰაკერული ჯგუფების თავდასხმები, რომლებიც გარკვეული ქვეყნებისკენაა მიმართული და კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურება.

რა სახის კიბერ-იარაღები გამოიყენება ასეთ ომში?

ქმედებების მაგალითები, რომლებიც შეიძლება კიბერომად ჩაითვალოს, მოიცავს შემდეგს:

  • ვირუსები, ფიშინგი, მავნე პროგრამები, რომლებსაც კრიტიკული ინფრასტრუქტურის გამორთვა შეუძლია;
  • განაწილებული denial-of-service (DDoS) თავდასხმები, რომლებიც ლეგიტიმურ მომხმარებლებს ხელს უშლის მიზანმიმართულ კომპიუტერულ ქსელებსა და მოწყობილობებზე წვდომაში;
  • ინსტიტუციების, მთავრობებისა და ბიზნესის სენსიტიური მონაცემების გატეხა და მოპარვა;
  • ჯაშუშური პროგრამები ან კიბერჯაშუშობა, რაც ისეთი ინფორმაციის ქურდობას იწვევს, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს;
  • ე. წ. გამოსასყიდი პროგრამა, რომელიც სისტემებს ან მონაცემებს აკონტროლებს.
  • პროპაგანდის ან დეზინფორმაციის შემცველი კამპანიები, რომლებიც დიდი აჯანყების ან ქაოსის შესაქმნელად გამოიყენება.

რა არის კიბერომის მიზანი?

კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს თანახმად, კიბერ ომის მიზანია სხვა ერის “დასუსტება, მოშლა ან განადგურება”. ამის მისაღწევად, საფრთხეები მოიცავს როგორც პროპაგანდასა და ჯაშუშობას, ისე ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიან მოშლას და თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყნის მოქალაქეების დაღუპვას.

ხშირად უჭირთ კიბერჯაშუშობისა და კიბერომის ერთმანეთისგან გამიჯვნა… ყველაზე დიდი განსხვავება კი ის არის, რომ ამ უკანასკნელის მთავარ მიზანს ნაციონალური სახელმწიფოს ფუნქციონირების ჩაშლა წარმოადგენს. ხოლო კიბერჯაშუშობის მთავარი მიზანი თავდამსხმელის დამალვაა, რაც შეიძლება დიდხანს, რათა საჭირო ინფორმაცია იქნას მოპოვებული. ხშირად ეს ორი მოქმედება ერთად გამოიყენება. მაგალითად, კიბერჯაშუშობა შეიძლება გამოყენებულ იქნას დაზვერვის შესაქმნელად, რომელიც ეროვნულ სახელმწიფოს ეხმარება,  ფიზიკური ან კიბერომის გამოცხადებისთვის მოემზადოს.

დესტაბილიზაცია

ბოლო წლებში კიბერკრიმინალები თავს დაესხნენ მთავრობებს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მეშვეობით — მათ შორის, ისეთი ობიექტების, როგორიცაა სატრანსპორტო სისტემები, საბანკო სისტემები, ელექტრო ქსელები, წყლის სისტემები, კაშხლები და საავადმყოფოები.

ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, კრიტიკული ციფრული ინფრასტრუქტურის დესტაბილიზაცია საზიანოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანამედროვე სერვისებისა თუ პროცესებისთვის. მაგალითად, ელექტრო ქსელზე თავდასხმას შეუძლია უზარმაზარი შედეგები მოჰყვეს ინდუსტრიულ, კომერციულ და კერძო სექტორებს.

დივერსია

ისეთი კიბერშეტევები, რომლებიც სამთავრობო კომპიუტერულ სისტემებზეა ორიენტირებული, შეიძლება, ჩვეულებრივი ომის მხარდასაჭერად იქნას გამოყენებული. მაგალითად, ასეთ ქმედებებს შეუძლია დაბლოკოს ოფიციალური სამთავრობო კომუნიკაციები, “დააინფიციროს” ციფრული სისტემები, მოიპოვოს სამხედრო ინფორმაცია ჯარების ადგილმდებარეობის, იარაღისა და გამოყენებული აღჭურვილობის შესახებ.

Anonymous ჰაკერების კიბერომი

კიბერომის უახლესი შემთხვევა სწორედ გუშინ ღამით დაიწყო, რაც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. ანონიმურ კოლექტივად იდენტიფიცირებულმა ჰაკერებმა განაცხადეს, რომ მათ რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ შესაბამისი კიბეროპერაციები წამოიწყეს — რამდენიმე ვებგვერდი კი უკვე გაანადგურეს, მათ შორის RT News.

“ამჟამად Anonymous ჩართულია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ოპერაციებში. გარდაუვალია, კერძო სექტორიც დაზარალდება. ჩვენ, როგორც კოლექტივს, მხოლოდ მსოფლიო მშვიდობა გვინდა. ჩვენ გვინდა მთელი კაცობრიობის მომავალი. ასე რომ, მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში ადამიანები თქვენს ინტერნეტ პროვაიდერებს ჭრიან, გაიგეთ, რომ ეს მთლიანად მიმართულია რუსეთის მთავრობისა და პუტინის ქმედებებისკენ”, — აცხადებს Anonymous.

Anonymous message For hedge fund criminal Ken Griffin

Anonymous message For hedge fund criminal Ken Griffin

Posted by Anonymous on Friday, January 28, 2022

 

ჰაკერებმა, რუსული საიტების წინააღმდეგ ქმედებების განსახორციელებლად, გამოიყენეს ჰეშტეგები #OpRussia და #OpKremlin.

ავტორი: ქეთია ბელქანია

იაპონიის მთიანი ქალაქის განსაცვიფრებელი ფოტოგრაფია

C-Ecology მდინარეებში ცოცხალი ორგანიზმების დაბრუნებას შეძლებს