დეჟავიუს შესახებ, ალბათ, პირველად მაშინ გაიგეთ, როცა თვითონ გამოცადეთ იგი და დასვით კითხვა — ეს უკვე ნანახი მაქვს? მაგრამ მას იქამდეც განიცდიდნენ, სანამ კონკრეტული სახელი დაერქმეოდა. ტერმინი კი პირველად მეოცე საუკუნის დასაწყისში ფსიქოლოგმა ემილ ბოირაკმა გამოიყენა და იგი „უკვე ნანახს“ ნიშნავს.
კარლ იუნგი ფიქრობდა, რომ ეს კოლექტიურ არაცნობიერთან იყო დაკავშირებული, პლატონი წარსული ცხოვრების მტკიცებულებად წარმოადგენდა… დღეს კი ბევრი ჩვენს ტვინში წარმოქმნილ შეცდომად ან, პირიქით, ჩვენი ტვინის გამართულ მუშაობასთან აკავშირებს. ბევრიც ალტერნატიულ სამყაროსა და უცხოპლანეტელების მიერ მოპარულ გონებაზე საუბრობს. ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები კი ამ ფენომენს მეტად საინტერესოს ხდის.
სწორედ ამის გამო, კვლევითი მიზნებისთვის დეჟავიუს ფენომენის განსაზღვრას თითქმის ერთი საუკუნე დასჭირდა. მას შემდეგ კი უამრავი კვლევა ჩატარდა, რომელიც დეჟავიუს წარმომქმნელ სხვადასხვა ფაქტორზე საუბრობდა.
ადრეულ კვლევებში დეჟავიუსა და კონკრეტულ დაავადებებს შორისაც ეძებდნენ კავშირს, მაგრამ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან შიზოფრენიასთან კავშირი ნაკლებად იკვეთება… თუმცა დეჟავიუს ორი ფორმა გამოავლინეს. პირველი არის ის, რასაც ადამიანთა 97% განიცდის ცხოვრების განმავლობაში და 5-30 წამამდე გრძელდება. მეორე კი პათოლოგიურია, მეტად იშვიათი, თუმცა ეპილეფსიასთან დააკავშირეს და ბევრად უარყოფით გავლენას ახდენს, აქ ჰალუცინაციებზეც კი საუბრობენ…

როგორ წარმოიქმნება დეჟავიუ ჩვენს ტვინში?
საინტერესოა ისიც, თუ როგორ წარმოიქმნება დეჟავიუ ჩვენს ტვინში. მარტივად რომ ვთქვათ, ტვინის უკან ნაწილში მდებარე უბნები წინა უბნებს ძველი გამოცდილების გამეორების შესახებ მიანიშნებს. შემდეგ კი გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი წინა უბნები ამოწმებს, რამდენად შეესაბამება ეს სიგნალი სინამდვილეს და აჩენს კითხვას — ეს უკვე ნანახი მაქვს?
მეტიც, დეჟავიუს წარმოშობის მიზეზად ჩვენი ტვინის ქერქის ელექტრული სტიმულაცია ითვლება, რომელიც ტვინის ყველაზე ღრმა სტრუქტურებში წარმოიქმნება.
როგორ ხსიან დეჟავიუს მეცნიერები?
- დეჟავიუ ხდება მაშინ, როცა ჩვენი ტვინი წარსულ გამოცდილებას ცნობს
იმის გასაგებად, თუ რა ხდება ამ დროს ჩვენს ტვინში, Leeds Memory Group-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში მეცნიერებმა ვირტუალური რეალობა გამოიყენეს. კოგნიტურმა ფსიქოლოგმა, ენ კლერმა, 298 ადამიანი გამოცადა. მათ კომპიუტერული თამაში, The Sims, შეთავაზა, რომელიც სივრცით ერთნაირი იყო, მაგრამ თემატურად განსხვავებული… მონაწილეებმა ისეთ საკითხზე დაიწყეს საუბარი, როგორიცაა ნაცნობობა — ჩვენი ტვინი ცნობს მსგავსებას ამჟამინდელ გამოცდილებასა და წარსულს შორის. შესაბამისად, აქ დეჟავიუს წარმომქმნელ მიზეზად სწორედ ნაცნობობა დაასახელეს.
ამაში ზოგი, თავის ტვინის რინიალურ ნაწილს დებს ბრალს, ანუ ტვინის იმ უბანს, რომელიც მიგვანიშნებს, რომ რაღაც ნაცნობია.
დეჟავიუს კრიპტომნეზიითაც ხსნიან — როცა უკვე მიღებული ინფორმაცია დავიწყებული გაქვთ, თუმცა ეს თქვენს ტვინში მაინც შენახულია. ნაცნობობის შეგრძნების გაჩენისას კი იგი მას კვლავ ააქტიურებს.
- დეჟავიუ იმის გააზრებაა, რომ ეს მსგავსება არასწორია
თუმცა, ამასთან ერთად, სხვები იმასაც ამბობენ, რომ ეს არა მხოლოდ ნაცნობობის გრძნობაა, არამედ იმის აღიარება, რომ ეს გრძნობები არასწორია.
„დეჟავიუ არის კონფლიქტი ნაცნობობის შეგრძნებასა და იმის ცოდნას შორის, რომ ეს ნაცნობობა არასწორია. ეს იმის გაცნობიერებაა, რომ თქვენ მოტყუებული ხართ, რაც დეჟავიუს, მეხსიერების სხვა მოვლენებთან შედარებით, უნიკალურს ხდის“, — ამბობს დოქტორი აკირა ო’კონორი.

- დეჟავიუ ტვინის ჯანსაღი ან არაჯანსაღი მუშაობის შედეგია
მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კი დაადგინეს, რომ დეჟავიუს ეფექტი ტვინში არსებულ გიპოკამპს უკავშირდება. მისი წყალობით ჩვენ წარსულისა და აწმყოს აღქმა შეგვიძლია. ხოლო თუ თავის ტვინის ამ სისტემაში ხარვეზი ხდება, ჩნდება დეჟავიუც და ამას სტესი, დაღლილობა და დეპრესია იწვევს.
ნეირომეცნიერები კი ამბობენ, რომ ეს არც არაჯანსაღი ტვინის ნიშანი და არც მეხსიერების შეცდომაა. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა — დეჟავიუ ხდება მაშინ, როცა ტვინის გარკვეული რეგიონები არაზუსტი მეხსიერების გამოსწორებას ცდილობს. დეჟავიუს განცდა იმაზეც კი მეტყველებს, რომ თქვენი ტვინის რეგიონი, რომელიც ინფორმაციის სიზუსტეს უზრუნველყოფს, კარგად მუშაობს და ინფორმაციის დავიწყების საშუალებასაც არ გაძლევთ.
- დეჟავიუ ხდება მაშინ, როცა ინფორმაცია არასრულად მუშავდება
კიდევ ერთი პოპულარული თეორია არის ის, რომ დეჟავიუ სიტუაციის დამუშავების შეფერხებით არის გამოწვეული — წარმოიდგინე, რომ ქუჩაში მიდიოდი და ყავის ახალი მაღაზიის გვერდით გაიარე, მაღაზიისკენ გაიხედე, მაგრამ შეტყობინება მიიღე და კითხვა დაიწყე, შესაბამისად, ახალ მაღაზიას კარგადაც ვერ დააკვირდი. ამ შემთხვევაში ინფორმაცია არა სრულად, არამედ ნახევრად დამუშავებული გამოდის. ხოლო, როცა ყავის მაღაზიას ისევ დაინახავთ, დეჟავიუ დაგეუფლებათ, მიხვდებით, რომ უკვე ნანახი გაქვთ, მაგრამ ამას ზუსტად ვერ გაიხსენებთ.

- დეჟავიუ არის ის, რასაც სიზმარში ვხედავთ
ამ ფენომენს სიზმარში ნანახ გამოცდილებადაც ხსნიან, რომელიც, შესაძლოა, დილით არც კი გვახსოვდეს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს დავუკავშიროთ. დეჟავიუდ აღვიქვათ, რადგან იგი უკვე სიზმარში ვნახეთ. ხოლო თუ ზიგმუნდ ფროიდის მოსაზრებას დავეყრდნობით, ძილის დროს ადამიანის გონება ასი ათასობით სიტუაციის მოდელირებას ახდენს, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
- დეჟავიუს პარარელურ სამყაროში ცხოვრება იწვევს
ადამიანებს პარარელური სამყაროს არსებობის შესახებაც სჯერათ. მათ შორისაა ფიზიკოსი მიჩიო კაკუ, რომელიც ამტკიცებდა, რომ ადამიანის ტვინს რამდენიმე სამყაროში ყოფნის შესაძლებლობა აქვს და ეს არის ის, რაც ჩვენში დეჟავიუს განცდას ბადებს.
ავტორი: მაკა ჯუღელი












