თუ გიფიქრიათ საკუთარი ელექტრონული კომერციის მაღაზიის გახსნაზე, შეიძლება გაინტერესებთ, როგორ მიიღებთ წვდომას პროდუქტების ინვენტარზე, ან სად შეინახავთ მათ. ტრადიციული ბიზნეს მოდელის მიხედვით, საცალო მოვაჭრეები პასუხისმგებელნი არიან შეკვეთის შესრულების პროცესზე თავიდან ბოლომდე. ეს ხშირად გულისხმობს პროდუქტების სასაწყობო სივრცის იჯარას, მიწოდების ჯაჭვის, ინვენტარის მართვას და ტრანსპორტირების ხარჯებს.
თუმცა ციფრულმა ტექნოლოგიამ ალტერნატიული ბიზნეს მოდელი გააჩინა, რომელიც ონლაინ მაღაზიებს შეკვეთების შესრულებაში ეხმარება, ესაა dropshipping – შეკვეთის შესრულების მეთოდი, სადაც გამყიდველი შუამავლის პოზიციაშია. ის თავად არ ინახავს პროდუქტს, რომელსაც ყიდის, ამისთვის მესამე მხარეს იყენებს, რომელიც, ჩვეულებრივ, საბითუმო მოვაჭრე ან მწარმოებელია.
იმის გამო, რომ dropshipping ეყრდნობა მესამე მხარის მიმწოდებელს ინვენტარის შესანახად და შეკვეთის შესასრულებლად, ეს ოპერაცია შეიძლება ათობით თანამშრომელმა მართოს.
როგორ მუშაობს ეს მოდელი?
dropshipping ბიზნეს მოდელის ასამუშავებლად საჭიროა ერთი ან მეტი საბითუმო მომწოდებლის მოძებნა. ასე მუშაობს ცნობილი პლატფორმა AliExpress. თუმცა, თუ გაინტერესებთ მომწოდებლის პოვნა, შეგიძლიათ გამოიყენოთ აპი, რომელიც თქვენ და თქვენს მაღაზიას ათასობით მომწოდებელთან დააკავშირებს. ერთ-ერთი ასეთი აპლიკაციაა DSers, რომელიც დამოუკიდებელი ბიზნესის მფლობელებს გასაყიდი პროდუქტის მოძიებაში ეხმარება. DSers-ით შეგიძლიათ დაათვალიეროთ AliExpress და აქედანვე მიჰყიდოთ ის მომხმარებელს. თქვენ მხოლოდ დეტალების სისწორის შემოწმება გევალებათ, პროდუქტი შემდეგ იგზავნება პირდაპირ AliExpress-ის მომწოდებლიდან მომხმარებელზე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
dropshipping-ის უპირატესობები
- წინასწარი დიდი კაპიტალის ქონა არაა საჭირო. dropshipping-ის ალბათ ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ შესაძლებელია ელექტრონული კომერციის მაღაზიის გახსნა ინვენტარში ათასობით დოლარის ინვესტიციის გარეშე.
- ადვილია დასაწყებად – ელექტრონული კომერციის ბიზნესის მართვა ბევრად უფრო ადვილია, როცა ფიზიკურ პროდუქტებთან არ გიწევს საქმე. თქვენ არ მოგიწევთ ნერვიულობა ისეთ რამეებზე, როგორებიცაა: საწყობის მართვა ან იჯარის გადახდა, შეკვეთების შეფუთვა და მიწოდება, მარაგის რაოდენობის მართვა და სხვა.
- მოქნილი მდებარეობა და ფართო არჩევანი – dropshipping-ით, წარმატებული ბიზნესის მართვა შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი ადგილიდან ინტერნეტით. ამასთან, იმის გამო, რომ წინასწარ არ ყიდულობთ გასაყიდ საქონელს, თქვენს პოტენციურ მომხმარებლებს შეგიძლიათ ტენდენციური პროდუქტების მთელი რიგი შესთავაზოთ.
- უფრო ადვილია მასშტაბირება – ტრადიციული საცალო ბიზნესით, თუ თქვენ მიიღებთ სამჯერ მეტი შეკვეთის რაოდენობას, ჩვეულებრივ მოგიწევთ სამჯერ მეტი სამუშაოს შესრულება. dropshipping მომწოდებლების გამოყენებით კი, დამატებითი შეკვეთების დასამუშავებლად სამუშაოს უმეტესი ნაწილი შესრულდება მომწოდებლების მიერ, რაც საშუალებას მოგცემთ გააფართოოთ ბიზნესი.
dropshipping-ის ნაკლოვანებები
ყველა უპირატესობა, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ, dropshipping-ს მიმზიდველ მოდელად აქცევს, თუმცა როგორც ყველა მიდგომას, dropshipping-საც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები.
დაბალი მოგება და მაღალი კონკურენცია ერთ-ერთია ამ ნაკლოვანებებს შორის. იმის გამო, რომ ამ ბიზნესის დაწყება მარტივია, ბევრი კონკურენტი ბიზნესი შექმნის dropshipping მაღაზიას და გაყიდის საქონელს ყველაზე დაბალი ფასებით, რათა გაზარდოს შემოსავალი.
მიწოდების სირთულეები
თუ თქვენ მუშაობთ მრავალ მომწოდებელთან – როგორც ამას აკეთებს dropshippers-ის უმეტესობა, თქვენს ონლაინ მაღაზიაში არსებული პროდუქტები მიიღება სხვადასხვა dropshipper-ის მეშვეობით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ გაქვთ კონტროლი მიწოდების ჯაჭვზე. ასევე ხშირია მიმწოდებლის დაშვებული შეცდომები, რომლებიც ხშირად თქვენ დაგბრალდებათ, რადგან მომხმარებელს თქვენთან აქვს კომუნიკაცია და არა მიმწოდებელთან.
დიახ, dropshipping-ს გააჩნია მთელი რიგი თავისებურებები, მაგრამ მაგ ლოგიკით, ნებისმიერი ბიზნესის შემთხვევაში გიწევთ რისკების გათვლა, ამიტომ თუ დაინტერესდებით მსგავსი საქმიანობით, შეგიძლიათ, მეტი გაიგოთ მის შესახებ და ცადოთ. ყოველ შემთხვევაში, მთავარი უპირატესობა ის აქვს, რომ ნაკლები დანაკარგებით მუშაობთ.











