მობილური მოწყობილობების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მოდელები თხელდება და ფუნქციები ემატება. პლასტიკური SIM ბარათიც კი, რომელიც თავის დროზე „გასაშლელი“ და „ლიფტიანი“ ტელეფონებისთვის შეიქმნა, სრულად ტრანსფორმირდა, გაციფრულდა და ახალი თაობის ტელეფონის მოდელებში სქემად ჩაშენდა. iPhone, iPad ან Android-ის სისტემის მოწყობილობებზე დღეს eSIM-ით აქტიურდება ნომერი და უფრო მეტი უპირატესობა გააჩნია, ვიდრე ტრადიციულ სიმს.
როგორია eSIM

eSIM მობილურ ტელეფონში ჩაშენებული სქემაა, რომელზედაც შესაძლებელია ნომრის გააქტიურება და მომენტალურად ქსელში ჩართვა. ის ორჯერ პატარაა ნანო SIM-ზე, მუშაობს იგივე ქსელის პირობებში, გაცილებით მეტი შესაძლებლობით და დაცულობით.
ფიზიკურად eSIM-ს ვერ დაინახავთ, რადგან მოდული ვირტუალურია და სმარტფონის სქემაშია ჩამონტაჟებული. მასზე გააქტიურებული ნომრის ცვლა პროგრამულად ხდება და არ საჭიროებს მობილური ოპერატორის მომსახურების ცენტრში ვიზიტს.
ოფისში მიუსვლელად, QR კოდის გამოყენებით შეძლებთ, ერთ სმარტფონში 5 eSIM ნომერი გაიაქტიუროთ, პირდაპირ საიტიდან ჩაერთოთ ქსელში, ისარგებლოთ ერთი ან რამდენიმე ციფრული ნომრით. ასევე, შესაძლებელია ფიზიკური სიმ ბარათიც გქონდეთ და დამატებით eSIM ჩაირთოთ მეორე ნომრად. eSIM განკუთვნილია არამარტო სმარტფონებისთვის, არამედ თავსებადია ისეთი გაჯეტებთანაც, როგორიცაა ჭკვიანი საათი. თანაც, eSIM იმახსოვრებს გაცილებით მეტ კონტაქტს, ვიდრე სტანდარტული SIM ბარათი.
ერთი, ორი და ხუთი სხვადასხვა ნომრის ჩატვირთვა ერთ სმარტფონში და ნომრიდან ნომერზე მომენტალურად გადასვლა, მხოლოდ eSIM-ის პირობებშია შესაძლებელი.
როგორ ჩავირთო eSIM
მართალია, ყველა ტელეფონს არ გააჩნია eSIM მხარდაჭერა, თუმცა ახალი თაობის მოდელების უმეტესობაში ჩაშენებულია ციფრული ნომრის შესაბამისი სქემა. შერჩევისას მახასიათებლებში ამოიკითხავთ, აქვს თუ არა ციფრული ჩიპი მოწყობილობას. ერთ სმარტფონი 5-8 eSIM ბარათს იტევს — რაოდენობა დამოკიდებულია მოდელზე.
eSIM-ის გააქტიურებამდე გაარკვიეთ, მხარდაჭერილია თუ არა eSIM თქვენთვის სასურველი ოპერატორის ქსელში. საქართველოში მოქმედ მობილურ კომპანიებს შესაბამისი მომსახურება გააჩნია და ისინი მომხმარებლებს ვირტუალური ნომრის გააქტიურებას სხვადასხვა პირობით სთავაზობენ. თუ სხვა ქვეყნის ვირტუალურ ნომერს იაქტიურებთ, აქაც საქმეს გაგიმარტივებთ eSIM-ის უნივერსალურობა, რადგან ყველა ოპერატორის ქსელთან ერთნაირად თავსებადია ციფრული მოდული.
ქსელში ჩართვის სიმარტივე eSIM-ის დამატებითი უპირატესობაა. ოფისში მიუსვლელად რეგისტრაციას ვებგვერდზე გადიხართ. ნომერს ირჩევთ ან არსებულს „აციფრულებთ“. თქვენს სმარტფონში გააქტიურებაც მყისიერად ხდება.
თუ ტრადიციული SIM ბარათის ჩანაცვლებას აპირებთ eSIM-ით, სასურველია, შენახული კონტაქტები, შეტყობინებები და სხვა მედია ფაილები მოწყობილობის მეხსიერებაში გადაიტანოთ ან საიმედო „ღრუბელში“ შეინახოთ.
eSIM გააქტიურება iOS-სთვის: თუ უკვე დარწმუნდით, რომ თქვენს სმარტფონს eSIM-ის მხარდაჭერა აქვს, ირჩევთ ნომერს, ან გადაგყავთ უკვე არსებული ტრადიციული SIM ციფრულ მოდულზე. ტელეფონის Setting-ებში ირჩევთ „Mobile Data“-ს, შემდეგ „Add Data Plan“ კატეგორიას. ასკანერებთ QR კოდს, რომელიც მიიღეთ eSim-ის შეძენის შემდეგ. მიჰყევით ეკრანზე ასახულ მარტივ ინსტრუქციებს. eSim-ის გააქტიურების შემდეგ, ზუსტად ისევე შეძლებთ მის გამოყენებას, როგორც ფიზიკურ SIM ბარათის შემთხვევაში.
eSIM გააქტიურება Android-ისთვის: თუ თქვენს სმარტფონს აქვს eSIM-ის მხარდაჭერა, შეიძინეთ მისთვის ნომერი ონლაინ, პირდაპირ ვებგვერდიდან. მობილურის Setting-ებში აირჩიეთ „Network & Internet“, შემდეგ „Mobile Network“. გადადით კატეგორია „Advanced“-ში და შემდეგ „Carrier“. აირჩიეთ „Add Carrier“, დაასკანერეთ QR კოდი, რომელიც მიიღეთ eSim-ის შეძენის შემდეგ ან შეიყვანეთ მონაცემები ხელით. QR კოდის დასკანერების შემდეგ მიჰყევით მარტივ ინსტრუქციებს. სულ ესაა, eSim თქვენს სმარტფონშია!
აქტუალური მოდელები eSIM-ისთვის
iPhone-ს და უკვე Android-ის მოდელების უმრავლესობას eSIM-ის მხარდაჭერა აქვს. ციფრული ჩიპი გააჩნია iPhone SE, iPhone 11, XS, XR, 12 და 13 მოდელებს, რაც შეეხება iPhone 14-ს, სრულად eSIM-ზე მუშაობს. ამ მოდელზე 8 ციფრული ნომერი შეგიძლიათ იქონიოთ. თუმცა ერთდროულად მხოლოდ ორ ნომერს გამოიყენებთ. დანარჩენ ნომრებს შეინახავთ როგორც პროფილს, რათა საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად გადახვიდეთ ნომრიდან ნომერზე.
ზოგიერთი მოდელი იტევს SIM-ბარათს და eSIM-ს, ასევე რამდენიმე eSIM-ს ერთდროულად.
აი, ტელეფონის მოდელების არასრული ჩამონათვალი:
- iPhone XS, XS Max, XR, 11, 11 Pro, 11 Pro Max iOS 12.1-დან;
- iPad Air 3, iPad Pro 3, iPad Mini 5 iOS 12.1-დან;
- Google Pixel 3 Android 10-დან;
- Samsung Galaxy S20, S20+, S20 Ultra.
eSIM-ის ჩიპი თავსებადია ისეთ გაჯეტზე, როგორიცაა Apple Watch.
როგორ მუშაობს eSIM და SIM ერთად

თუ ნანო SIM მიზერულად გეჩვენებოდათ, eSIM კიდევ უფრო მინიატიურულ სივრცეს იკავებს თქვენს სმარტფონში, რაც უთავისუფლებს ადგილს სხვა სქემებს და მოდულებს, რათა ახალი თაობის მობილური უფრო მრავალფუნქციური გახდეს.
ნებისმიერი ოპერატორის ქსელში eSIM-ის გააქტიურება შეგიძლიათ ცალკე ან ფიზიკურ სიმბარათთან ერთად. შესაბამისად, ერთ ტელეფონში ორი ან მეტი ნომრით ერთდროულად სარგებლობა. ეს საშუალებას მოგცემთ, ნომერი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენოთ: სამსახურებრივი, პირადი თუ სამოგზაურო მიზნით. eSIM და SIM ერთად იგივე პრინციპით მუშაობს, როგორც ტრადიციული ორბარათიანი მოდელები. თავის დროზე, ორბარათიანი მობილური ტელეფონის პოპულარობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: მომხმარებლები ორ სხვადასხვა ნომერს იაქტიურებდნენ, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა სატარიფო პაკეტით და შეთავაზებით სარგებლობდნენ.
eSIM-ის და SIM-ის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, ასევე შეძლებთ, სხვადასხვა მისია დააკისროთ ბარათებს: სტანდარტული SIM- ზარების და შეტყობინებების მისაღებად გამოიყენოთ, ვირტუალური ბარათით კი მხოლოდ ინტერნეტით ისარგებლოთ.
მომენტალური აქტივაცია და დისტანციურად ქსელში ჩართვის შესაძლებლობა უპირატესობას ანიჭებს eSIM სტანდარტს. ამიტომაც, მომხმარებელს, რომლის სმარტფონს eSIM-ის მხარდაჭერაც აქვს, უმარტივდება ნომრის ცვლა ან დამატება.
eSIM როუმინგის პირობებში
როცა ქვეყნიდან გადიხართ და გსურთ დაიტოვოთ ნომერი მობილურში, eSIM საუკეთესო გადაწყვეტილებაა. როუმინგის პირობებში კვლავაც მიიღებთ სმს-ებს, ზარებს, საბანკო კოდებს თუ სხვა შეტყობინებებს. თანაც, თავიდან აიცილებთ სმარტფონიდან უპატარავესი ფიზიკური ჩიპის ჩადება-ამოღების, ბარათის დაკარგვის და შემდეგ ნერვიულობის რუტინას.
თუ აირჩევთ eSIM-ს, საზღვარგარეთ მოგზაურობისას ან მივლინებისას, აღარ მოგიწევთ ფიზიკური სიმბარათის თან ტარება. 190 ქვეყანასა და რეგიონში, პირდაპირ ტელეფონის პარამეტრებიდან, სწრაფად შეძლებთ გადაერთოთ ადგილობრივი ოპერატორის ქსელში. შესაძლოა, ეს ძალიან მოსახერხებელი იყოს მათთვის, ვინც ხშირად სტუმრობს ერთი და იმავე ქვეყანას, რადგან ერთხელ გააქტიურებულ ნომერს მარტივად შეინახავს, როგორც პროფილს და საზღვრის გადაკვეთისთანავე ოპერატიულად გადავა eSIM-ზე.
საზღვარგარეთ სამსახურებრივი ვიზიტებისას თუ პირადი მოგზაურობისთვის, შესაძლოა, დაგჭირდეთ სხვადასხვა ოპერატორის ქსელში ჩართული ნომრები, რომლებსაც განსხვავებული მიზნებით გამოიყენებთ. ამისათვის შესაბამისი სმარტფონით აღიჭურვეთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი ტელეფონი რამდენიმე ასეთ ციფრულ ნომერს იტევს, მოგზაურს შეეძლება, ნომრები ერთმანეთისგან განსხვავებული პირობით ჩაირთოს. ცნობილი ფლაგმანები 5-დან 8 ვირტუალურ ნომრამდე ზრდიან მობილური ტელეფონების შესაძლებლობებს.
დაცულობა და უსაფრთხოება
ფიზიკური SIM-ისგან განსხვავებით, ციფრული ბარათით სარგებლობა უსაფრთხოების კუთხითაც მეტ დაცულობას უქმნის მომხმარებელს. რადგან eSIM ჩაშენებულია პირდაპირ მობილურში და პროგრამულად უკავშირდება ოპერატორის ქსელს, მისი დაკარგვა ან დაზიანება შეუძლებელია, რა თქმა უნდა, თუ თავად სმარტფონი არ დაზიანდა.
მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში, eSIM-ს, თავის სმარტფონიანად, ძალიან მარტივად დაბლოკავთ ან მიაგნებთ. ასევე, მარტივია ციფრული ნომრის აღდგენა, ისევ დისტანციურად, QR კოდის გამოყენებით. ბოროტმოქმედებს გაუჭირდებათ თქვენს საბანკო თუ სხვა სერვისებსა და ინფორმაციებზე წვდომის მიღება. ეს და კიდევ რამდენიმე ფაქტორი განასხვავებს პლასტიკურ SIM ბარათს ციფრული eSIM-ისგან.
თქვენი SIM დიდი მოცულობის მონაცემს ინახავს, მათ შორის კონტაქტებს, შეტყობინებებს. მის გარეშე მონაცემთა გაცვლა და მომსახურების პაკეტის გააქტიურება შეუძლებელია. eSIM ციფრულია, უსაფრთხოების უფრო მაღალი სტანდარტის მატარებელი — დაცულია პაროლით ან ბიომეტრიული აუტენტიფიკაციით.
სმარტფონის მოპარვის შემთხვევაში, ფიზიკურად ვერავინ შეძლებს, ამოიღოს და გაანადგუროს ნომერი, მაგრამ შესაძლებელია eSIM-მა გაპოვნინოთ მისი ადგილმდებარეობა უფრო სწრაფად.
ცნობილია, რომ მტვრის ნაწილაკები და წყლის წვეთები მნიშვნელოვნად აზიანებს მოწყობილობას. ფიზიკური SIM-იც ხშირად გამხდარა სხვადასხვა რისკფაქტორის მსხვერპლი. მიზეზები ყურსასმენების, USB თუ სხვა მსგავსი პორტებით გამორჩეულ სმარტფონებში უნდა ვეძებოთ. ამ მხრივ გაჯეტები, ციფრული ნომრის მხარდაჭერით, უფრო გამძლეა, რადგან eSIM-იან სმარტფონს ნაკლები პორტი აქვს, SIM-ბარათის სივრცის გამოთავისუფლების ხარჯზე, სენსორი და აკუმულატორი — უფრო მოცულობითი და მძლავრი, რაც მოწყობილობის „დღეგრძელობის“ გარანტია.
იმ მომხმარებლებს, რომლებსაც არ სურთ, გარემოებებზე იყვნენ დამოკიდებულნი და ყოველთვის ჰქონდეთ შესაძლებლობა, დარჩნენ ონლაინ, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, eSIM ძალიან პრაქტიკული, მოსახერხებელი და ტრენდული გადაწყვეტილებაა. მით უფრო, რომ მისი მომსახურების არეალი დღითიდღე ფართოვდება ყველა კონტინენტზე და ამ სულ უფრო მზარდი ტენდენციისა და ციფრული უნივერსალურობის პირობებში, eSIM-ის თითოეულ მომხმარებელს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.
[R]










