in

რა არის გონივრული ჭამა და როგორ უნდა შევძლოთ ის?

გონივრული კვება საკვებზე განსაკუთრებულ ფოკუსირებასა და ზოგადად კვებისადმი ყურადღების მიპყრობას გულისხმობს. ყველაფერი ეს არც თუ ისე მარტივია იმ ცხოვრების რეჟიმში, რომელშიც დღესდღეობით ვიმყოფებით. შეიძლება სრულიადაც არ გვქონდეს დრო საიმისოდ, რომ დღის განმავლობაში ყველა კვება მოვასწროთ, ან ზოგადად საკვების მიღებას 5 წუთზე მეტი დავუთმოთ.. თუმცა, რეალურად, ის, თუ როგორ ვიკვებებით, მნიშვნელოვნად მოქმედებს როგორც ჩვენს სხეულზე, ისე – გონებაზე.

ამ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ უნდა შევძლოთ გონივრული კვება.

1. სხეულის სიგნალების გათვალისწინება

როდესაც ჩვენ სწრაფად ვიკვებებით, ჩვენი სხეული ყოველთვის გვაძლევს სიგნალს, რომ მას მეტი აღარ ესაჭიროება, თუმცა, ხშირად, მაინც ვაგრძელებთ ჭამას. ასეთ შემთხვევაში, კვების შენელება არის ერთ -ერთი საუკეთესო გზა. სხეული, რეალურად, აგზავნის სიგნალს ჭამიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, რის გამოც ჩვენ მანამდე ხშირად არაცნობიერად ვჭამთ. მაგრამ თუკი შევამცირებთ სიჩქარეს, შევძლებთ მივცეთ  სხეულს შანსი, მოისმინოს სიგნალები და სწორი რაოდენობის საკვები მიიღოს.

2. კვებისას მოუსმინეთ სხეულს და არა – ემოციებს

ხშირად ხდება ისე, რომ ჩვენს კვებას ემოციები განაპირობებენ. მაგალითად, როდესაც მოწყენილები ვართ, როდესაც რაღაც გვაწუხებს, ემოციები გვიბიძგებენ, ჩვენი ეს შეგრძნებები კვებაში გადავიტანოთ. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც ჩვენს სხეულს სულაც არ აქვს კვების მოთხოვნილება. ამიტომაც, როდესაც უეცრად ჭამა მოგინდებათ, კარგად დაფიქრდით, რა განაპირობებს მას.

3. იკვებეთ ორგანიზებულად და სხვებთან ერთად

ხშირად, როდესაც არეული სამუშაო გრაფიკი გვაქვს, უწესრიგოდ გვიწევს კვება – მნიშვნელობას აღარ ვაქცევთ, კონტეინერიდან შევჭამთ, თუ თეფშიდან, ხელით შევჭამთ თუ ჩანგლით და ა.შ რეალურად კი, ის, თუ რამდენად ორგანიზებულად ვიკვებებით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს სხეულზე. ასევე, კარგი იქნება, თუკი კვებისას პარტნიორი გეყოლებათ, ასეთ შემთხვევაში, კვების პროცესი უფრო სასიამოვნო გახდება და ჭამის პროცესში მხოლოდ თქვენს ფიქრებთან დარჩენა არ მოგიწევთ.

4. იკვებეთ იმ პროდუქტებით, რაც ჯანსაღია და არა – კომფორტული

ზემოხსენებული რეჟიმის გამო, ხშირად იმით ვიკვებებით, რაც ხელში მოგვხვდება და დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ, თუ რამდენად სასარგებლოა ის ჩვენი სხეულისთვის. ამის კარგი მაგალითია სწრაფი კვება, რომელიც დროს საგრძნობლად გვიზოგავს. თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ საკვების შერჩევაზე დროის დათმობა და მისი სიჯანსაღისთვის ყურადღების მიქცევა ორგანიზმზე კარგად იმოქმედებს.

5. იკვებეთ ფოკუსირებულად

არ ჭამოთ მხოლოდ იმიტომ, რომ უნდა ჭამოთ. იკვებეთ ფოკუსირებულად, ეს იმას ნიშნავს, რომ ჭამის დროს ყურადღება საკვებზე გაამახვილოთ. დღესდღეობით ხშირად ისე ხდება, რომ თან ვჭამთ, თან მობილურში საქმეებს ვარკვევთ ან უბრალოდ “ვსქროლავთ”. ეს ყველაფერი აისახება ჩვენს სხეულზე – მას ცოტა ხნის მერე ავიწყდება, რომ უკვე ჭამა და მალევე უნდება მომდევნო კვება. შეეცადეთ, თქვენმა სხეულმა შეირგოს ის, რითიც იკვებება.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე ვიდეორგოლები იქმნება

მეცნიერებმა ლუდის ათიათასობით განსხვავებული მოლეკულა აღმოაჩინეს!