დღესდღეობით ჩვენ ხშირად გვესმის სიტყვები: ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი”. ყველა მოგვიწოდებს, რომ ამ წესს მივყვეთ და იმაზე ჯანსაღად ვიცხოვროთ, ვიდრე ახლა ვცხოვრობთ. თუმცა ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რას მოიცავს ეს სიტყვათა შეთანხმება და რა არის მისი ძირითადი პრინციპები. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში გადავწყვიტეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესის შინაარსზე გესაუბროთ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 1946 წელს განსაზღვრა ,,ჯანმრთელობა”, როგორც ფსიქიკური, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობის ერთობლიობა. შესაბამისად, ეს ცნება არ ნიშნავს მხოლოდ დაავადების არარსებობას.
ვიკიპედია, ჯანსაღი ცხოვრების წესის განსაზღვრაში, ადამიანის მიერ არჩეულ ცხოვრების გზაზე ორიენტირდება. ამაში შედის არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვება, არამედ სოციალური ურთიერთობები, მომხმარებლობა, გართობა, ჩაცმა და ა.შ. ცხოვრების წესი, ზოგადად, ასახავს ინდივიდის დამოკიდებულებებსა და ღირებულებებს.
ჯანსაღი ცხოვრების წესი ხასიათდება, როგორც ,,დაბალანსებული ცხოვრება”, რომელშიც ადამიანი აკეთებს გონივრულ არჩევანს. აქედან გამომდინარე, მისი საბოლოო განმარტება შემდეგია: ინდივიდების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე და მასზე თავად ინდივიდებს სრული კონტროლი აქვთ.

ჯანსაღი ცხოვრების წესი მოიცავს:
ფიზიკურ კეთილდღეობას:
- სწორი კვება
- ფიზიკური დატვირთვა, სასარგებლო ვარჯიშები
- ადეკვატური განტვირთვა
- სტრესის სწორი მართვა
ემოციური კეთილდღეობა:
- თვითდახმარების უნარის გაძლიერება
- პოზიტიური აზრები და დამოკიდებულებები
- სულიერი კეთილდღეობა
- შინაგანი სიმშვიდე
- შინაგანი ცოდნისადმი ნდობა
- შემოქმედებითი უნარების განვითარება
ასევე, საჭიროა, მიიღოთ და გასცეთ:
- სიყვარული და თანაგრძნობა
- პატიება
- სიცილი
- მხიარული ურთიერთობები საკუთარ თავთან და სხვებთან
ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის პრობლემების ასარიდებლად, ცხოვრებისეული სტრესის დაძლევასა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც ასახავს, რომ ჩვენი ცხოვრების სტილი დიდ როლს ასრულებს იმაში, თუ რამდენად ჯანმრთელები ვართ. ის, თუ რას ვჭამთ და ვსვამთ, რამდენს ვვარჯიშობთ და ვეწევით, გავლენას ახდენს ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. გულის დაავადებები, კიბო, დიაბეტი, სახსრებისა და ფსიქიკური დაავადებები ხშირად სწორედ არაჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგად ვითარდება. ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის თავიდან აცილება, ან მინიმუმ, მათი გადადება, ჯანსაღი ცხოვრების წესით შესაძლებელია.
ჯანსაღად კვება
სწორი კვება აუცილებელია. თქვენი სხეული ყოველდღიურად მოითხოვს დაბალანსებულ კვებას, რათა შეინარჩუნოს ადეკვატური რაოდენობით ვიტამინები, საკვები ნივთიერებები და მინერალები ჯანმრთელი სხეულის შესანარჩუნებლად.
რეკომენდაციების მიხედვით, ჯანმრთელი ადამიანის ყოველდღიური საკვების ნახევარს ბოსტნეული (დაახლ. 30%) და ხილი (დაახლ. 20%) უნდა შეადგენდეს; მარცვლეული პროდუქტების ხვედრითი წილი დღიურ ნორმაში 30%-ია, ხოლო დანარჩენი 20% ცილოვანი პროდუქტებით უნდა შეივსოს. ასევე, რეკომენდებულია რძის პროდუქტების ყოველდღიურად მიღება.

აქტიური ცხოვრების წესი
საამისოდ ფიტნესი თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა გახადოთ. ფიზიკური ფიტნესი აკონტროლებს თქვენს წონას, აუმჯობესებს ძილის რეჟიმს, ხელს უშლის გულის შეტევებს, ინსულტის რისკსა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს. ზოგადად კი, ახანგრძლივებს თქვენს სიცოცხლეს.
სტრესის მართვა
ემოციური სტრესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრავალი დაავადების დროს, როგორც პირდაპირ, ისე – ირიბად. ადამიანები სტრესის დროს უფრო ხშირად ეწევიან, იკვებებიან ზედმეტად, ბევრს სვამენ, ზედმეტად შრომობენ, ედავებიან სხვებს და ა.შ. ამრიგად, სტრესის მართვა ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია და მისი მიღწევა მედიტაციითა და განტვირთვის სხვადასხვა ტექნიკითაა შესაძლებელი. მის დაძლევას, ასევე, ხელს უწყობს ფიზიკური აქტივობაც.
იმეგობრეთ საკუთარ თავთან
საკუთარი თავის სიყვარული ჯანსაღი, ბედნიერი ცხოვრების წესის გასაღებია. თვითშეფასება არის ის, თუ რამდენად აფასებს და ბედნიერია ადამიანი საკუთარი თავით. თვითშეფასება მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს კეთილდღეობაზე.
გააძლიერეთ თქვენი გონება და სხეული
წარმატების მისაღწევად გაწერეთ თქვენს გონებაში პროგრამა. განავითარეთ სამომავლო ხედვა, რომელიც თქვენთვის სასურველ მომავალზე ორიენტირდება. იფიქრეთ ამ მომავალზე და შემატეთ თავს მოტივაცია, იყოთ უფრო წარმატებული. დაანახეთ თქვენს თავს, რა შეგიძლიათ. საკუთარ ფიქრებზე კონტროლის დამყარებით, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენთ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
და ბოლოს, იფიქრეთ ბალანსზე. ჩვენი ცხოვრების თითოეული სფერო მნიშვნელოვან კავშირშია და ურთიერთქმედებს ერთმანეთთან. ამიტომ ეცადეთ, თითოეულ სფეროში მეტ-ნაკლებ კეთილდღეობას მიაღწიოთ. ამას კი აუცილებლად შეძლებთ: აქტიური ცხოვრების წესით, სოციალური ურთიერთობების დალაგებით, საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობითა და ყველა იმ ინსტრუმენტით, რაზეც ზემოთ მოგითხრეთ.
რუბრიკას ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ PSP














