in

რამდენად კარგად გვესმის, რა არის კონტენტი და მისი მენეჯმენტი?

შეიძლება გაგეცინოთ, როცა სათაურს შეხედავთ, რადგან ამ გაგანია ციფრულ ეპოქაში, სადაც დიდი თუ პატარა სიტყვა „კონტენტს” ახსენებს შვიდივე ბრუნვაში, თითქოს ყველამ შესანიშნავად იცის მისი მნიშვნელობაც და გამოყენებაც, თუმცა, როცა საქმე საქმეზე მიდგება ხოლმე და ვინმეს ვთხოვთ, ზუსტად აგვიხსნას, რა შედის, მაგალითად, კონტენტ მენეჯერის მოვალეობებში, ვხედავთ, რომ ყველა სხვადასხვა მოსაზრებას აფიქსირებს. ამას ამტკიცებს დასაქმების გვერდებზე განთავსებული ვაკანსიებიც. 

მაინც რას ნიშნავს კონტენტის შექმნა და ვინ არის ის ადამიანი, ვინც მის მენეჯმენტს აკეთებს? ფაქტია, რომ დღეს ამ პოზიციაზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა, რადგან ყველას სჭირდება მოწესრიგებული და გამართული შინაარსი, მაგრამ რას გულისხმობს ეს მოთხოვნები და რატომ ვერ ემთხვევა ზოგჯერ მოლოდინი რეალობას, ეს საკითხი დასაფიქრებელია და ბევრი ფიქრის ნაცვლად, გადავწყვიტეთ, კომპეტენტური პირისგან გაგვეგო.

სტატიის სტუმარია ლიანა მეტრეველი, კომპანია Eserti Content Studio-ს დამფუძნებელი და ლექტორი კონტენტ მენეჯმენტის მიმართულებით. ის გვიხსნის, რომ კონტენტ მენეჯერი მარკეტინგისა და კრეატივის სფეროს წარმომადგენელია, ამიტომ მან, პირველ რიგში, კარგად უნდა ისწავლოს სოციალური მედია, ხოლო მისი გუნდი შედგება ქოფირაითერის, დიზაინერისა და რეკლამის სპეციალისტისგან (ედვერთაიზერის). ხშირად ამ ყველაფერს ერთ ადამიანში აერთიანებენ და კონტენტ მენეჯერს სთხოვენ, რაც არასწორია, რადგან ეს 4 განსხვავებული სპეციალობაა.

M: კონტენტ მენეჯმენტის ვაკანსიებში, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას უდევს ხოლმე, ხშირად ვნახულობთ მოვალეობების განსხვავებულ აღწერას. რა ევალება სინამდვილეში კონტენტ მენეჯერს და რა – არა?

კონტენტ მენეჯმენტი, თავისთავად, მრავალფეროვანი სფეროა, რომლის მთავარი ხიბლიც სწორედ ეს არის. სხვადასხვა კომპანიის სტრუქტურული მოწყობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ხშირად განსხვავებული მოვალეობების ჩამონათვალი გვხვდება ხოლმე ერთი და იმავე, მსგავს ვაკანსიაზე. მთავარია, მოვალეობები არ იყოს არარელევანტური, 3 სხვადასხვა მიმართულების ერთ კადრში თავმოყრა, რაც უმეტესად ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით ხდება. 

კონტენტ მენეჯერის მოვალეობებში ძირითადად შედის: კომპანიისთვის/ბრენდისთვის საკომუნიკაციო მიმართულებების შედგენა, კონცეფციის შექმნა, კონტენტ კამპანიების დაგეგმვა, რომელიც თავისთავად, მოიცავს ფოტოგრაფების, დიზაინერების, კონტენტ კრეატორების, ედვერთაიზერების გუნდთან ერთად მუშაობას. ამ პროფესიის ადამიანი უნდა იცნობდეს თითოეულ სოციალურ მედიას, თავად იყენებდეს, იცოდეს არხის კონკრეტული კომპანიისთვის/პროდუქტის შესაბამისობა და მედიის ფუნქციების სწორად მისადაგება სხვადასხვა ბრენდთან.

M: რა არის ის მთავარი უნარი, რაც უნდა ჰქონდეს კონტენტ მენეჯერს?

კარგი კონტენტ კრეატორის მთავარი ღირებულება ცნობისმოყვარეობაა. თუ ინფორმაციის მისაღებად მზად ხარ და ბევრი, სხვადასხვა სფეროთი შეგიძლია დაინტერესება, შენი გონებაც უფრო მრავალფეროვნად, საინტერესოდ და გამორჩეულად მიუდგება კონტენტ მენეჯმენტს, როგორც პროფესიას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ერკვეოდე კონტენტ კამპანიების მოფიქრება/დაგეგმვა/აღსრულებაში, რადგან ეს კონტენტ მენეჯერის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

M: არის თუ არა განსხვავება კრეატიულ სააგენტოში ამ პოზიციაზე მუშაობასა და კერძო კომპანიაში მუშაობას შორის?

დიახ, რა თქმა უნდა. ზოგადად, კონტენტ მენეჯმენტის ბევრნაირად ინტერპრეტირება შეიძლება, აქედან გამომდინარე, კერძო კომპანიაში თუ სააგენტოში, ბუნებრივია, სხვადასხვა სპეციფიკაა. მთავარი განსხვავება საქმის შესრულების ეთიკის, თავისუფლების, გაბედულობის, შესაძლებლობების და მრავალფეროვნების ნაწილშია. თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ტიპის სამსახურში, კონტენტ კრეატორს ჰქონდეს უფლება, დაუშვას შეცდომა და არ ეშინოდეს საქმესთან მიბრუნების. 

M: შეუძლია თუ არა კონტენტ მენეჯერს ფრილანსერობა და შესაძლებელია თუ არა ამ სპეციალობით საქართველოდან უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობა ?

საბედნიეროდ, დღეს ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია ფრილანსერობა, მათ შორის, კონტენტ მენეჯერს; მთავარია, შეგვეძლოს საკუთარი თავის წარმოჩენა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა, სოციალიზაცია, ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის ჩვენი თავის, როგორც კონტენტ კრეატორის, შეთავაზება. ფრილანსერობისთვის კარგი საწყისია Passion Project-ების შექმნა და სხვებისთვის გაცნობა, რადგან ამ დროს ყველაზე კარგად ახერხებ ადამიანი, რომ საკუთარი შესაძლებლობები, რეალური ინტერესები გამოავლინო. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობა, მათთან სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით დაკავშირება.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„ყველაზე შავის“ შემქმნელმა ბარბის ვარდისფრის კონკურენტი შეიმუშავა

დღევანდელი რეალობა, როგორც კომპიუტერული სიმულაცია — Schwer