მეტავერსი არის მუდმივი, ონლაინ, 3D სამყაროს კონცეფცია, რომელიც აერთიანებს მრავალ განსხვავებულ ვირტუალურ სივრცეს. ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, წარმოსახვით სამყაროში იცხოვრონ, იმუშაონ და ერთმანეთს შეხვდნენ.
ზოგიერთი პლატფორმა უკვე შეიცავს მეტავერსის მსგავს ელემენტების. მაგალითად, ვიდეო თამაშები უახლეს მეტავერსიულ გამოცდილებას გვთვაზობს — დეველოპერებმა უკვე გადალახეს საზღვრები, თამაშშიდა ღონისძიებების მასპინძლობისა და ვირტუალური ეკონომიკის შექმნით. მათ შორისაა Epic Games-ის Fortnite.
სერიოზულად, რას ნიშნავს მეტავერსი?
თუ ეს ტერმინი თქვენთვის მაინც ძალიან ბუნდოვანია, შეგიძლიათ, მის ნაცვლად “კიბერსივრცე” გამოიყენოთ — შემთხვევების 90%-ში მნიშვნელობა მაინც არ შეიცვლება, რადგან ტერმინი ნამდვილად არ ეხება რაიმე კონკრეტულ ტექნოლოგიას… არამედ, საქმე გვაქვს ფართო ცვლილებასთან, თუ როგორ ვიურთიერთქმედებთ ტექნოლოგიასთან.
ზოგადად რომ ვთქვათ, ტექნოლოგიები, რომლებიც მეტავერსს ქმნის, მოიცავს მდგრად ვირტუალურ სამყაროებსა და გაფართოებულ რეალობას. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი აერთიანებს ციფრული და ფიზიკური სამყაროს ასპექტებს. თუმცა ამ სივრცეებზე წვდომა ექსკლუზიურად VR ან AR მოწყობილობების გამოყენებას არ საჭიროებს. მაგალითად, თამაშ Fortnite-ზე წვდომა შესაძლებელია კომპიუტერების, სათამაშო კონსოლებისა და ტელეფონების საშუალებითაც კი.
ასევე, მეტავერსი ნიშნავს ციფრულ ეკონომიკას, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, შექმნან, იყიდონ და გაყიდონ საქონელი. უფრო იდეალისტური მეტავერსიული ხედვით, შესაძლებელია ვირტუალური ნივთების ერთი პლატფორმიდან მეორეზე გადატანა. მაგალითად, მეტავერსი საშუალებას მოგცემთ, შექმნათ ციფრული იდენტობა, რომელსაც ყველგან გამოიყენებთ.
ალბათ, ახლა ბევრი თქვენგანი ფიქრობს: “Fortnite-შიც ხომ შეგვიძლია მსგავსი რაღაცების გაკეთება? ანუ, მეტავერსი ესაა?”… ეს იგივეა, რომ ვთქვათ: “Google არის ინტერნეტი”. მაშინაც კი, თუ თეორიულად შეგიძლიათ Fortnite-ში დროის დიდი ნაწილი გაატაროთ სოციალიზაციაში, ნივთების ყიდვაში, სწავლასა და თამაშებში, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მეტავერსიის სრულ ასპექტებს მოიცავს. ამის საპირისპიროდ, Epic Games აშენებს მეტავერსის ნაწილებს, ისევე, როგორც “გუგლი” — ინტერნეტის.
როგორია ახლა მეტავერსი?
იმისათვის, რომ მეტავერსის მომავალი წარმოვიდგინოთ, პირველ რიგში მის აწმყოზე უნდა ვისაუბროთ. ამ ეტაპისთვის უკვე გვაქვს MMO-ები, რომლებიც ძირითადად ვირტუალურ სამყაროებს წარმოადგენს, ციფრული კონცერტები, ვიდეო ზარები, ონლაინ ავატარები და სავაჭრო პლატფორმები. შესაბამისად, იმისათვის, რომ ეს სერვისები ახალი სახით წარსდგეს მსოფლიოს წინაშე, მათში რაღაც ახალი ელემენტი უნდა იყოს.
გარდა ამისა, GameFi და “play-to-earn” მოდელები უკვე უზრუნველყოფს სტაბილურ შემოსავალს. ეს ონლაინ სამსახურები შესანიშნავი კანდიდატებია მეტავერსის მომავლისთვის, რადგან ისინი ცხადყოფს, რომ ადამიანები მზად არიან, ვირტუალურ სამყაროში გაატარონ დრო — ჩვეულებრივი ცხოვრებისა და შემოსავლის მისაღებად.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მარკ ზაკერბერგის Meta-ს გეგმებიც დისტანციური მუშაობის მხარდაჭერას და განვითარებადი ქვეყნების ხალხისთვის ფინანსური შესაძლებლობების გაუმჯობესებას უკავშირდება.
სამომავლოდ კი მეტავერსი ერთ სივრცეში გააერთიანებს ცხოვრების ყველა ასპექტს. ადამიანთა უმეტესობა უკვე მიეჩვია სახლიდან მუშაობას… ამიტომ, აღარავის გაუკვირდება, როცა მეტავერსის 3D ოფისში შეხვალთ სამუშაოდ და კოლეგების ავატარებთან დაამყარებთ კომუნიკაციას. შესაძლოა, ასეთ სამსახურში გამომუშავებული ფული უშუალოდ მეტავერსში გამოსაყენებლად იყოს განკუთვნილი.
რატომ უნდა მადარდებდეს მეტავერსი?
“დარდი” ნამდვილად არ არის სწორი სიტყვა, რომლითაც მეტავერსის საკითხს უნდა ვეხებოდეთ… ამის ნაცვლად, მინიმუმ სასიხარულოა ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომლებსაც მომავლის ციფრული სამყარო გვთავაზობს. ცვლილებები აშკარაა — ისინი აქ, ახლა, ჩვენს ირგვლივ მიმდინარეობს და თუ დროულად არ ავუწყვეთ ფეხი ამ სწრაფად მიმდინარე პროცესებს, ერთ დღესაც ისე მოულოდნელად გავიღვიძებთ მეტავერსიულ სამყაროში, რომ წარმოდგენა არ გვექნება, სად და რატომ ვართ.
საბოლოოდ, ამაზე საუბარი ძალიან ჰგავს იმის განხილვას, თუ რას ნიშნავდა “ინტერნეტი” 1970-იან წლებში — მაშინ, როცა კომუნიკაციის ახალ ფორმას ეყრებოდა საფუძველი, მაგრამ არავინ იცოდა, როგორი იქნებოდა მისი თანმდევი რეალობა. უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რამდენი მოსაზრება ტრიალებდა მაშინ ინტერნეტის ირგვლივ და მათგან რამდენი გამართლდა, რამდენი კი უბრალოდ აუსრულებელ იდეად დარჩა.
მეორე მხრივ, მეტავერსის ირგვლივ დიდი მარკეტინგული აჟიოტაჟია ატეხილი. ამას ხელს უწყობს წამყვანი კომპანიების აქტიური “მეტავერსიული” სვლები და განცხადებები, რომ მომავალში ადამიანთა უმეტესობა სწორედ მეტავერსის სამყაროში იცხოვრებს…
ავტორი: ქეთია ბელქანია