in

ადამიანებს ის სურთ, რაც სხვებს — ანუ, რა არის „მიმბაძველობითი სურვილი“?

M2
M2

ადამიანებში უფრო მეტი კონკურენციის გრძნობა არსებობს, ვიდრე წარმოგვიდგენია. კაცობრიობის ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, უამრავ ამბავს მოვისმენთ და-ძმათა მეტოქეობის შესახებ… როგორც ჩანს, არსებობს მეტოქეობის რაღაც პრინციპი, რომელიც ჩვენთან უხსოვარი დროიდან იყო. სამწუხაროდ, სხვისი მარცხი სხვისთვის სიამოვნებად იქცევა, რასაც საკმაოდ ღრმა საფუძვლები აქვს.

ლუკ ბერგისი, “Wanting: The Power of Mimetic Desire in Everyday Life”-ის ავტორი, ამ ფსიქოლოგიურ საკითხს მეტად საინტერესოდ ხსნის. როგორც თავად ამბობს, სულ რაღაც  25 წლის იყო, როდესაც ეს უცნაური პარადოქსი შენიშნა: „თუ სხვას არავის სურდა ის, რაც მე მინდოდა, ეჭვი მიჩნდებოდა, საერთოდ იყო თუ არა ეს კონკრეტული რამ რეალურად სასურველი“. ეს ეხებოდა როგორც პირად ცხოვრებას, ისე კარიერას და რესტორანში შეკვეთილ კერძსაც კი… ამ პარადოქსის აღმოჩენის შემდეგ კი ფრანგი მოაზროვნის, რენე ჟირარის იდეებს წააწყდა. ამ უკანასკნელის თანახმად, ადამიანი არის არსება, რომელმაც არ იცის, რა სურს. სწორედ ამიტომ ვაკვირდებით სხვებს, რათა მივხვდეთ, რა ღირს სურვილად…

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სურვილი მიმბაძველობითია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სხვა ადამიანის სურვილს ვასაღებთ, როგორც საკუთარს. და, როგორც წესი, არც კი გვესმის, რომ ამას ვაკეთებთ. ეს კი რეალურ პრობლემებს ქმნის — მიმბაძველობითი სურვილის დროს სხვებს ავტომატურად კონკურენტებად ან დაბრკოლებად აღვიქვამთ. თითქოს, ირგვლივ მყოფები გვეცილებიან იმის მიღებაში, რაც გვინდა.

რა თქმა უნდა, მეტოქეობა ყოველთვის ნეგატიურ პრიზმაში არ განიხილება. მაგალითად, მეჯიქ ჯონსონი ამბობს: „მეტოქეები ვიყავით, გვძულდა ერთმანეთი. ასე რომ, ლარი ბერდმა უკეთესი მოთამაშე გამხადა… და ვფიქრობ, ჩვენ ერთად გავაუმჯობესეთ NBA“. ამ პრინციპით, შესაძლოა, მეტოქეობამ ისეთი რაღაცების გაკეთებისკენ გვიბიძგოს, რაც არასდროს გაგვიკეთებია.

ნეგატიურ კონტექსტში კი მეტოქეობა გარკვეული ზღვრის გადაკვეთით გამოიხატება. მიმბაძველობითი მეტოქეობის პრობლემას სწორედ ის წარმოადგენს, რომ სხვების მტრებად დანახვას ვიწყებთ: „თუ ეს პიროვნება ჩემს გზაზე იმყოფება, თუ თვალში ეკლად მეჩხირება, სხვა გამოსავალი არ მაქვს… როგორმე უნდა მოვიშორო თავიდან“. ამგვარი მიდგომა ბევრ გადაწყვეტას მოიცავს — შესაძლოა, მისით შეპყრობილობისგან გათავისუფლება ვცადოთ. ან, პირიქით, შეურაცხყოფა მივაყენოთ და რაიმე ცუდი განზრახვა შევიმუშაოთ.

ამ ყველაფერს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ობიექტის ღირებულება სუბიექტურია, რაც სხვებთან ურთიერთობის საფუძველზე, მიმბაძველობითად განისაზღვრება. ამრიგად, ღირებულება ინტერსუბიექტურია: ყველაფერს იმის მიხედვით ვანიჭებთ მნიშვნელობას, თუ რა სურთ სხვებს.

სურვილის მოდელები კი — ანუ, ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი მიზნების ჩამოყალიბებაში ავტორიტეტებად აღვიქვამთ, ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ გარდაქმნიან ობიექტებს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, შედიხართ ტანსაცმლის მაღაზიაში და არაფერი მოგწონთ… ამ დროს კი თქვენი მეგობარი ერთი კონკრეტული პერანგით რჩება აღტაცებული. ამ დროს თქვენი წარმოდგენები იცვლება და თავადაც იწყებთ პერანგის მოწონებას. სიტუაციას კიდევ უფრო გაამძაფრებს ის ფაქტი, თუ თქვენი გადმოსახედიდან, ეს მეგობარი კარგად ერკვევა მოდის ტენდენციებში.

საბედნიეროდ, როგორც ადამიანებს, საკმარისი ძალა გვაქვს ამ ინსტინქტურ განწყობაზე ასამაღლებლად. მთავარი კი იმის გარკვევაა, რატომ გვინდა ის, რაც გვინდა? ამის მიზეზი ობექტურია თუ სუბიექტური?

უხილავი გმირები მეიჯერელის ყოველდღიურობიდან – გაიცანი მერი

როგორ ვიზრუნოთ თვალების ჯანმრთელობაზე?