სტატიას ბოლო დროის “მარადიულ კითხვაზე” პასუხის გაცემით დავიწყებთ — რა არის NFT? ხშირად ტექნიკური ენის ბარიერის გამო რთულია ადამიანებს, ვისაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე ბევრი ცოდნა არ აქვს მივაწოდოთ ინფორმაცია NFT-ის შესახებ… ამიტომ, ვეცადეთ, ყველაფერი ძალიან მარტივად აგვეხსნა. ამაში კი ლევან გელიაშვილთან, ArtUp Street Gallery-ს დამფუძნებელთან ინტერვიუც დაგვეხმარა.
NFT არის ციფრული მასალის: ფოტო, ვიდეო, აუდიო, ანიმაცია, 3D მოდელი (ობიექტი) და სხვა ამ მასალებისთვის საავტორო/ფლობის უფლების მინიჭება ბლოკჩეინის (მუდმივად მზარდი ჩანაწერების სია, სახელად “ბლოკები”, რომლებიც დაცულია კრიპტოგრაფიულად) საშუალებით. ეს შესაძლებელია სხვადასხვა პლატფორმაზე, ძალიან მარტივად, სხვადასხვა ელექტრონული საფულის დახმარებით.
როგორც ლევანი აღნიშნავს, ხშირად ჩნდება კითხვები: ფოტოს ხომ დავაკოპირებ და გადმოვიწერ, რატომ ვიყიდო NFT? და თუ ამ ფოტოს, რომელიც ავტორმა შექმნა, მოიპარავთ ინტერნეტიდან, ფლობის ოფიციალური საბუთი გექნებათ? თუ არ შეიძენთ, არა… ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ნამუშევარს ვერ გამოფენთ, გაყიდით ან თქვენი კომერციული ინტერესებისთვის ვერ გამოიყენებთ, თუ მას უფასო გამოყენების და გადაყიდვის ლიცენზია არ გააჩნია.
“ეს იგივეა, რაც სხვისი ფილმების პირატულად ყურება, მისი ირიბი გადაყიდვა სარეკლამო ჭრების განთავსებით, ან მუსიკის მოპარვა, რომელიც ოფიციალურად Spotify-ს მსგავს პლატფორმებზე დევს და მის მოსმენაში ან ფილმის ყურებაში რეალურად ფული არ გადაიხადოთ. შესაბამისად, დიდი ხანია, ციფრული ხელოვნება დიდ ფინანსურ ზიანს განიცდის. შედეგად, NFT მარტო კრიპტო მარკეტისთვის შექმნილი სავაჭრო ერთეული არ არის… ეს არის ყველა ციფრული არტისტის საშუალება, საკუთარი ნამუშევრები დაარეგისტრიროს და გაყიდოს”, — აღნიშნავს ლევანი.
ხელოვანის შემთხვევაში გადამყიდველები ვეღარ გიმალავენ რამდენად გადაიყიდა თქვენი ნამუშევარი. მაგალითად, მხატვრებს ერთჯერადად აძლევენ სურათის თანხას და მეორე მფლობელმა სულაც რომ გააძვიროს და რამდენიმე მილიონად გაყიდოს მისი ნამუშევარი, არანაირი თანხა არ შეხვდება ავტორს. NFT-ის შემთხვევაში კი თქვენ მთელი ცხოვრების მანძილზე გერიცხებათ გადაყიდვების გარკვეული % როგორც ავტორს, რადგან სხვამ თქვენი შემოქმედებით/იდეით შემოსავალი/მოგება გაიჩინა.
როგორ კეთდება NFT ნამუშევარი — რა არის ამისთვის საჭირო?
ამ კითხვასთან დაკავშირებით ერთი პასუხი არ არსებობს — გააჩნია პროექტს და პროექტისთვის გამოყოფილ ფინანსურ თუ ადამიანურ რესურსს.
თუ ხელოვანი ხართ, რომელიც 1/1 NFT ციფრულ ხელოვნებას ქმნით, თქვენი მიდგომა სოციალურ ქსელებში, პრეზენტაციებში, გამოფენებზე და ა.შ. განსხვავებული იქნება. თუმცა თუ რამდენიმეათასიანი გენერირებული NFT კოლექციას ქმნით, აქ სულ სხვა მოდელი მუშაობს — ფინანსური რესურსით, გუნდით და ცოდნით განსხვავებული. ამ შემთხვევაში მინიმუმ ერთი წევრი მაინც უნდა იყოს გუნდში, ვისაც ძალიან კარგად ესმის სხვადასხვა ტექნიკური საკითხი, ბლოკჩეინისა და აღნიშნული სფეროს შესახებ.
“ასევე, უნდა გავაცნობიეროთ, რისთვის კეთდება პროექტი, რა მიზანი აქვს, რა განვითარება ექნება და სად მოხვდება… გამოფენებზე იქნება წარმოდგენილი — მეტავერსში, ონლაინ გალერეებში თუ ფიზიკურ სივრცეში, მონიტორების დახმარებით? თუ უბრალოდ ჩაიკარგება სადღაც პლატფორმაზე ან, პირიქით, პოპულარული გახდება რაღაც ისეთი განსხვავებულობით, რომელიც სხვას არ აქვს? ასე რომ, მეტი დრო უნდა დაეთმოს პროექტის გაანალიზებას”, — განმარტავს ლევანი.
როგორია NFT-ის შექმნის ტექნიკური პროცესები?
- პირველ რიგში, იწერთ ციფრულ საფულეს (Metamask) და აყენებთ თქვენს ვებ.ბრაუზერზე.
- შეხვალთ ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ პლატფორმაზე Opensea.io და გაივლით რეგისტრაციას. პროცესი ძალიან ადვილია, როგორც ნებისმიერ სოციალურ ქსელზე რეგისტრაციისას. თუმცა არსებით განსხვავებას ის წარმოადგენს, რომ აქ პლატფორმაზე შესვლაში ციფრული საფულე გეხმარებათ, ნაცვლად ელ-ფოსტისა.
- როდესაც ყველაფერი მზად იქნება, შექმნით კოლექციას, თავისი დასახელებით და დეტალებით, ატვირთავთ ფოტოს; სპეციალურ ჩამონათვალში აირჩევთ Polygon-ს, დაადასტურებთ ატვირთვას და ყველაფერი მზადაა — ნამუშევარი უკვე NFT-ია.
რაც შეეხება პოლიგონს, ეს უფასოდ და მარტივად შექმნის საშუალებაა, თუმცა სხვა მეთოდებიც არსებობს, სხვადასხვა გადასახდით.
როგორ იფილტრება რომელი ნამუშევარია ნამდვილად ღირებული და რომელი — არა?
ღირებულება დგინდება მინიმუმ ამ კრიტერიუმებით:
- ბრუნვით (ფინანსური სარგებელი);
- ნამუშევრის ხარისხი (ხელოვნება);
- უნიკალურობა (რას მთავაზობს ამ კონკრეტული NFT-ის ფლობა);
- სამომავლო დანიშნულება (მიზანი და გამოყენება).
საქართველოში განვითარების რა ეტაპზეა NFT ხელოვნება?
როგორც ლევანი აღნიშნავს, საქართველოში ძალიან ცუდი სიტუაციაა დაგეგმარებისა და გააზრების კუთხით. “ბევრი ენთუზიაზმით სავსე ადამიანია და ეს ძალიან მაგარია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია ქმნის არასწორ მოლოდინს და, შესაბამისად, ჩავარდნილ იდეებს, ან დიდ იმედგაცრუებას. ასევე, შევამჩნიე იდეების მოპარვაც, რაც პატარა კომუნისთვის ძალიან ცუდი ტონია. ცუდი მოდელია ძალით “დაჰაიპებაც”, რადგან ამის გამო შეიძლება, სხვამ რაღაც ფინანსური რესურსი ჩადოს და დაკარგოს”.
ობიექტური შეფასებით, მსოფლიო “ჰაიპს” მინიმუმ 1 წლით ჩამოვრჩებით — ის, რაც ახლა ჩვენთან ხდება, უკვე გაიარეს სხვადასხვა ქვეყნებში. სამწუხაროდ, ჩვენთან ბევრი არ აღიქვამს NFT-ის, როგორც სრულ განაკვეთზე მუშაობის პრაქტიკას… რეალურად კი უნდა იმუშაო ისე, როგორც ძირითად სამსახურში.
გასათვალისწინებელია ფასების ასპექტიც. ძალიან ბევრი ქართველი NFT არტისტი დაბალ ფასს ადებს ნამუშევრებს, რაც არც თუ ისე საინტერესოა კოლექციონერებისთვის. არავის უნდა უმიზნო, უკონცეფციო NFT — თუ კოლექციას ან პროექტს არ აქვს მომავალი, მისი განვითარება მალევე შეწყდება. წარმოიდგინეთ, თავად იყიდით იმას, რაც არ გჭირდებათ?
საგულისხმოა, რომ სპეციალურად შეიქმნა ფეისბუქ ჯგუფი ART UP — NFT GEORGIA, სადაც საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებთ.
ავტორი: ქეთია ბელქანია