ციფრული პროდუქტები ისეთივე განუყოფელ როლს ასრულებს ჩვენს ყოველდღიურობაში როგორც წყალი, საკვები, ჰაერი და სხვა არსებობისთვის საჭირო ატრიბუტები. ჩვენი პირადი თუ საქმიანი პროცესების ციფრულად განხორციელებას იმდენად მივეჩვიეთ, რომ სხვანაირად ცხოვრებას ალბათ ვეღარც შევძლებთ. ჩვენი მოთხოვნა ამ პროდუქტებისადმი, თავისთავად ზრდის და აფართოებს ინდუსტრიას და მასში ახალი მიმართულებები, სპეციალობები ჩნდება.
ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ნებისმიერი, თუნდაც მარტივი ვებგვერდის ასაწყობად კოდის დაწერაა საჭირო, კოდს კი პროგრამისტები წერენ. ბოლო პერიოდში გამოჩნდა ახალი მიმართულება No Coding, რომელსაც უკვე პროგრამული ინჟინერიის მომავლადაც მოიხსენიებენ. პლატფორმები, რომლებიც No code პრინციპზეა აგებული, უკვე პრაქტიკულად ყველა ტიპის პროექტს ერგება და მნიშვნელოვნად ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესებს, რათა მათ მინიმალური რესურსით შეძლონ, რომ ტრანსფორმირდნენ.
თუ აქამდე გეგონათ, რომ რადგან კოდის წერა არ იცით, ციფრულ სამყაროში არაფერი გესაქმებათ, ჩვენს რესპონდენტებთან ერთად ვეცდებით, ეს აზრი შეგაცვლევინოთ.
Marketer-ს „ლივინგსტონის” და „ჯეოლაბის” პარტნიორი / დამფუძნებელი, ვახო ვახტანგიშვილი ესაუბრა:
M: პირველ რიგში, განვმარტოთ,რა არის ნოუ კოდინგი, რას მოიცავს, საიდან გაჩნდა და რამდენი ხანია?
No-Code / Low-Code ის ტერმინებია, რაც უკვე მასიურად გვხვდება mainstream media-ში იმ რწმენით, რომ სწორედ ეს ფორმატი იქნება პროგრამული ინჟინერიის მომავალი. ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ არ დაწყებულა, დაახლოებით 3 წელია რაც დაიწყო დამკვიდრება და რასაც წლები შრომა უძღვოდა წინ. ავხსნათ რა არის No-Code / Low-Code და შემდეგ უკვე კონკრეტულად ნოუკოდინგს ჩავუღრმავდეთ.
პირველი კომპიუტერული პროგრამები საკმაოდ რთული და არაინტუიციური იყო, რომლის შესწავლასაც ცოტა ადამიანი ინდომებდა. ადამიანებისთვის, კომპიუტერებისგან განსხვავებით ლოგიკის ფორმირება სიტყვებით და ლოგიკური ფრაზებით უფრო ბუნებრივია და ამიტომ დროთა განმავლობაში, რომ გამარტივებულიყო კომპიუტერებთან ურთიერთობა, ინჟინრებმა შექმნეს აბსტრაქციის ფენა, კომპიუტერული ენების სახით, რომელიც ინჟინრის ლოგიკურ მსჯელობას კომპიუტერის ენაზე თარგმნიდა. დროთა განმავლობაში მოხდა ამ ფენების დახვეწა და განვითარება ე.წ. framework-ების სახით, რაც კიდევ უფრო მარტივს და ეფექტურს ხდიდა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროცესს. No-Code / Low-Code-იც სწორედ ასეთი აბსტრაქციის ფენაა, რომლის დახმარებითაც საერთოდ არა ან ძალიან მცერედით არის საჭირო პროგრამირების ენის ცოდნა, რადგან ტექნოლოგია უკვე უზრუნველყოფს ყველა პროგრამულ ბლოკს რაც საჭიროა პროგრამული უზრუნველყოფის „ლეგოსავით“ ასაწყობად. No-Code / Low-Code წარმოადგენს სპეციალურ პლატფორმებს, რომლის დახმარებითაც სინტაქსის გარეშე, ვიზუალური ხელსაწყოების დახმარებით ხდება პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა.
M: რომელი პლატფორმები მიიჩნევა პოპულარულ No coding ხელსაწყოებად?
პრინციპში გუგლი უკვე მრავლად აბრუნებს სიას No-Code პლატფორმების, მაგრამ მე გამოვყოფდი Bubble.io-ს და appsmith-ს ვების მიმართულებიდან და Glide-ს და Adalo-ს მობილური აპების მიმართულებიდან. ასევე საინტერესო მიმართულებაა ბიზნეს პროცესების გაციფრულება და ავტომატიზაცია, რის ჭრილშიც გამოვყოფდი airtable-ს, make-ს და zappier-ს.
ეს პლატფორმები არის სრულიად დემოკრატიული და ყველასთვისაა ვისაც უბრალოდ სურს, რომ შექმნას ციფრული პროდუქტები, ვებ ან მობილური აპები ან ავტომატიზირებული ბიზნეს პროცესები. პრერეკვიზიტი არ არსებობს, უბრალოდ ელემენტარული გამოცდილება ციფრული პროდუქტების შექმნის მხრივ პლიუსი იქნება.
M: როგორ ფიქრობთ, რა მომავალი აქვს ამ მიმართულებას და არსებობს თუ არა იმის საშიშროება, რომ ჩაანაცვლოს ვებდეველოპერების შრომა?
ყველა სიახლეს, მათ შორის ტექნოლოგიურს, აქვს ერთი საერთო ხელწერა, რომ კარგავს ძველის ნაწილს და სძენს ახალს. სიახლე, რომელიც ადაპტირდება, ადაპტირდება მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი შენაძენი მნიშვნელოვნად აღემატება ძველ დანაკარგს. შესაბამისად ტრადიციული „ნეითივ“ პრგრამირება ნამდვილად არ გაქრება და ვერც გაქრება, რადგან სწორედ ეს ადამიანები ქმნიან nocode პლატფორმებსაც. მე მჯერა, რომ რაც მოხდება, იქნება ის, რომ პროგრამირება nocode-ის დახმარებით გახდება უნივერსალური ყველასთვის. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო 90-იან წლებში ვორდის და ექსელის პროფესიონალები, რომლებსაც ინფორმაცია ფურცლებიდან გადაქონდათ კომპიუტერებში რადგან ქონდათ ცოდნა რაც არ იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი. დღეს google doc-ის და sheet-ის ეპოქაში სამუშაო ძალისთვის ამ პროგრამების ცოდნა იმდენად საბაზისოა, რომ არც კი კითხულობს დამსაქმებელი, იცის თუ არა კანდიდატმა. მგონია რომ ეს მაგალითი ასახავს იგივე დინამიკას, რაც გველის მომავალში, რომ პროგრამირება იქნება უნივერსალური, აბსოლუტური და ტოტალური ყველასთვის ვისაც კომპიუტერთან აქვს შეხება და ამას სწორედ nocode-ი გააკეთებს.
No code პლატფორმებზე ამ მიმართულების ერთ-ერთი სპეციალისტი, გიო კახიანიც გვესაუბრა:
„No Code ხელსაწყოების შექმნა პროგრამისტებმა ინტერნეტის პირველივე დღეებიდან დაიწყეს. Მათ შექმნეს web-builder-ები, რომელთაც სტანდარტული ფუნქციონალი ჰქონდათ. თუმცა მსგავსი პლატფორმები არქიტექტურული ცვლილებების განხორციელების საშუალებას არ აძლევდა მომხმარებელს. დღევანდელი No Code tool-ები სრულ თავისუფლებას აძლევს იუზერს, შექმნას აბსოლუტურად უნიკალური ფუნქციონალის მქონე ვებ/მობაილ აპლიკაციები.
დღეს არსებული პლატფორმების ერთგვარი წინამორბედია wordpress, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა დღევანდელ გამოწვევებს ვეღარ პასუხობს.
თანამედროვე no code პლატფორმები იყოფა 2 ძირითად მიმართულებად – ვიზუალური პროგრამირებისა და ავტომატიზაციებისთვის. არსებობს პლატფორმები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, აპლიკაციები, რომლებსაც ბიზნესი იყენებს ყოველდღიურად ერთმანეთთან დავაკავშიროთ და პროცესების ავტომატიზაცია მოვახდინოთ. მეორე მხრივ არის პლატფორმები, რომლებიც სრულიად 0-დან უნიკალური ვებ/მობაილ აპლიკაციების შექმნის საშუალებას გვაძლევენ.
მე პირადად ვმუშაობ Bubble-ზე, რომელსაც ხშირად ვიზუალური პროგრამირების ენას ეძახიან. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს, შექმნას აბსოლუტურად უნიკალური ლოგიკებისა და დიზაინის მქონე პროგრამები. Bubble არის full stack პლატფორმა, რომელსაც აქვს თავისი დიზაინები, მონაცემთა ბაზები და აწყობ შენს პროდუქტს. გიზიარებთ რესურსს, სადაც ნახავთ No code პლატფორმებს კატეგორიების მიხედვით.
ეს პლატფორმები არის ყველასთვის, ვისაც ციფრული პროდუქტის შექმნა აინტერებს, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ არაფრის ცოდნას არ საჭიროებს, პირველივე შეხებაზე დაჯდები და საიტს ააწყობ. ასე არაა. მაგალითისთვის მოგიყვანთ photoshops, მისი სწავლა ხომ ყველას შეუძლია, მაგრამ ყველა არ აკეთებს photoshop-ს, ზუსტად იგივეა ამ no coding-ის შემთხვევაში.
ამის სწავლა იდეალური იქნებოდა პროექტ მენეჯერისთვის, product owner-ისთვის, რადგან მათ რაღაც დონეზე ისედაც აქვთ ცოდნა ცოტა დიზაინში და ცოტაც პროგრამირებაში, ამიტომ შედარებით უფრო გაუმარტივდებოდათ დამოუკიდებლად აპლიკაციების შესაქმნელად ამ პლატფორმების გამოყენება. ასევე მისი გამოყენება კარგად შეუძლიათ დიზაინერებს და დეველოპერებს თავისთავად, რადგან ის, ვინც კლასიკურ პროგრამირებასაა მიჩვეული, აქ კომფორტულად იგრძნობს თავს და სადმე რამე ისეთი ფუნქციის დამატებაც თუ ენდომება, რაც პლატფორმაზე განსაზღვული არ იყო, დეველოპერს ამის გაწერა თავად შეუძლია.
No code-ით ბევრი შესაძლებლობა გეძლევათ, გააჩნია, თავად რისი გაკეთება გსურთ. შეიძლება იმუშაოთ ფრილანსერად, საკუთარი პროექტი შექმნათ, თქვენს ბიზნესში გააციფრულოთ პროცესები. კოდით დაწერილი ვებაპლიკაციებისგან ის არაფრით განსხვავდება, რადგან რეალურად, ესე კოდია, უბრალოდ თავად შემქმნელს უფრო მარტივი და ინტუიიური ინტერფეისი აქვს, რომელში გარკვევაც შედარებით ადვილია”.
როგორც ხედავთ, ტექნოლოგიები საინტერესო შესაძლებლობებს გვთავაზობს. კოდით დაწერილი პლატფორმები შეიქმნა იმისთვის, რომ ნაკლები კოდის წერით შევქმნათ ციფრული აპლიკაციები. ასე რომ, თუ დაინტერესებული ხართ მათი შექმნით და არ იცით, რით დაიწყოთ, გადახედეთ ჩვენი რესპონდენტების მიერ მოცემულ რესურსებს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი