თუკი რეკლამის ხელით განთავსების რუტინა თქვენთვის ნაცნობია, პროგრამული რეკლამის იდეა ნამდვილად მოგეწონებათ. ესაა ციფრული რეკლამის ავტომატიზებული შესყიდვა და გაყიდვა. მისი საშუალებით უამრავი ბიზნესი ახერხებს ძალისხმევის დაზოგვას და ერთი პლატფორმის სარეკლამოდ გამოყენებას. პროგრამული რეკლამის დახმარებით შეგვიძლია მივწვდეთ ნებისმიერ არხს – მობილური პლატფორმა იქნება ეს, დესკტოპი, აუდიო, სატელევიზიო თუ სხვა. საქართველოში, პროგრამულ რეკლამას ნაკლებად იცნობენ. მაინც, რა არის პროგრამული რეკლამა და როგორ შეუძლიათ მარკეტერებს მისი გამოყენება – ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი და ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო „სტრეგის“ დამფუძნებელი თემო ბერიშვილი გვესაუბრა.
M: რა არის პროგრამული რეკლამა?
პროგრამული (ალგორითმული) რეკლამა გულისხმობს რეკლამის განთავსებისა და ბიუჯეტის ხარჯვის ავტომატიზაციას პროგრამული უზრუნველყოფის (ხელოვნური ინტელექტის) გამოყენებით, მაშინ როცა ტრადიციული რეკლამირება თანამედროვე მარკეტერისთვის ისეთი ბიუროკრატიული პროცედურების გავლასთან ასოცირდება, როგორიცაა მედია განთავსების პლატფორმის მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზებების განხილვა, ხელშეკრულების მომზადება და სხვა.
არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ თითქოს პროგრამული რეკლამირება გულისხმობს ციფრული მარკეტინგის სრულ ავტომატიზაციას. მარკეტერებს კვლავ უწევთ შეკვეთის ხელით განთავსება ციფრული მარკეტინგის პლატფორმებზე, საძიებო ფრაზებისა და მომხმარებელთა სეგმენტების მითითება. პროგრამული რეკლამის ეფექტურობის გაზრდისთვის, რასაკვირველია, გჭირდებათ საკომუნიკაციო პლატფორმა, კარგი კონტენტი, თუ ეფექტური ლენდინგ ფეიჯი, თუმცა შესყიდვა-განთავსება ავტომატიზაცია და ანალიტიკის ინსტრუმენტები საშუალებას იძლევა ჩვენი დრო და ენერგია სარეკლამო კამპანიის ანალიზისა და ოპტიმიზაციისაკენ მივმართოთ.
M: არის განსხვავება Meta-ს ან Google-ის სარეკლამო პრინციპთან შედარებით?
არ ვიტყოდი, რომ განსხვავდება, პროგრამული რეკლამირება არის ციფრული რეკლამის განთავსების ავტომატიზაციის მეთოდი, რომელსაც დიდი სარეკლამო გიგანტებიც იყენებენ, მათ შორის Meta და Google. ალბათ ვისაც ციფრულ რეკლამირებასთან შეხება ჰქონია, გაუგია Facebook Business Manager და Google ads-ი. Meta-ს სარეკლამო პლატფორმა, სხვა ბევრი ანალოგისგან განსხვავებით, ძირითადად იყენებს საკუთარ პლატფორმებს (Facebook, Instagram.) რეკლამის განთავსებისთვის (მარკეტინგ-სნობებს რომ არ ეწყინოთ, აქვე აღვნიშნავ, რომ შესაძლებელია პარტნიორ რესურსებზე audience network-ში განთავსებაც). მაგალითისთვის, ცნობილია რომ Google adsence-ის პლატფორმის საშუალებით აერთიანებს აპლიკაციებსა და ვებგვერდებს, სადაც უზრუნველყოფს მედია განთავსებას, თუმცა Meta-ს მსგავსად, ისიც სთავაზობს მარკეტერებს რეკლამის საკუთარ რესურსებზე განთავსებას, მათ შორისაა პლატფორმა YouTube.
განსხვავებულ გამოცდილებას გვთავაზობენ Adobe Advertising Cloud, Criteo, Propeller ads და სხვა ცნობილი სარეკლამო პლატფორმები, რომლებიც აერთიანებენ მხოლოდ სხვა ორგანიზაციების/ადამიანების რესურსებს და სთავაზობენ მარკეტერებს ამ რესურსებზე რეკლამის განთავსებას, ხარჯვის ოპტიმიზაციას და გაუმჯობესებული ანალიტიკის ინსტრუმენტებს.
M: რატომაა ის მნიშვნელოვანი ქართველი მარკეტერებისთვის?
„პროგრამული რეკლამა“ როგორც ტერმინი, ბევრი მარკეტერისთვის ნაცნობი არაა, თუმცა შესაძლებელია პრაქტიკაში ყოველდღიურად სარგებლობდნენ მისი ბენეფიტებით. პროგრამული სარეკლამო პლატფორმების გამოყენება გვეხმარება თავიდან ავირიდოთ ტრადიციული განთავსების ბიუროკრატიული პროცედურები, მივიტანოთ სათქმელი სწორ ადრესატებამდე და რეალურ დროში შევაფასოთ რეკლამის ეფექტურობა.
პროგრამული რეკლამირების გამოყენების საშუალებით შესაძლებელია გავაუმჯობესოთ ამონაგები ინვესტიციიდან (ROI), ალგორითმი გვეხმარება მივწვდეთ და აღმოვაჩინოთ ჩვენთვის საინტერესო აუდიტორიები, შესაბამისად ნაკლები ინვესტიციით გავზარდოთ ბრენდის/პროდუქტის ცნობადობა და გაყიდვები.
პროგრამული რეკლამის მიერ ციფრული მარკეტერისთვის შექმნილი კომფორტის ზომა, რომ სტატისტიკურად შევაფასოთ, პროგრამული რეკლამირების პლატფორმების გამოყენების შემდეგ, კომპანიების მხოლოდ 3% ყიდულობს რეკლამის ადგილს პირდაპირი შესყიდვის გზით (წყარო: მედიარადარი).
M: რა განაპირობებს პროგრამული რეკლამის ეფექტურობას?
ალგორითმი გვთავაზობს უკვე გაანალიზებულ ე.წ “Big data”-ს, რომლის წყალობითაც რეკლამის ჩვენების რელევანტობა ბევრად დიდია, ვიდრე ტრადიციული რეკლამირების მეთოდების გამოყენებისას. მაგალითისთვის, როცა ტრადიციული შესყიდვის გზით ვყიდულობთ სარეკლამო ადგილს (მაგალითად ვებგვერდზე), რასაკვირველია ვცდილობთ ჩვენი სამიზნე აუდიტორიისთვის რელევანტური რესურსი შევარჩიოთ, თუმცა ფუჭად დახარჯული სარეკლამო დროის, თუ ჩვენების რაოდენობა მაინც მაღალია, რადგან ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ მნახველთა ინტერესს, არ გვაქვს ზუსტი წარმოდგენა მათი დემოგრაფიული მონაცემებისა და ქცევის შესახებ. პროგრამული რეკლამირების პლატფორმები გვაძლევენ საშუალებას წინასწარ განვსაზღვროთ მიზნობრივი სეგმენტები, მათი დემოგრაფიული მონაცემები და ინტერესები, რაც თავისთავად ზრდის რეკლამის რელევანტურობას. პროგრამული რეკლამირებისას არ ვართ შეზღუდული სარეკლამო ადგილის არჩევანში, ის გვეხმარება მივწვდეთ ჩვენთვის საინტერესო აუდიტორიებს ერთ სივრცეში.
გარდა ამისა, როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ, პროგრამული რეკლამირების პლატფორმების გამოყენებით ვზოგავთ დროს, რის შედეგადაც ჩვენს კრეატიულ რესურსს რეკლამის ანალიზისა და ოპტიმიზაციისკენ მივმართავთ, რაც სარეკლამო კამპანიის წარმატების მნიშვნელოვანი ელემენტია.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი