in

რა არის UX წერა და რატომ არის მისი გათვალისწინება აუცილებელი?

ციფრული სამყაროს ტერმინებთან დაახლოების შემდეგ UI/UX ყველამ კარგად გავითავისეთ, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მის ხსენებაზე ყოველთვის დიზაინერი წარმოგვიდგება ხოლმე, რომელმაც ვებგვერდისა თუ აპლიკაციისთვის ლამაზი ინტერფეისი შექმნა. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ UX მარტო დიზაინს არ გულისხმობს, ის ციფრული პროდუქტის ტექსტშიც გასათვალისწინებელია. 

UX წერის პროდუქტი, ერთი მხრივ, ის ტექსტია, რომელსაც საიტზე შესვლისას ვკითხულობთ. მეორე მხრივ, ალბათ ბევრჯერ შეგინიშნავთ საიტზე ღილაკები, ელემენტები, რომლებსაც სხვადასხვა გვერდზე გადავყავართ ან ამა თუ იმ ქცევისკენ მოგვიწოდებს, როგორც ამ ვებგვერდის ვიზიტორს. თუ როგორი უნდა იყოს ვიზუალურად ეს ღილაკები, ამას დიზაინერი ხატავს, თუმცა რა უნდა ეწეროს, ეს UX მწერლის პრეროგატივაა.

თიბისის UX მწერალი, ქეთი დიასამიძე უკეთ გაგვარკვევს ამ მიმართულებაში:

M: უპირველეს ყოვლისა, განვმარტოთ, რა არის UX წერა და რომელ ციფრულ პროდუქტებში გამოიყენება? 

UX წერა გამოიყენება ციფრული სამყაროს ნებისმიერ კუნჭულში – სადაც არსებობს დიზაინისა და ტექსტის ურთიერთქმედება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, UX წერა 

აერთიანებს იმ ტექსტებს, რომელიც ვებგვერდებსა თუ აპლიკაციაში შეიძლება შეგვხვდეს. 

UX მწერლის მთავარი მიზანია, რომ ყველა ტექსტი იყოს იყოს მარტივად აღსაქმელი. მომხმარებელი ყოველთვის უნდა ხვდებოდეს, რა მოქმედება უნდა შეასრულოს სასურველი პროცესის გასავლელად, მაგალითად, როგორ მოხვდეს კონკრეტულ გვერდზე, როგორ  გაიაროს რეგისტრაცია ან ავტორიზაცია ან როგორ შეიძინოს სასურველი ნივთი. 

M: UX მწერალი უშუალოდ ტექსტებს წერს თუ ჩართული უნდა იყოს დიზაინის კუთხითაც? 

UX მწერალს მხოლოდ ტექსტები ეხება. მეტსაც გეტყვით, მხოლოდ მიკროტექსტი და ინტერფეისული ტექსტი, ესენია: სათაურები, ღილაკები, ნოტიფიკაციები, მეტა-აღწერები და ა.შ. ვრცელი აღწერები, დოკუმენტაცია და თხრობითი ნაწილი ქოფირაითერის ან რედაქტორის საქმეა. 

რადგან მცირე ტექსტების წერა მიწევს, გრამატიკისა და ენის ფსიქოლოგიის ცოდნა კიდევ უფრო მეტად მჭირდება – მაქსიმალური ინფორმაცია უნდა გადმოვცე მინიმალური რაოდენობის სიტყვებით. შესაბამისად, უკვე დიდი ხანია, რაც ჩემი სამაგიდო წიგნები გრამატიკის სახელმძღვანელოებმა ჩაანაცვლა.

არ იფიქროთ, რომ UX მწერალი დიზაინის თემებში არ უნდა ერკვეოდეს. საბაზისო ცოდნის გარეშე შეუძლებელი იქნება დიზაინის ელემენტების სწორად აღქმა და გამოყენება. სანამ UX მწერლის სერტიფიკატს ავიღებდი, იქამდე გავიარე UX/UI დიზაინისა და ვებდეველოპინგის კურსები, რაც, ფაქტია, ძალიან დამეხმარა სამუშაო პროცესში. 

შევაჯამოთ, რომ UX წერა მრავალწახნაგოვანი თემაა და მოიცავს როგორც მარკეტინგისა და კრეატიული წერის, ასევე დიზაინისა და კომპიუტერული მეცნიერებების თემებსაც. 

M: პოპულარული ბრენდებიდან ხომ არ გახსენდებათ UX წერის კარგი მაგალითები? 

UX წერა საკმაოდ ახალი პროფესიაა. შესაბამისად, ბევრ ჩვენთვის ნაცნობ საერთაშორისო კომპანიაში ჯერ არც კი არსებობს UX მწერლის პოზიცია. აი ის პლატფორმები, რომლებზეც UX მწერალმა იმუშავა ერთი შეხედვითვე გამოირჩევა სიმარტივითა და ლოგიკურობით – გესმის ყველა ტექსტის შინაარსი და მარტივად ხვდები, როგორ უნდა გაიარო სასურველი პროცესი. 

მოდით, Duolingo-ზე ვისაუბროთ, რადგან ამ ბოლო დროს ხშირად მხვდება კომენტარები ამ თემაზე. ეს არის სხვადასხვა ენის შემსწავლელი აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დამოუკიდებლად ისწავლო სიტყვები და მალევე შეძლო წინადადებების წარმოთქმა სასურველ ენაზე. საჭირო აპლიკაციაა, თუმცა არა უნიკალური – მსგავსი პროდუქტები აქტიურად იქმნებოდა მანამდეც და მერეც. მაშ, რატომ გახდა ეს აპლიკაცია ყველაზე პოპულარული? პასუხი მარტივია – გამართული UX-ის გამო. ამავე მიზეზითაა, რომ აპლიკაციის მომხმარებლების ასაკი და ეროვნება საკმაოდ მრავალფეროვანია – Duolingo მარტივად გასაგები აღმოჩნდა ყველასთვის. 

კიდევ ერთი დეტალია – ბრენდი პერსონიფიცირებულია და გვესაუბრება ბუს, Duo-ს სახელით. ჩემ ირგვლივ დიდი დისკუსია გამოიწვია Duo-ს ფამილიარულმა საუბარმა – აპლიკაცია გიგზავნის შეტყობინებებს, სადაც პირდაპირ რომ ვთქვათ, Duo დრამატულად გთხოვს აპლიკაციის გახსნას და დავალების შესრულებას. როცა ამ პროგრამას ვიყენებდი, თითქოს ერთგვარ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი Duo-ს მიმართ, სწავლის პროცესში კი პასუხისმგებლობა ზედმეტი არასდროსაა. ეს ის შემთხვევაა, როცა ბრენდ-მენეჯერმა და UX მწერალმა ერთად იმუშავეს და, ჩემი აზრით, ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. 

M: საქართველოში რამდენად გააზრებულია ამ მიმართულების მნიშვნელობა და მოთხოვნა რამდენად მაღალია? 

უკვე ვახსენეთ, რომ ბევრ წამყვან საერთაშორისო ბრენდსაც კი არ ჰყავს UX მწერალი რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში ეს პროფესია ჯერ კიდევ იშვიათია. შესაბამისად, ბუნებრივია ისიც, რომ საქართველოში ლიცენზირებული UX მწერლების სიმწირეა. თუმცა ეს მალე შეიცვლება – ინტერესი დიდია. ღია ლექციებსა და ვორქშოფებს ბევრი სტუდენტი ესწრება. ისინი არამარტო აქტიურად სწავლობენ, არამედ უკვე მუშაობენ კიდეც UX წერის თემებზე. 

M: თქვენი გამოცდილებით, რა ითვლება ცუდ UX ტექსტად? რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა საიტისა თუ აპლიკაციის აწყობისას თავიდანვე იყოს ჩართული UX მწერალი? 

ამ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანია – თუ პროდუქტის მოხმარება რთულია, მაშინ UX სტრატეგიამ ვერ გაამართლა. 

ჩემი გამოცდილება მრავალგვარია, სამუშაო პროცესის თითქმის ყველა ეტაპზე ჩავრთულვარ – მაშინაც კი, როცა უკვე დაგვიანებულია. საუკეთესო შემთხვევაში, UX მწერალი სტრატეგიისა და ხედვის შემუშავების პროცესშივე უნდა იყოს ჩართული – რათა დიზაინერთან და დეველოპერთან ერთად თავიდანვე განისაზღვროს შესაძლებლობები და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ყოფილა შემთხვევა, როცა გარკვეული ფუნქციონალის ჩაშენება ვერ შევძელით მხოლოდ იმიტომ, რომ საწყის ეტაპზე არ გვქონდა გათვალისწინებული. 

M: რა არის ის 3 ძირითადი რჩევა, რასაც ამ მიმართულებით კომპანიებს მისცემდით? 

1. არ დაზოგოთ რესურსი

გაუმართავი UX-ის გამო, მომხმარებლები ხშირად იკარგებიან ვებგვერდზე. პროცესის დასასრულებლად, ისინი მიმართავენ ცხელ ხაზს ან მომხმარებლის მხარდაჭერის გუნდს. შესაბამისად, ხშირად UX გუნდის რესურსის დაზოგვით, სხვა გუნდებს მაინც ვურთულებთ საქმეს. 

2. გამოიკვლიეთ მომხმარებლის საჭიროებები

UX მკვლევრების ძალისხმევით, ყოველთვის ვიცით, საშუალოდ რა დრო სჭირდება მომხმარებელს კონკრეტული პროცესის გასავლელად ან გასაგებია თუ არა მისთვის ესა თუ ის გვერდი. ამ შედეგების გაცნობისა და გააზრების შემდეგ, UX პროცესების საბოლოოდ დახვეწა შეგვიძლია. 

3. მოარგეთ თქვენი პლატფორმები მომხმარებლის ინტერესებს

UX პროცესების მთავარი ადრესატი მომხმარებელია – სწორედ მას და მის საჭიროებებს უნდა მოვარგოთ ნებისმიერი ციფრული პროდუქტი. შეიძლება ძალიან დახვეწილი ვიზუალის მქონე ვებგვერდი შევქმნათ, თუმცა მომხმარებელს ნავიგაცია გაუჭირდეს და სასურველი მიზანი ვერ შეასრულოს. თუ გვაქვს დიზაინერის, UX მწერლისა და მკვლევრის რესურსი, მაშინ მომხმარებლის ინტერესების პოვნა და გააზრება ბევრად მარტივად და ეფექტურად შეგვიძლია.

 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ალტას ახალი რეკლამა, რომლის ყურებაც არასდროს მოგბეზრდებათ

ნახეთ: იაპონური „ბრინჯის ხელოვნება“