in

რა ნაბიჯებს დგამენ პირველად მომავალი პროგრამისტები და რა ასაკიდან არის შესაძლებელი პროგრამირების სწავლა

თუ თქვენი შვილი კომპიუტერების გიკია და ტექნოლოგიებში თქვენზე უკეთ ერკვევა, ნუ იჩქარებთ იმაზე ფიქრს, რომ მისი ყურადღება სხვა საქმეებზე გადაიტანოთ. ალბათ, უმჯობესია, რომ მას სწორი მიმართულება მისცეთ და ამ სფეროში გარკვევაში უფრო დაეხმაროთ. ისე, რომ ეს მის პროფესიად იქცეს და არა უბრალო გასართობად.

პროგრამირების შესახებ დღეს ბევრი მითი თუ ფაქტი მოიძებნება. ერთ რამეზე ყველა თანხმდება, რომ ამ დროისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობაა. იმასაც ფიქრობენ, რომ სირთულის გამო ის ყველას არ გამოუვა და დეველოპერები განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოებულნი, თუმცა თანამედროვე სამყარო სულ უფრო ხშირად გვიმტკიცებს, რომ ნებისმიერი პროფესია და მით უმეტეს ტექნოლოგიებთან დაკავშირებული, ყველა მსურველმა შეიძლება შეისწავლოს, ბავშვმაც კი.

დღევანდელი სტატია სწორედ ამ თემას მოიცავს: შეუძლიათ თუ არა ბავშვებს პროგრამირების სწავლა და რა არის ის ასაკობრივი მინიმუმი, რომლიდანაც შესაძლებელი იქნება ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენი რესპონდენტია თავად დეველოპერი და ლექტორი, მარი მელიქიშვილი.

M: რა ასაკიდან შეუძლიათ ბავშვებს პროგრამირების საფუძვლების შესწავლა?

დღეს ბავშვებს ძალიან პატარა ასაკიდან აქვთ პროგრამირების საფუძვლების შესწავლის შესაძლებლობა. 5 წლიდან ბავშვებისთვის ძალიან ბევრი რესურსი არსებობს როგორც ციფრული, ასევე ფიზიკური. ეს რესურსები პროგრამირების საფუძვლებსა და იმ უნარებს უვითარებს, რომლებიც არა მხოლოდ პროგრამირებაში, დღეს უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

M: რომელი ენებით ისწავლება ბავშვებში პროგრამირება და არსებობს თუ არა თანმიმდევრობა, რომელსაც უნდა მიჰყვნენ დონეების მიხედვით?

პროგრამირების საფუძვლების შესწავლა დღეს პროგრამირების ენის გარეშეც შესაძლებელია. ბევრი რესურსია, რომლის მეშვეობითაც თამაშ-თამაშით შეგვიძლია ბავშვებს შევასწავლოთ ის ძირითადი პრინციპები, საფუძვლები, ალგორითმული და ლოგიკური აზროვნება, რაც შემდგომში უდიდეს როლს შეიტანს პროგრამირების შესწავლაში და უშუალოდ ამ პროფესიის დაუფლებაში. 

5 წლის ასაკიდან, ჩემი აზრით, პროგრამირების სფეროში შებიჯების საუკეთესო საშუალება ლეგო-რობოტიკაა. ლეგოს აქვს საგანმანათლებლო ხაზი, რომელიც განკუთვნილია 5 წლიდან ზევით ყველა ასაკის ბავშვისთვის. ალბათ ძნელად მოიძებნება ბავშვი, რომელსაც არ უყვარს ლეგო, სწორედ ამ მიზეზით ძალიან მარტივად და ხალისით სწავლობენ ბავშვები პროგრამირებას. ისინი ლეგოს კონსტრუქციებს აპროგრამებენ ვიზუალური პროგრამირების მეშვეობით და თავიანთ ქმნილებებს „აცოცხლებენ”. 

ასევე არის სამაგიდო თამაშები, რომლებიც ეკრანთან ურთიერთობას საერთოდ არ საჭიროებს, მაგ: botley, go robot mouse და სხვ. ამ სამაგიდო თამაშებით, ბავშვები პროგრამირების საფუძვლებს სწავლობენ, კრიტიკულ, ალგორითმულ და ლოგიკურ აზროვნებას ივითარებენ. აღნიშნული სამაგიდო თამაშებიც 5-8 წლის ბავშვებისთვისაა. 

რაც შეეხება თანმიმდევრობას, ჩემი შეხედულებით ასე დავყოფდი:

  1. „დაპროგრამებადი” სამაგიდო თამაშები 5-8 წლის ასაკისთვის
  2. ვიზუალური პროგრამირება – ამის ჩაშლა კიდევ შეიძლება მიმართულებებად და დონეებად (მაგ: ლეგორობოტიკა, თამაშების პროგრამირება, მობილური აპლიკაციების პროგრამირება. ასაკი 5 წლიდან 13 წლამდე ვფიქრობ, ყველაზე ოპტიმალურია)
  3. 8 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის ელექტრო-ინჟინერია
  4. ბავშვებისთვის ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ სასწავლო ენად პითონი მიიჩნევა, რომელზეც ბევრი რესურსია ბავშვებზე მორგებული და მისი სარეკომენდაციო ასაკი 11+-ია.
  5. ბავშვებს 13 წლიდან ხშირად ვებპროგრამირება აინტერესებთ და ვფიქრობ, ამ ასაკისთვის javascript და html/css-ის შეთავაზებაც შეგვიძლია. ასევე ამ ასაკიდან ბევრი ბავშვის ინტერესის სფერო ელექტროინჟინერიაა, რომელიც პროგრამირებასაც მოიცავს.

ამის შემდეგ კი უკვე ნებისმიერ პროგრამულ ენას მარტივად დაეუფლებიან.

M: რა ტიპის ციფრული პროდუქტების აწყობა შეუძლიათ ბავშვებს ამ ცოდნით?

პროდუქტები, რომლის შექმნაც ბავშვებს შეუძლიათ, მრავალფეროვანია. დამოკიდებულია ასაკზე, უნარებსა და ხელმისაწვდომ რესურსებზე. მაგ: სხვადასხვა ტიპის რობოტები, მექანიზმები, თამაშები, მობილური აპლიკაციები, ვებგვერდები. დღეს უკვე არის იმის საშუალება, რომ ძალიან პატარა ასაკიდანვე შევაბიჯოთ პროგრამირების ყველა მიმართულების სამყაროში.

M: რამდენად ეხმარება ამ ენების სწავლა ბავშვებს მოგვიანებით უფრო რთული კოდის წერაში და რა დრო სჭირდება თითო პროგრამის სრულფასოვნად სწავლას?

ეს პლატფორმები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვების პროგრამირების კუთხით განვითარებაში, რადგან ძირითადი კონცენტრირება ხდება ლოგიკაზე, ალგორითმულ და კრიტიკულ აზროვნებაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პროგრამირებაში.

იმის განსაზღვრა, თუ რა დრო დასჭირდება თითო პროგრამის სწავლას, რთულია, რადგან თითო პროგრამას დიდი შესაძლებლობა აქვს და შეგვიძლია უფრო ღრმად გავეცნოთ, უფრო კომპლექსური პროექტები შევქმნათ იქამდე, სანამ ბავშვს ეს მოსწონს და აინტერესებს. 

M: რა ასაკშია უკვე რეკომენდებული ვებპროგრამირების, პითონისა და სხვა უფრო „რთული” ენების სწავლა?

ეს ინდივიდუალურია ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, არ უნდა ვეცადოთ ბავშვების სწრაფად გადაყვანას ვებპროგრამირების, პითონისა და სხვა უფრო „რთული” ენების სწავლაზე, რადგან ბევრად უფრო ღრმა, კომპლექსური და მათთვის საინტერესო პროექტების გაკეთების უამრავი რესურსია უშუალოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი. მნიშვნელოვანი მთავარი უნარების ჩამოყალიბებას კი მსგავსი საბავშვო პლატფორმებითაც შეძლებენ და არა პირდაპირ „რთული” ენის სწავლით. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

სამეფო ორდენით დაჯილდოებული ბრენდის შთამბეჭდავი ისტორია – Cartier

რატომ სჭირდება კონფლიქტის მოგვარების უნარი პროექტის მენეჯერს