in

რა გავლენა აქვს ლურჯ გამოსხივებას ჩვენს კანზე? — კვლევა

კოსმეტიკურ მაღაზიებში ხშირად შეხვდებით კრემებსა თუ სპრეებს, რომლებიც კანის სხვადასხვა საფრთხისგან დაცვას გპირდება. კონკრეტული ბრენდები ლურჯი სინათლის ეფექტისგან დაცვაზეც საუბრობენ… უპირველესად კი, საჭიროა, იცოდეთ, რას ნიშნავს ეს ლურჯი ნათება.

M2
M2

იგი ხილული სინათლეა და მზის სინათლეთა სპექტრის 50%-ს შეადგენს. როგორც სახელიდან ჩანს, ეს სინათლის ერთადერთი სახეა, რომელიც ადამიანის თვალით არის შესამჩნევი. ლურჯ სხივებს ენერგიის განსაკუთრებულად მაღალი დონეც აქვს. თუმცა რაც უფრო მეტია ტალღის სიგრძე, მით ნაკლებ ენერგიას გადასცემს იგი და, პირიქით. 

ხოლო რადგან მზე ლურჯ სინათლეს ასხივებს, გამოდის, იგი ჩვენს ირგვლივ ყველგან შეიძლება იყოს. თანაც, თუ ჩვენს ცხოვრებაში ნათურების, ტელეფონების, კომპიუტერებისა და ბრტყელეკრანიანი ტელევიზორების არსებობას გავითვალისწინებთ. 

რა რისკი შეიძლება ახლდეს ლურჯ გამოსხივებას?

არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ლურჯ სინათლეს ჩვენს კანსა და თვალებზე მავნე გავლენა აქვს. ეს ცირკადულ რიტმსაც, ანუ თქვენს შინაგან საათსაც არღვევს… 

ლურჯი სინათლის ყველაზე ხშირად განხილული ეფექტი კი რეაქტიული ჟანგბადის სახეობების (ROS), ანუ ჟანგბადისგან წარმოქმნილი მაღალრეაქტიული ქიმიკატების მნიშვნელოვანი ზრდაა. ძალიან ბევრმა ROS-მა თქვენი დნმ-იც კი შეიძლება დააზიანოს და ის ძირითადი ფერმენტები, რომლებიც დნმ-ის აღდგენაზეა პასუხისმგებელი. ეს კი, თავის მხრივ, კიბოს რისკს ზრდის. 

კვლევის თანახმად, ლურჯ სინათლეს კანის ტიპებში პიგმენტაცია, ანუ რუჯის მიღების მსგავსი რამ შეუძლია გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი კანის რუჯს სასურველად თვლის, ის კანის დაზიანებისა და ROS-ის ნიშანია. მკვლევრებმა ისიც დაადგინეს, რომ კანი უფრო მუქ და ხანგრძლივ რუჯს ხილული სინათლისგან იღებდა და არა, ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. 

ასევე, ლურჯ სინათლეს შეუძლია, გაააქტიუროს ისეთი გენები, რომლებიც ანთებასთან და ფოტოდაბერებასთან, ანუ კანის დაზიანებასთან არის დაკავშირებული. ისიც დამტკიცდა, რომ მზისგან დამცავი საშუალებები მის მავნე ეფექტს არ ამცირებს.

და მაინც, მიუხედავად ზემოთ განხილული ფაქტებისა, ლურჯ გამოსხივებას რამდენიმე სასარგებლო ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს. მას კანის დაავადებების, მათ შორის ეგზემას სამკურნალოდ და ფოტოდინამიკურ თერაპიებში იყენებენ, რასაც, თავის მხრივ, კანის სხვადასხვა მდგომარეობის სამკურნალოდ მიმართავენ, დაწყებული აკნედან, დამთავრებული კიბოთი… იგი ჭრილობების შეხორცებასაც კი აჩქარებს, მაგრამ ჯანმრთელ ადამიანებში ლურჯი სინათლისგან მიღებული მავნე ზემოქმედება ამ დადებით სარგებლებს ბევრად აღემატება. 

კანის მოვლის გერმანული მწარმოებლის Biersdorf-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეკრანის ლურჯი სინათლის ზემოქმედება მთელი კვირის განმავლობაში 30 სმ მანძილზე, გერმანიაში ზაფხულის შუადღის მზის მხოლოდ ერთ წუთს უდრიდა. ამასთან, სხვა კვლევით ისიც დადასტურდა, რომ ეკრანებიდან გამოსული ლურჯი სინათლე, მზის ხილული სინათლისგან განსხვავებით, 100-1000-ჯერ ნაკლებად ინტენსიური იყო. გამოდის, ეკრანებთან გატარებული დრო, შესაძლოა, არც ისეთი საზიანო იყოს, როგორიც ეს მზის შემთხვევაში იქნებოდა… 

გვიცავს თუ არა კანის მოვლის საშუალებები ლურჯი გამოსხივებისგან?

რაც შეეხება კანის მოვლის საშუალებებს, რომლებიც ლურჯი სინათლისგან დაცვას გვპირდებიან, არცერთი შეესაბამება სინამდვილეს. კომპანიები სამეცნიერო ტესტირებებს აკეთებენ, მაგრამ მათ ნებისმიერი მაჩვენებლის გამოყენება შეუძლიათ, რადგან არ არსებობს რეგულაციები, რომლითაც ამას განსაზღვრავენ ან მარეგულირებლები, რომლებიც ამას გააკონტროლებენ. მაგალითად, მზისგან დამცავი კრემები, რომლებიც SPF-ს შეიცავს, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ რეგულირდება. ლურჯ სინათლესთან დაკავშირებული რეგულაციების არარსებობა კი მომხმარებლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებასაც უზღუდავს… 

გამოდის, მაშინ, როცა მზისგან დამცავი SPF-ს შემცველი საშუალებების გამოყენება კანის კიბოსა და მის დაბერებას უშლის ხელს, ლურჯი გამოსხივებისგან დაცვისთვის განკუთვნილი პროდუქტები ამ პროცესებს ხელსაც შეიძლება უწყობდეს.

Alexa-ს გარდაცვლილი ადამიანების ხმით საუბარი შეეძლება

Adidas-ის ინოვაციური ბილბორდი ხალხს ცურვისკენ მოუწოდებს