ნათქვამია, თუკი დიდხანს სიცოცხლე და დიდი დოზით ენერგია გსურს, აუცილებლად უნდა ივარჯიშოო. და მართლაც, რეგულარულ ვარჯიშს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე. ფიზიკურმა აქტივობამ კიდევ უფრო დიდი როლი დაიკავა ჩვენს ე.წ ,,პანდემიურ ყოველდღიურობაში” – მაშინ, როცა სახლიდან იშვიათად გავდიოდით და ნაკლებად გვიწევდა მოძრაობა.
გადავწყვიტეთ ამ სტატიით გიამბოთ, თუ რა დადებითი გავლენა აქვს ვარჯიშს ჩვენს ცხოვრებაზე:
1. ვარჯიში გვეხმარება წონის გაკონტროლებაში
ვარჯიში გვეხმარება, დავიკლოთ ზედმეტი კილოგრამები და, ასევე, შევინარჩუნოთ სასურველი წონა. როდესაც ვვარჯიშობთ, ჩვენ კალორიებს ვწვავთ. შესაბამისად, რაც უფრო ინტენსიურია ფიზიკური აქტივობა, მით უფრო მეტი კალორიების დაწვა გვიწევს.
სავარჯიშო დარბაზებში რეგულარულად სიარული მართლაც კარგია, მაგრამ თუ ამას ვერ მოახერხებთ, არ ინერვიულოთ. ნებისმიერი ტიპის ფიზიკური აქტივობა, თუნდაც, სახლის პირობებში სასარგებლო იქნება.
2. ვარჯიში კარგი იარაღია სხვადასხვა დაავადებასთან საბრძოლველად
რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებას ან მართვას. აღნიშნულ დაავადებებსა და რისკებს შორისაა:
- ინსულტი
- მეტაბოლური სინდრომი
- სისხლის მაღალი წნევა
- დიაბეტი
- დეპრესია
- შფოთვა
- მრავალი სახის კიბო
- ართრიტი
მას ასევე შეუძლია შემეცნებითი ფუნქციის გაუმჯობესება და ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის რისკის შემცირება.

3. ვარჯიში აუმჯობესებს ხასიათს
ფიზიკური დატვირთვა ასტიმულირებს ტვინის სხვადასხვა ქიმიკატს, რამაც შესაძლოა თავი უფრო ბედნიერად და მოდუნებულად გაგრძნობინოთ. გარდა ამისა, როდესაც ვვარჯიშობთ, უფრო მეტად მოგვწონს ჩვენი გარეგნობა, ეს კი თვითშეფასებას აუმჯობესებს.
4. ვარჯიში ენერგიის წყაროა
ვარჯიში ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს აწვდის თქვენს ქსოვილებს და ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას უფრო ეფექტურად. როდესაც თქვენი გულისა და ფილტვების ჯანმრთელობა უმჯობესდება, ყოველდღიური საქმეების მოსაგვარებლად მეტი ენერგია გაქვთ.
5. ვარჯიში აუმჯობესებს ძილის რეჟიმს
რეგულარული ფიზიკური აქტივობა გეხმარებათ, უფრო სწრაფად დაიძინოთ, ვიდრე ამას ახერხებთ ხოლმე. ვარჯიში ასევე მოქმედებს ძილის ხარისხზეც, აუმჯობესებს მას და უფრო ღრმად გვძინავს. აქვე გეტყვით, რომ ძილის წინ ვარჯიში არც თუ ისე სასარგებლოა, რადგან შესაძლოა, ენერგიის მოჭარბებამ დაძინების საშუალება არ მოგცეთ.
6. ვარჯიში შესაძლოა იყოს მხიარული და… სოციალური!
ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა შეიძლება სასიამოვნო იყოს. ეს საშუალებას გაძლევთ, განიტვირთოთ, ისიამოვნოთ გარეთ ყოფნით ან უბრალოდ, ჩაერთოთ საქმიანობაში, რომელიც გაბედნიერებთ. გარდა ამისა, ერთობლივი ვარჯიში ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად კიდევ უფრო აგიმაღლებთ განწყობასაც.
რუბრიკას ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ PSP












