ბუნებრივია, რომ პანდემიის დროს ბევრი ჩვენგანი აღმოჩნდა დეპრესიისა და შფოთვის ციკლში, როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. როდესაც რაღაც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება, ხშირად ვცდილობთ, ერთი შეხედვით, უსაფრთხო და კონტროლირებად კომფორტის ზონაში გაქცევას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სტრესის დაძლევის საერთო მექანიზმია, იგი მეტად ამძაფრებს იმ გრძნობებს, რომელთა თავიდან აცილებასაც ვცდილობთ. ასეთ დროს გვსურს, სტრესი შევამციროთ და შესასრულებელ დავალებათა სია იმ საკითხებამდე შევამოკლოთ, რომლებიც ჩვენგან მცირეოდენ ძალისხმევას მოითხოვს… ეს კი ერთ ადგილას “გვყინავს” და ერთგვარი ტრიუმფის შეგრძნების საშუალებას გვიკარგავს. მთლიანობაში, მივდივართ იქამდე, რომ თავს უსარგებლოდ აღვიქვამთ, განვიცდით შფოთვას და შეზღუდულობას.
მიზნისა თუ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დასაბრუნებლად, საჭიროა, 180 გრადუსიანი ცვლილება განვიცადოთ და ამ პროცესში ის მნიშვნელოვანი საკითხები აღმოვაჩინოთ, რომლებიც წინსვლაში დაგვეხმარება. მაგალითად, იმის შეხსენებამ, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებთ ცხოვრებაში და კარიერაში, შესაძლოა, ახალ შესაძლებლობებს მოჰფინოს ნათელი.
მაგალითისთვის, შეგვიძლია მოვიხმოთ ერთი ადამიანის (პირობითად, დევიდი) ამბავი, რომელმაც გლობალური ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის ამჟამინდელი თანამდებობიდან კერძო, უფრო ფოკუსირებული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა. რა თქმა უნდა, ასეთი ცვლილება არც ისე ადვილი მისაღებია… თუმცა მან მთელი ყურადღება უნიკალურ გამოწვევებსა და ზრდის შესაძლებლობებზე გაამახვილა. ეს მოიცავდა:
- რისი სწავლა სურდა და რა წვლილის შეტანას აპირებდა კარიერის ამ ეტაპზე;
- ვისთვის უნდოდა მომსახურების გაწევა და როგორ;
- როგორი იყო ტემპი, რომლითაც თავისი მიზნების მიღწევა სურდა.
სწორი გადაწყვეტილება თითქმის მაშინვე გახდა ნათელი. დევიდმა გადაწყვიტა, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაეტოვებინა და ახალი როლი შეეთვისებინა.
არ აქვს მნიშვნელობა, აპირებთ სრულ კარიერულ ცვლილებას თუ ამჟამინდელ როლში გსურთ პოტენციალის აღმოჩენა… რამდენიმე კითხვის დასმა და ყველაფრის ობიექტურად შეფასება, შესაძლოა, თავბრუდამხვევი აღმოჩნდეს. ამისათვის ყურადღება გაამახვილეთ სამ რამეზე: მიზანზე, ადამიანებსა და ტემპზე.
მიზანი
შესაძლოა, ცხოვრებისა და სამუშაოსთვის მიზნის განსაზღვრა დამღლელი ჩანდეს. თუმცა თქვენი მამოძრავებელი მიზნის გამოსავლენად, სწრაფი გზაა, გახსოვდეთ, ბოლოს როდის დაასრულეთ გრძელი დღე ენერგიულად და იმაზე სიამაყით, რაც გააკეთეთ. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მიზანი თავად გიბიძგებთ წინსვლისკენ და გადაწვის ნაცვლად, ენერგიით გავსებთ. ამ დროს მთლიანად ღირებულებებსა და მისიაზე ხართ ორიენტირებული.
ჰკითხეთ საკუთარ თავს:
- რა არის ის, რაც თქვენს ყურადღებას იპყრობს და მოქმედებისკენ გიბიძგებთ?
- როგორ გსურთ თქვენი დროის, ფულისა და გავლენის გადანაწილება?
- რა ქმედებები, გამოცდილება და წვლილი ქმნის თქვენს იდეალურ მემკვიდრეობას?
გაითვალისწინეთ, ყველაზე უბედური ადამიანები ისინი არიან, ვინც კარიერას სხვების მოსაზრებების საფუძველზე ქმნის — რა სურს ოჯახს, საზოგადოებას… ასევე, დიდია სოციალური წნეხი იდეალურ და პრესტიჟულ პროფესიებთან მიმართებით.
ადამიანები
ვისთან ვმუშაობთ, ეს არის ჩვენი ინდივიდუალური განვითარებისა და კარიერული პოტენციალის მაჩვენებელი, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება. გუნდის წევრებს დიდი გავლენა აქვთ იმაზე, თუ რა ცოდნად მიიღებთ, ლიდერობის რომელი თვისებები გადმოგეცემათ “მემკვიდრეობით” და მთლიანობაში როგორი გამოცდილება გექნებათ. ამიტომაც, კავშირი დაამყარეთ იმ ადამიანებთან, ვინც თქვენს პირად ღირებულებებს შეესაბამება.
ჰკითხეთ საკუთარ თავს:
- ადამიანთა რომელ წრეშია თქვენი ამბიციების, ბალანსის, გამოცდილების და პრიორიტეტების იდეალები?
- ვინ არიან ლიდერები (თქვენს კომპანიაში, საზოგადოებაში და მსოფლიოში), რომლებსაც თქვენთვის სასურველი უნარები და რეპუტაცია გააჩნიათ?
- რა სახის მენტორები და სპონსორები გჭირდებათ პასუხისმგებლობისა და შესაძლებლობების შესაქმნელად?
ტემპი
სასურველ ტემპს თქვენი მიზნები და ამჟამინდელი ცხოვრებისეული გარემოებები განსაზღვრავს. ამიტომ, იდეალური როლი, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს. იმედგაცრუება კი სწორედ მაშინ იჩენს თავს, როდესაც პროფესიული და პირადი მოთხოვნები ერთმანეთს არ ემთხვევა. სწორი ბალანსის საპოვნელად, ჰკითხეთ საკუთარ თავს:
- რამდენად ხშირად გსურთ კარიერასთან დაკავშირებული უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესება ამ ეტაპზე?
- როგორია თქვენი იდეალური ვადები პროგრესისთვის?
- რა როლის შესრულება გინდათ ცვლილებების შეტანისას? ლიდერობა გსურთ თუ “დამხმარის” პოზიციის მორგება?
როგორ შევაფასოთ ღირებულებების შესაბამისობა კარიერულ შესაძლებლობებთან?
ახალი კარიერული გზის არჩევა საშუალებას გაძლევთ, პროფესიული ცხოვრება თქვენს პრიორიტეტებთან და ღირებულებებთან სინთეზში შექმნათ. ქვემოთ მოცემული რამდენიმე კითხვა დაგეხმარებათ, მომავალი შესაძლებლობების შეფასებისას, ღირებულებები, მოტივაცია და წვლილი გაზომოთ:
მიზანი (კულტურა)
- რა ჰობი და მიზნები აქვთ გუნდის წევრებს სამუშაო პასუხისმგებლობების მიღმა?
- რა მიზნები ამოძრავებს ამ კომპანიის საუკეთესო თანამშრომლებს?
- როგორი მემკვიდრეობის შექმნას აპირებს ეს კომპანია/გუნდი?
ადამიანები (მოტივაცია და წახალისება)
- ორგანიზაციაში თანამშრომლების რომელი თვისებებია ყველაზე ეფექტური?
- როგორ ახორციელებს ეს გუნდი/კომპანია ინვესტირებას თანამშრომლების განვითარებასა და მომზადებაში გრძელვადიან პერსპექტივაში?
- რა არის მოკლე და გრძელვადიანი პრიორიტეტები ამ როლისთვის?
ტემპი (ლიდერობა და ხედვა)
- როგორ და როდის ხდება ძირითადი შედეგების სტიმულირება და გაზომვა ამ გუნდში?
- როგორ რეაგირებს ხელმძღვანელობა თანაგუნდელებზე, რომლებიც სირთულეებს აწყდებიან?
- როგორ ხელმძღვანელობენ “სუპერ შემსრულებლები” გუნდს წინსვლისკენ?
დაბოლოს, გახსოვდეთ, ახალი სამსახურის პოვნამ, შესაძლოა, თქვენთვის აქამდე უცნობი შესაძლებლობები აღმოგაჩენინოთ. ასე რომ, ყოველთვის გაქვთ დრო, იმ მომავლისკენ გადადგათ ნაბიჯი, რომელში ყოფნაც გსურთ.
წყარო: HBR