in

რა გველის Ad Black Sea 2024-ზე?

კრეატიული ინდუსტრიის დღესასწაული ახლოვდება. 12-14 სექტემბერს, ბათუმი კრეატივის საერთაშორისო ფესტივალს Ad Back Sea 2024 უმასპინძლებს. შემოქმედებითი ინდუსტრიის 1300-ზე მეტი წარმომადგენელი, მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის პროფესიონალების გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოპებს, გასართობ ღონისძიებებსა და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. ესაა განტვირთვისა და გადატვირთვის სამი დღე, რომელიც მთელი წლის სამყოფი შემოქმედებითი ენერგიით გვავსებს და ახალი შესაძლებლობებისკენ გვიხსნის კარს. მოდით, გავიგოთ, რა გველის წლევანდელ Ad Black Sea-ზე.

ფესტივალის მთავარი თემა

DEVOTED წლევანდელი ფესტივალის მთავარი სიტყვაა. ყოველწლიურად, ფესტივალი არჩევს ახალ თემას, რომლის გარშემოც არის ფოკუსირებული სპიკერების გამოსვლები და  გასართობი აქტივობები. ფესტივალის მთავარ ვიზუალზე მოგიზგიზე ცეცხლოვანი გული, იმ გულანთებულობაზე, თავდადებასა და „მიძღვნაზე“ მიგვანიშნებს, რაც ასეთი აუცილებელია შემოქმედებითი პროცესისა და თავად კრეატორებისთვის.

ფესტივალის ვიზუალური ნაწილი აერთიანებს ცნობილი სარეკლამო რგოლებით შთაგონებულ ნახატებს, რომლებიც სტენსილით არის დაფარული. მთავარი გზავნილი კი ასეთია – DEVOTED TO CRAFT, TO IDEAS, TO CREATIVITY.

როგორია წლევანდელი ფესტივალის მოლოდინი

„წლიდან წლამდე Ad Black Sea იზრდება და ვითარდება. სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყნიდან ინტერესდებიან ამ სფეროს წარმომადგენლები საქართველოში ჩამოსვლით და ფესტივალზე დასწრებით, შესაბამისად ჩვენი აუდიტორიაც სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. 

ჩვენც ყოველ წელს უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი ერთგული სტუმრების წინაშე, არ გავუცრუოთ იმედები და ამ სამი დღის განმავლობაში შევუქმნათ დაუვიწყარი გამოცდილება, მივცეთ საჭირო ცოდნა და დავეხმაროთ როგორც ლოკალური ისე საერთაშორისო პროფესიული კონტაქტების შეძენაში.

როგორც ყოველთვის, წლევანდელი პროგრამაც შედგება საგანმანათლებლო ნაწილისგან, ჩვენი პარტნიორი ბრენდების აქტივობებისგან, წვეულებების და დაჯილდოების ცერემონიისგან. სცენაზე ვიხილავთ ისეთი ბრენდების და სააგენტოების წარმომადგენლებს, ვისი მოსმენა და გაცნობაც ვფიქრობ, ძალიან დიდი ღირებულების მომტანი იქნება ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. ჩვენთან ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს კი ვიმედოვნებ, რომ ღირსეულად გავაცნობთ ჩვენი რეგიონის პოტენციალს,“ – ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ ცინცაძე.

საკონკურსო ნაწილი

დატვირთული სასემინარო პროგრამის პარალელურად, კონკურსანტები ერთმანეთს 13 ძირითად ნომინაციაში (მათ შორის: ბრენდინგი, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია, კრეატიული
სტრატეგია, ვიდეო რეკლამა) და 100-ზე მეტ ქვეკატეგორიაში შეეჯიბრებიან. მათ ნამუშევრებს 20 ქვეყნიდან მოწვეული 29 კომპეტენტური ჟიურის წევრი შეაფასებს და გამარჯვებულებს
ფესტივალის კულმინაციურ ღონისძიებაზე – დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს. 2023 წლიდან ფესტივალს დაემატა მე-14-ე Young Creative-ის კატეგორიაც, რომლის მხარდამჭერი თიბისი ბანკია და რომელიც მიზნად იმ ახალგაზრდა პროფესიონალის გამოვლენას ისახავს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კონკურსში მონაწილე რომელიმე პროექტში.

Ad Black Sea-ზე, ტრადიციულად, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ACAG წლის კრეატიულ სააგენტოსა და წლის დიზაინ სტუდიას გამოავლენს და მომდევნო წლის სარეიტინგო ქულების ათვლას დაიწყებს.

სპიკერები

ფესტივალის გამომსვლელების შესახებ ინფორმაციას ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ, თუმცა აქვე გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.

Ad Black Sea 2024-ის სცენაზე ვიხილავთ ესპანელ Paco Conde-ს, რომელმაც კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ბრაზილიაში გაატარა და Dove-ის Real Beauty Sketches-ის შექმნაშიც მონაწილეობდა, თუმცა თავად თვლის რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მის კარიერაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა კამპანიამ ორგანოების დონაციის შესახებ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა. სწორედ ამის შემდეგ დააფუძნა Activista და ახლა ბრენდებს ეხმარება უკეთესი სამყაროს შექმნაში.

Paco Conde

გავიცნობთ ბრაზილიელ Saulo Rocha-საც, რომლის ანგარიშზეც 450-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოა.

Saulo Rocha

Tanja Grubner ბრენდის მხარეს გაგვაცნობს და Libresse-ის მიერ სტერეოტიპების მსხვრევის ამბავს მოგვიყვება.

Tanja Grubner

გამომსვლელებს შორის იქნება Iain Tait, Old Spice-ის ცნობილი კამპანიის “Responses” შემქმნელი, თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესო ნაწილი იქნება ციფრული მარკეტინგის ვეტერანის გამოსვლაში.

Iain Tait

სასიამოვნო შეხვედრა გველის Guillermo del Toro-ს პინოქიოსთან და თოჯინის შემქმნელთან, მეტრო ფროდაქშენი და Innocean Berlin მოგვიყვებიან, როგორ მოიგეს წლევანდელ კანის ფესტივალზე პირველი გრან პრი საქართველოს ისტორიაში.

Eter Chkadua / Photo: Ika Pirveli

„უდიდესი პატივით ვმასპინძლობთ ქართველ არტისტებსაც: ეთერი ჭკადუას, ნიკა მაჩაიძეს, მიშიკო სულაკაურს (LAMB) და რადიო თავისუფლებასთან ერთად, გლობალურ და ლოკალურ მედია ლანდშაფტსა და დემოკრატიის ბედზეც ვისაუბრებთ.

წლევანდელი პროგრამა დახუნძლულია ისეთი სპიკერებით, ვის მიერ შექმნილი სარეკლამო კამპანიების გამოც გვიყვარს ეს ინდუსტრია და ვის ნამუშევრებსაც რეფერენსაც ვიშველიებთ ხოლმე ყოველდღიურ საქმიანობაში. ასეთი ლეგენდარული კამპანიების შემქმნელებისგან პირველ პირში ამბის მოსმენა, ყოველთვის უდიდესი შთაგონების და მოტივაციის წყაროა,“ – ამბობს თამარ ცინცაძე.

სტეფან ზაგმაისტერის პროექტი Ad Black Sea 2024-ზე

შარშანდელის მსგავსად, ფესტივალის კონკურსი წელსაც დახურულია რუსული და ბელორუსული სააგენტოების ნამუშევრებისთვის. რუსული აგრესიის წინააღმდეგ იქნება

მიმართული განსაკუთრებული პროექტიც – „დიზაინერები რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, რომელიც ცნობილი გრაფიკული დიზაინერის სტეფან ზაგმაისტერის კურატორობით შეიქმნა. ზაგმაისტერი თბილისს ამ წლის მაისში, Ad Black Sea-ს მიერ ორგანიზებული პირველი თბილისის დიზაინის ფესტივალის ფარგლებში სტუმრობდა და ამ ინიციატივასაც მაშინ

ჩაეყარა საფუძველი. დიზაინერმა უკვე შეარჩია ის ნამუშევრები, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავენ პროტესტს რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ამ ნამუშევრებს ფესტივალის დელეგატები სექტემბერში იხილავენ.

ფესტივალის მხარდამჭერები

უკვე მერვე წელია ფესტივალის ოქროს პარტნიორია თიბისი.

ფესტივალის პარტნიორები არიან: europop, ქარვა, ბაკურიანი, Cellfie, Extra, UN Women, Metro Production, U.S. Embassy in Georgia, D Block, Radio Liberty, Metropol, Ranina Wine, Pepsi, Lays, Maxx Power, Elit Electronics, DeLonghi, ნიკორა, Windfor’s Workshops, Biletebi.ge, VAVAVA Agency, Smugglers, ROOMS, ტენე, Bloom Music.

მედია პარტნირები: Marketer.ge, ფორმულა; ნეტგაზეთი; ბათუმელები; On.ge;  At.ge; პუბლიკა; Forbes; BMG.

თამარ ცინცაძე: ფესტივალს წელსაც ის ბრენდები უჭერენ მხარს, ვისთვისაც კრეატიული ინდუსტრიის განვითარება მნიშვნელოვანია. ფესტივალის გუნდთან ერთად, თითოეული მათგანი უამრავ საინტერესო გამოცდილებას უმზადებს ბათუმში ჩამოსულ სტუმრებს.

როგორ დავესწროთ?

11 სექტემბრამდე, ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე www.adblacksea.com.

Midjourney-მ ფოტოების რედაქტირებისთვის ახალი ფუნქცია გამოუშვა

Netflix-ზე Emily In Paris-ის ყურებისას, სერიალისთვის დამახასიათებელი ნივთების შეძენას შეძლებთ