როცა ვბრაზდებით, ხშირად თავის კონტროლი გვიჭირს, დაუფიქრებლადაც ვამბობთ რაღაცებს და ეს საკმაოდ ხშირი ფენომენია ადამიანებში. აქ კი მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა იწვევს ბრაზს, რათა უკეთ შევძლოთ მასთან გამკლავების გზების პოვნაც.
ალბათ, ხშირად გსმენიათ სუნთქვით ვარჯიშებზე და სხვა მსგავს მეთოდებზე, თუმცა აქ იმის გააზრებაც დაგეხმარებათ, თუ რა მოსდის ჩვენს ტვინს, როცა ბრაზდებით. მოკლედ რომ გითხრათ, ტვინის ემოციებზე პასუხისმგებელი ნაწილი ზედმეტად აქტიურდება, ხოლო ის, რომელიც ფიქრზეა ფოკუსირებული, პასიური ხდება. აი, უკვე ბრაზის მართვა კი ამ უკანასკნელის კვლავ გააქტიურებას ეხება…
რა მოსდის ტვინს, როცა გაბრაზებული ვართ?
ტვინის ემოციებზე პასუხისმგებელი ორი სივრცეა, რომელიც ზედმეტად შეიძლება ააალდეს, როცა გაბრაზებული ვართ:
- ამიგდალა, რომელიც ხარისხზე და ჩვენი რეაქციების ინტენსივობაზეა პასუხისმგებელი, იქნება ეს პოზიტიური თუ უარყოფითი გრძნობები.
- ინსულა — ტვინის რუკას ქმნის, გვეხმარება, გავიგოთ, თუ რას გრძნობს ჩვენი სხეული მსგავს სიტუაციებში.
ამ ორში არსებული აქტივობის ხარისხი კი, თავის მხრივ, ტვინის ფიქრზე პასუხისმგებელი რეგიონებიდან კონტროლდება:
- ორბიტოფრონტალური ქერქი, გვეხმარება, ავწონოთ ჩვენი ქმედებების შედეგები მანამ, სანამ მოქმედებაზე გადავალთ.
- ვენტრომედიალური პრეფრონტალური ქერქი კი სხვების ემპათიაში გვიწყობს ხელს.
რაც უფრო მეტად გამოვიყენებთ ფიქრზე პასუხისმგებელ ტვინის ნაწილს, რათა შევაფასოთ ჩვენი ქმედებები, იმის ჩათვლით, თუ როგორ იმოქმედებს ეს სხვებზე, მით უფრო შევძლებთ გადაწყვეტილებების დაბალანსებული გზებით მიღებას.
სტრესთან დაკავშირებული ბრაზი აზროვნების უნარს აფერხებს
ყველას სხვადასხვა რამ გვაბრაზებს, სტრესი კი ამის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ეს უკავშირდება იმას, თუ რამდენი ნორეპინეფრინი და ნეიროტრანსმიტერი თავისუფლდება. ნორეპინეფრინი ყოველდღიური სააზროვნო ამოცანებისთვისაა საჭირო და როცა მისი დონეები იდეალურია, იგი ზემო ხსენებულ ტვინის ორივე ქერქს ააქტიურებს, შესაბამისად, საშუალებას გვაძლევს, მეტად ფოკუსირებული და მოქნილი გზებითაც ვიფიქროთ.
სტრესის ზრდასთან ერთად კი ნორეპინეფრინიც იმატებას, რაც ფიქრის პროცესს აყოვნებს და ტვინის ემოციებზე პასუხისმგებელ ნაწილებს ააქტიურებს. აღარც სხვებს ვითვალისწინებთ და ყველაფერს ჩვენივე ემოციებზე დაფუძნებული ინტერპრეტაციებით განვიხილავთ. ასე ჩხუბის რეჟიმზე გადავდივართ, რაც ბუნებრივია პასუხის მოქნილად გაცემის შესაძლებლობას ზღუდავს.
ბრაზი მოქმედებისკენ გვიბიძგებს და არა, ფიქრისკენ
დიახ, სწორედ ნორეპინეფრინის გაზრდილი დონე გვიბიძგებს პირდაპირ მოქმედებისკენ — როცა არაკომფორტული გრძნობების წინაშე ვართ, მათი თავიდან არიდება გვინდა რაღაც ისეთის გაკეთებით, რაც გაართულებს ჩვენი იმპულსების კონტროლსა და ჩვენივე ქმედებების შედეგების განხილვას. აი მაგალითად ვინმესთვის გაბრაზებულზე შეტყობინების გაგზავნა რომ გსურთ, რთულია, რეკომენდაციებს მიჰყვეთ და დაიძინოთ… ხოლო, როცა ტვინი ასე მოქმედებს, აღმოაჩენთ, რომ მიღებული შედეგებიც პირდაპირ ქმედებების ბრალია და არა, ფიქრის.
ბრაზი, როგორც დისკომფორტი სხეულისთვის
გაიხსენეთ, რა გემართებათ, როცა ბრაზდებით? იძაბებით, თავი გტკივდებათ, გული გიჩქარდებათ თუ სუნთქვა გიმძიმთ? ფაქტი ის არის, რომ როცა უსამართლოდ გვეპყრობიან, ინსულა ზედმეტად აქტიურდება, რაც ჩვენს სხეულზე პირდაპირ ზემოქმედებს. ამგვარად, როცა სხვებზე ვბრაზობთ, ფიზიკურ დისკომფორტს განვიცდით და თითქოს ქმედებით პასუხის გაცემასაც ძალიან ვჩქარობთ — ვინმეს დასჯა ცუდი ქმედების გამო ჩვენს ტვინს სიამოვნებას ანიჭებს და ეს გრძნობა მსგავს ტენდენციას კიდევ უფრო აძლიერებს…
რჩევები სიბრაზის უკეთ სამართავად
- შეჩერდით — იპოვეთ სივრცე, სადაც აზროვნების უნარი შეგიძლიათ დაიბრუნოთ, ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეთ, შეინარჩუნეთ სიჩუმე და სთხოვეთ, დრო მოგცეთ. როცა სიტუაცია პიკს აღწევს, ეს საკმაოდ რთული იქნება, თუმცა აგრესიულობა არაფერს მოგიტანთ… თქვენი ბრაზის პროგრესს დააკვირდით სხეულის, გონებისა თუ გარემოს მიხედვით, რაც მიგანიშნებთ, როდის არის დრო უკან დახევისთვის, რათა ყველაფერი კიდევ არ გაუარესდეს.
- ისუნთქეთ — ამის კონტროლი ყველაზე მეტად შეგიძლიათ. ძლიერი ემოციები ხშირად სწრაფ სუნთქვას იწვევს, ამიტომ აქ სუნთქვით ვარჯიშებს უნდა მიმართოთ, შესაძლოა, ბევრჯერაც გსმენიათ, მაგრამ ფაქტია, ასე გულისცემის სიხშირის დაბალანსებას, ხასიათის გაუმჯობესებას, სტრესის ჰორმონის დონეების შემცირებასა და დამშვიდებასაც შეძლებთ.
- შეხედეთ ბრაზს ისე, როგორც კომუნიკაციას — როცა ვინმეზე გაბრაზებული ხართ, კარგი იქნება, თუ იმაზე დაფიქრდებით, რატომ იწვევს ეს კონკრეტული დინამიკა არასასიამოვნო შეგრძნებებს. სიბრაზემ, შესაძლოა, დაგვაბრმაოს კიდეც და გვაფიქრებინოს, რომ ყველა კონკრეტულ სიტუაციას ჩვენ მსგავსად უყურებს. განიხილეთ სხვა ადამიანის პერსპექტივები, რადგან ეს თქვენი ტვინის ფიქრზე პასუხსიმგებელ რეგიონებს გააქტიურებისკენ უბიძგებს, ეს სხვებთან კავშირის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.