28
Jan
2020

რა იქნება შენ შემდეგ? – ანა ღვინიანიძე, #აზრები

28 Jan 2020

M2
M2


ეს #აზრები წინა #აზრების გაგრძელებაა და იმას ეხება, თუ როგორია იმ ადამიანების ცხოვრება, ვინც სრულყოფილი მე დაკარგა იმ ურთიერთობის დასრულებასთან ერთად, რომელშიც თავს სასურველად თვლიდა.

თუ ადრე ვიცოდი, რით იქნებოდა სავსე ჩემი დღე, ახლა აღარ ვიცი. შენთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ, განჭვრეტადობის ყველა ნიშანი გამომეცალა ხელიდან, ნივთებმა ის მნიშვნელობა დაკარგეს, რასაც აქამდე ატარებდნენ. ადრე ვიცოდი, როგორ ვცხოვრობდი, ახლა – აღარ ვიცი. ადრე ვიცოდი, რომ გაუჩინარებული „მე“ ის „მე“ იყო, რომელიც მომწონდა და მიყვარდა ჩემში. მე შევძელი და ვისწავლე უჩინრად ყოფნა და ახლა, როდესაც ჩემი სრულყოფილი „მე“ ჩემთან აღარაა, ვგლოვობ.

დღეებს მეგობრებთან მიმოწერები ავსებს. ზოგი მათგანი რას ფიქრობს შენზე, ზოგი – რას. არ შემიძლია, გავამთლიანო ეს დამოკიდებულებები. ვცდილობ, საგულდაგულოდ გადაგმალო მათი ბრაზისგან: „არა, რა მიყვარს, გაგიჟდი?“ და ზოგჯერ ნაძალადევიც მგონია შენი სიყვარულის აღიარება. ზოგჯერ ჩემი მეგობრების გულწრფელი გულშემატკივრობითაც ვიღლები. ზოგჯერ გულწრფელად მაღელვებს, რაში მგულშემატკივრობენ ისინი, თუ არაფრით უნდათ, გაიაზრონ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ შევძელი უპირობობა, მაინც მინდა, უპირობოდ შემეძლოს სიყვარული?

ზოგჯერ მაშფოთებს ჩემი გულუბრყვილობა და ვფიქრდები, როდის ან როგორ დავიჯერე ეს ყველაფერი? როდის შევძელი, დამეჯერებინა, რომ ურთიერთობას არ სჭირდება პირობების შესრულება? როდიდან მჯეროდა, რომ კარგი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებოდი, თუ არასდროს გავაჟღერებდი ჩემს სურვილებს პირდაპირ? ან, რატომ მეგონა, რომ, სულაც, ასეთი ვიყავი – დაბადებიდან უჩინარი ან გაუჩინარებული სხვებისთვის.

ხშირად, ძვირფას ადამიანთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ, ადამიანებს ისევე მოიცავთ მასზე ფიქრი, როგორც ურთიერთობის და მიზიდულობის დაწყებამდე. დაახლოება, ამ მხრივ, ძალიან ჰგავს განშორებას. ორივე შემთხვევაში, მთლიანად მოცული ხარ იმ ადამიანზე ფიქრით, რომელთანაც დაახლოებას ისურვებდი. ყველა საგანი, რომელიც შენ თვალწინ იყო უცნაური ძალით უკავშირდებოდა იმ ადამიანზე ფიქრს, ვინც გიზიდავდა, ყველა საუბარში გინდოდა, მასზე გესაუბრა, გინდოდა, ყველაფერი მისთვის გაგეზიარებინა.

მის შემდეგაც, ასეთივეა დღეები: მისით სავსე. ოღონდ, ამჯერად, ყველა საგანი, რომელიც მას გახსენებს, შენ წინააღმდეგ ამხედრებული გგონია, რადგან, თითქოს, განზრახ გიწვევენ წარსულთან დასაახლოებლად, რომელსაც, სიამოვნებით დაივიწყებდი, მაგრამ რაღაც გაუგებარი მიზეზის გამო, არათუ არ გავიწყდება ყველაფერი, არამედ გამაოგნებელი სიცხადით გახსენდება. ოღონდ, ამჯერად, ის ყველაფერი, რასაც სიხარულით იხსენებდი და ტკბებოდი კიდეც, ამხედრდა შენ წინააღმდეგ და ამხედრდა არა მოგონებები, არამედ ის, რომ ამ მოგონებებს ოდესღაც ტკბილად ფიქრობდი. ახლა კი შენი თავი იმისთვის გკიცხავს, როგორ ვერ მიხვდი, როგორ ვერ გათვალე რაღაც… როგორ ვერ ივარაუდე, რომ ეს ურთიერთობა დასრულდებოდა?

შენს თავთან საუბარში, ათასგზის გადაასხვაფერებ მომხდარს და გლოვობ არა იმას, რაც იყო, არამედ იმას, რა შეიძლებოდა ყოფილიყო. წარსულში განცდილს არაერთგზის „გადაწერ,“ ფიქრობ, როდის რა უნდა გეთქვა, რა იქნებოდა უკეთესი, როგორ უნდა მოქცეულიყავი, რომ ყოველდღიურობაში შეგენარჩუნებინა ის, ვინც თავს „უჩინრად“ გაგრძნობინებდა. და მაინც… როგორ მოხდა, რომ სრულყოფილების განცდის მიუხედევად, სრულიადაც არ აღმოჩნდა ეს ურთიერთობა სრულყოფილი? როგორ გამოვლინდა ის, რომ მეც მქონია სურვილები და ამ სურვილების ხმამაღლა გაჟღერება, მოულოდნელად, შემაძრწუნებელი აღმოჩნდა ჩემთვის? ასე, დაუსრულებლად…

სანამ არ მივუახლოვდები ძირითად კითხვას: როგორ შევძელი უნდობლობისგან, საკუთარი თავის გაუჩინარებაზე დაუღალავი ზრუნვისგან, „მასთან“ შესაბამების გამომფიტავი მცდელობისგან და დანაკლისის შემაძრწუნებელი შიშისგან დანაკლისი გარდაუვალი გამხდარიყო?

ან, როდესაც საკუთარ თავს ჰკითხე, რა გინდოდა შენ, სულსწრაფად უარყავი ამ კითხვაზე პასუხის გაცემის აუცილებლობა.

განჭვრეტადობის ნიშნებზე ანუ ყოველდღიურობის საყრდენებზე

ერთი თვის მანძილზე, კატას ვაჭმევდი. ნაცრისფერი იყო. ახალი წლის დადგომის შემდეგ, ახლომდებარე მაღაზიაში მითხრეს, რომ შეიფარეს. ყოველ ჯერზე, როდესაც იმ მაღაზიასთან მოვხვდები, იმ ადგილისკენ ვიყურები, სადაც იჯდა ხოლმე. ეს მზერა, ალბათ, ერთი თვის მანძილზე შექმნილი განჭვრეტადობის ნარჩენია, იმ ზრუნვის ობიექტის შენარჩუნების უშედეგო მცდელობა, რომელიც ერთი თვის მანძილზე, ჩემს დღეებს აწესრიგებდა.


ანა ღვინიანიძე, ფსიქოლოგი, საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოების თანადამფუძნებელი

განხილვა