ბიპოლარული აშლილობა (BD), უმეტესწილად, განუკურნებელი ქცევითი სინდრომია, რომლითაც უამრავი ადამიანი იტანჯება. ამ დრომდე მეცნიერებმა არ იცოდნენ, რა იწვევდა აღნიშნულ მენტალურ დაავადებას და, შესაბამისად, მისი მკურნალობის გზებიც ნაკლებად თუ არსებობდა. ახლა კი ჟურნალ Nature Neuroscience-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც მკვლევრებმა მის გამომწვევ სავარაუდო მიზეზს მიაგნეს — ბიპოლარული აშლილობა, შეიძლება, ტვინის უჯრედებში ქიმიურ და სტრუქტურულ ცვლილებებს უკავშირდებოდეს.
„ეს არის BD-ს პირველი ღრმა შესწავლა, რომელიც ასობით პაციენტზე ჩატარდა — რეალური გენების შესწავლით, და არა შარდის, სისხლის ან კანის ნიმუშებით. თუ შევძლებთ, ბიპოლარული აშლილობის მიღმა არსებული მექანიზმები ამოვხსნათ, ახალი მიზნობრივი მკურნალობის შემუშავებაც მიღწევადი იქნება“, — ამბობს დოქტორი თომას ჰაიდი.
ბიპოლარული აშლილობა განწყობის ძლიერი ცვალებადობით ხასიათდება, რომელშიც მანიის ეპიზოდები დეპრესიის ეპიზოდებს ენაცვლება. ჩვეულებრივ, ეს მენტალური დაავადება 20-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანებში ვლინდება და მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება მათთან… სტატისტიკურად, BD-ით ამერიკის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 2.8% — ანუ, დაახლოებით, 7 მილიონი პიროვნება იტანჯება.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მედიკამენტი შედარებით ამსუბუქებს მდგომარეობას, მათ ბევრი უსიამოვნო გვერდითი მოვლენა ახლავს თან. ამასთან, ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში პრეპარატებს ეს შემამსუბუქებელი ეფექტიც არ აქვს.
რადგანაც ტვინი რთული აგებულებისაა, მრავალი განსხვავებული ანატომიური და ფუნქციური რეგიონით და გენის გამოხატვის სხვადასხვა ნიმუშით, მეცნიერებმა კვლევა ლიმბური სისტემის ორ ძირითად რეგიონამდე დაიყვანეს. ეს უბნებია ამიგდალა და სუბგენუალური წინა ცინგულარული ქერქი (sACC) — ისინი მნიშვნელოვან როლს არულებს ქცევის, ემოციებისა და მეხსიერების რეგულირებაში.
შედეგად აღმოჩნდა, რომ sACC განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს როგორც ზოგადად განწყობის რეგულირებაში, ისე BD-ის შემთხვევაში. ამასთან, ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანების ტვინში გენების ორ ოჯახში შეინიშნება ანომალიები: ერთი შეიცავს სინაფსებთან დაკავშირებულ გენებს, ხოლო მეორე ასოცირდება იმუნურ და ანთებით ფუნქციასთან. სინაფსი არის ადგილი, სადაც ნერვული უჯრედები ერთმანეთთან ურთიერთობენ, ხოლო იმუნური და ანთებითი გენები სინაფსების ფუნქციონირებაში მონაწილეობს.
მთლიანობაში, წარმოიშვა ვარაუდი, რომ ბიპოლარული აშლილობა სინაფსების ქიმიური და სტრუქტურული ცვლილებებით არის გამოწვეული — ეს ტვინის უჯრედებს შორის კომუნიკაციის დარღვევას იწვევს. სწორედ ეს გაუგებრობა ვლინდება დეპრესიასა და მანიას შორის განწყობის სწრაფი ცვალებადობის სახით.
როგორც მეცნიერები განმარტავენ, ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, თავიანთი მოჭარბებული ენერგიით ყველა გააოცონ… შექმნან წარმოუდგენლად გენიალური რაღაცები, რამდენიმე წუთში მოაგვარონ გადაუჭრელი პრობლემები და ა. შ. მეორე წამს კი მათი განწყობა ისე იცვლება, სრულიად სხვა პიროვნებად იქცევიან — აღარაფრის ძალა აღარ შესწევთ. საკუთარი თავის მიმართ დესტრუქციულები ხდებიან და ირგვლივ ყველაფერს “ანადგურებენ” (იქნება ეს კარიერა თუ ურთიერთობები).
ახლა კი მკვლევრები იმედოვნებენ, რომ პრობლემის წარმოქმნის აღმოჩენით, მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავება იქნება შესაძლებელი… ეს კი ძალიან დიდი შვებას მოუტანს მილიონობით ადამიანს.