in

რა ხდება მეტავერსში და რატომ აღარ ვსაუბრობთ მასზე

ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველანი მეტავერსზე ვლაპარაკობდით. გვაინტერესებდა, რა არის, როგორ განვითარდება, რა შესაძლებლობებს მისცემს მომხმარებელს. იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ბრენდები თავიანთი ციფრული არსებობის ახალ საფეხურზე სწორედ მეტავერსის მეშვეობით გადავიდოდნენ. 

თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა, მეტავერსის შესახებ სიახლეების აქტიურმა გამოქვეყნებამ იკლო და, როგორც ხდება ხოლმე, საზოგადოებამაც სხვა თემები აარჩია ახალი მითქმა-მოთქმის დასაწყებად. იშვიათად თუ ვინმეს გაახსენდება და ჩვენც შეგვახსენებს მეტავერსის ვირტუალურ სამყაროს. ზოგიერთები იმასაც კი ამბობენ, რომ მეტავერსი მოკვდა და ის ახლა ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლა, რომელიც ბევრად საჭიროცაა და უფრო რეალურიც. 

ისეა თუ ასე, გადავწყვიტეთ, გადაგვეხედა მეტავერსის შესახებ დაწერილი ბოლო სიახლეებისთვის და გაგვეგო, რა ხდება მეტავერსში.

მეტავერსის ოფისის კონცეფცია

ერთ-ერთი ბოლოდროინდელი სიახლე, რომელიც მეტავერსის შესახებ ვრცელდება, არის ვირტუალური ოფისის კონცეფცია, რომელსაც მასალას ცნობილი გამოცემა, wired.com უძღვნის. 

ჯერ კიდევ 2022 წელს, Microsoft-თან თანამშრომლობით, მეტავერსმა შექმნა ვირტუალური სამუშაო ოთახები შეხვედრებისთვის. თავის მხრივ, IT კომპანია Accenture-მა საკუთარი მეტავერსია შექმნა სახელწოდებით Nth სართული, რომელიც მოიცავდა მისი ოფისის ციფრულ ასლს თავისი ავატარებით. აქვე იყო კომპანიის ვირტუალური კაფეც კი. 

თუმცა ამ იდეების უმეტესობა მხოლოდ ინოვაციურ ხედვად დარჩა და, როგორც კვლევები აჩვენებს, რეალური გამოყენება თითქმის არ ჰქონია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხედვა მკვდარია. უფრო მეტიც, ექსპერტების თქმით, კომპანიები ჯერ კიდევ ეძებენ მეტავერსის გამოყენების საუკეთესო შემთხვევებს. ისინი ამბობენ, რომ მეტავერსი, როგორც კონცეპტი, არის ძალიან საინტერესო და მიმზიდველი, თუმცა ამ ვირტუალურ პლატფორმას სჭირდება განახლება, რომლითაც ის მოერგება სხვადასხვა ტიპის თანამშრომლებს. კომპანიები იმასაც დასძენენ, რომ უნდა გაუმჯობესდეს ტექნოლოგია, რომელიც ხალხში მეტ ნდობას აღძრავს.

საბოლოო ჯამში, ციფრული რეალობის მკვლევრები წერენ, რომ მეტავერსი ისე უნდა განვითარდეს, მოერგოს რეალური ადამიანების საჭიროებებს. მან უნდა გააძლიეროს ჩვენი რეალობა და არა შეცვალოს იგი. როგორც ამბობენ, დღევანდელი მეტავერსით იმიტომ არ არის იმხელა დაინტერესება, როგორსაც თავიდან ელოდებოდნენ, რომ ის ძალიან აცდენილია რეალობას და ზედმეტად ვირტუალურია. 

„კარგი იქნება, თუ ადამიანებს მეტი თავისუფლება ექნებათ, აირჩიონ და თავად შექმნან ვირტუალური სამუშაო გარემო და არ უნდა იყოს ტექნიკოს-დეველოპერების გადასაწყვეტი, როგორ გვსურს, განვიცადოთ მეტავერსია”, – ნათქვამია სტატიაში.

მეტავერსის საგანმანათლებლო გამოყენება

კიდევ ერთი ბოლოდროინდელი მასალა მეტავერსის შესახებ განათლების თემას მოიცავს. მას გამოცემა govtech.com გვიზიარებს და გვეუბნება, რომ მეტავერსიის ტექნოლოგიები, როგორიცაა ვირტუალური რეალობა (VR) და გაძლიერებული რეალობა (AR) მზადაა საგანმანათლებლო გამოყენებისთვის, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კი ის მეტად განვითარდება და ფეხს მოიკიდებს ჩვენს რეალობაში.

ამის მაგალითად გამოცემას მოჰყავს ის, რომ აკადემიური დაწესებულებები მეტავერსიულ გამოცდილებებს უკვე პარალელურად ნერგავენ თავიანთ პრაქტიკაში. ჰარვარდის უნივერსიტეტმა შექმნა VR გამოცდილება ცილების მოლეკულური სტრუქტურისთვის, ხოლო ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტმა (UCF) შექმნა AR აპლიკაცია ადამიანის გულის შესასწავლად.

გარდა ამისა, ზოგიერთი კერძო კომპანია ქმნის საგანმანათლებლო ვიდეოთამაშებსა და სიმულაციებს VR-ისა და AR-ის საშუალებით.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი სკეპტიკურად უყურებს ახალ ტექნოლოგიებს, მკვლევრების აზრით, განათლებაში მეტავერსიული ტექნოლოგიების გამოყენების დადებითი მხარეები მომავალ წლებში ინდუსტრიას ახალ სიმაღლეებზე აიყვანს. ყველაზე ახლო და რეალურია ის, რომ Metaverse ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც თამაშებით განათლების მიღების საშუალება. ვიდეოთამაშები უკვე გამოიყენება საგანმანათლებლო მასალებისთვის, რათა დაეხმაროს სტუდენტებს დაინტერესდნენ და მეტად ჩაერთონ სასწავლო მასალაში. 

ასევე, შესაძლებელია, გაიზარდოს განათლების ხელმისაწვდომობა. მაგალითად, აუდიოზე დაფუძნებული ხელსაწყოებით, მხედველობადაქვეითებული სტუდენტებისთვის შესაბამისი რესურსების შექმნა.

უფრო ფართოდ განიხილება ონლაინსწავლების ფორმატებიც, რომლებიც ძალიან პრაქტიკულია და სტუდენტს საშუალებას აძლევს, ნაკლები დრო და რესურსი დახარჯოს იმაზე, რომ ფიზიკურად ესწრებოდეს ლექციებს.

ამ გაგებით, განათლების ბაზრის წარმომადგენლებმა უნდა შეისწავლონ მეტავერსის ინსტრუმენტები, შეიმუშაონ და გაავრცელონ ისინი. წარმომადგენლებში შედის როგორც თავად მეტავერსის შემქმნელები, ისე სხვადასხვა სერვისის პროვაიდერი, როგორიცაა AR და VR მოწყობილობების მწარმოებლები და მომწოდებლები. აგრეთვე, სამთავრობო ორგანიზაციები და ტექინვესტორები.

რა აშინებს მომხმარებელს მეტავერსში

ყველაფერი, რასაც ადამიანები აკეთებენ ინტერნეტში, ქმნის მონაცემების კვალს, რომელიც დაკავშირებულია მათ იდენტობასთან. სოციალური ქსელების მეშვეობით ჩვენ ვხედავთ ერთმანეთის ნათელ სურათს და ვიგებთ, როგორია მათი პიროვნება. 

გამომდინარე იქიდან, რომ მეტავერსში მონაცემების მოპოვების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობაა, მისი მომხმარებლების მიერ გენერირებული მონაცემები შეიძლება შეიცავდეს უამრავ დეტალს იმის შესახებ, თუ ვინ არიან ისინი: რას უთმობენ ყველაზე დიდ დროს, რას აქცევენ ყურადღებას, როგორია მათი ჯანმრთელობისა თუ ფიზიკური მდგომარეობა.

ამიტომაც მკვლევრები მეტავერსის შემქმნელებს ურჩევენ, რომ მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ კონტროლი საკუთარ მონაცემებზე. ეს მონაცემები შეიძლება ინახებოდეს დეცენტრალიზებულ საცავში, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ მომხმარებლისთვის და მხოლოდ მისი შეხედულებისამებრ განთავსდეს.

შეჯამება

მეტავერსი, რომელსაც დიდი ტექნოლოგიური აჟიოტაჟით გვირეკლამებდნენ, როგორც ახდენილ სამეცნიერო ფანტასტიკას, ფაქტია, რომ ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა ის არც მომკვდარა, როგორც ბევრს ჰგონია. როდის და როგორი სახით დაგვიბრუნდება მეტავერსი, ჯერ არ ვიცით, მაგრამ, თუ ბოლოდროინდელ მიღწევებს გადავხედავთ, მისი გაუმჯობესებული ვერსია შესაძლოა უფრო საინტერესო იყოს საზოგადოებისთვის, მეტად ენდოს მას და დაინახოს მისი რეალური საჭიროება.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

სკოლისაკენ ჰერი, ჰერი! როგორ უნდა გამოიყენონ ეს პერიოდი კომპანიებმა

როდის შეიქმნა პირველი სარეკლამო სააგენტო?