რამდენიმე დღის წინ New York Times-ში როჯერ როზენბლატის ესე გამოქვეყნდა, სათაურით „რა ხდება, როდესაც მხატვარი მხედველობას კარგავს“. სტატიაში კი მის შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ. ტექსტში მთელი სიმძაფრითაა გადმოცემული, რა შეგრძნებებთან და სირთულეებთანაა დაკავშირებული მხედველობის გაუარესება და როგორ უმკლავდება ამას ხელოვანი. ამასთან, ავტორი თავის გამოცდილებას გვიზიარებს, რათა უკეთ გავიგოთ გარშემო მყოფების თუ საკუთარი თავის.
„რამდენიმე წლის წინ მხედველობაზე პრობლემები შემექმნა. ფორმებს ვერ ვასხვავებდი, ყველაფერმა ფერი დაკარგა და ჩემი სამყარო 1940-იანი წლების კინოს დაემსგავსა — მე კი მოუხერხებელ დეტექტივად ვიქეცი.
პირდაპირ ვეჯახებოდი ადამიანებს, ბორდიურებსა და ზღურბლებზე ვიბნეოდი. დილაობით ჩემს ძაღლ მოლისთან ერთად სეირნობისას კი მის იმედგაცრუებას ვგრძნობდი, როცა ვყოყმანობდი და ვერ ვხვდებოდი, საით უნდა წავსულიყავი. ძაღლები ხომ ისედაც ვერ ხედავენ კარგად, ნელ და არასტაბილურ კაცზე მიჯაჭვულობა კი კიდევ უფრო შემაწუხებელი უნდა ყოფილიყო. თითქოს, მეკითხებოდა კიდეც: რა დაგემართა, დაბრმავდი?
საბოლოოდ, კატარაქტის დიაგნოზი დამისვეს. როგორც ჩემმა ოფთალმოლოგმა მითხრა, ზოგიერთ ადამიანს კატარაქტის იმდენად მძიმე ფორმა აქვს, რომ ფაქტობრივად ვერაფერს ხედავენ. მხედველობის გაუარესება გაიძულებს, სხვა გრძნობებს და ირგვლივ მყოფთა დახმარებას დაეყრდნო, რათა სივრცეში ნავიგაცია შეძლო. ამავდროულად, იძულებული ხარ, შინაგანი კრეატიულობა გამოიყენო იმ სამყაროს აღსაქმელად, რომელსაც ვეღარ ხედავ.
ამ პერიოდში დავიწყე იმ ძალებზე ფიქრიც, რომელიც ჩვენს ცხოვრებას მართავს. გრავიტაცია, მაგნიტური ველები, ელექტროობა — და ასევე, სიყვარული, მწუხარება, მორალი, რწმენა და კრეატიულობა. მდგომარეობის ფონზე წიგნზე მუშაობაც დავიწყე, სახელწოდებით „Cataract Blues“. ეს უკანასკნელი ეხებოდა ხილულსა და უხილავს, წარმოსახვითს, საიდუმლოს, მუსიკას და მოულოდნელობას. წიგნში საკმაოდ ბევრს ვწერ ჯაზზე, ფიგურალურად ვჯდები ფორტეპიანოსთან და ვპატიჟებ მკითხველს, გვერდით დამიჯდეს და ნახოს, რას აღმოაჩენს ჩემთან ერთად.
ჩემი მდგომარეობა ფიქრიდან აზრამდე, გამოსახულებამდე და მეხსიერებამდე იცვლებოდა. რა თქმა უნდა, ხშირად ვცდებოდი. ჯაზის იმპროვიზაციის დროსაც ხომ ასეა: თუ ერთი შეცდომა მოგდის, შეგნებულად უშვებ მეორესაც, სანამ შეცდომების მთელ რიგს არ შექმნი, როგორიცაა ცხოვრება.
სიმბოლურად, წიგნის ილუსტრაციაზე ჩემმა მეგობარმა ჯულს ფაიფერმა, ლეგენდარულმა ანიმატორმა იმუშავა. მისი მდგომარეობა ჩემსაზე უარესია, რადგან „მაკულარული დეგენერაცია“ აქვს და ერთადერთი გზა იმის დასანახად, თუ რას ხატავს, თავის მუდმივად გვერდით გადახრაა. თუ არ ჩავთვლით უსაზღვრო ფანტაზიას, რომლითაც მთელ სამყაროს აღიქვამს. რადგანაც მას კითხვისთვის საკმარისი მხედველობა არ აქვს, ჩემს ნაწერს თავისი მეუღლე, ჯოანი უკითხავდა.
მოკლედ, მე ვწერდი, ჯოანი კითხულობდა და დანარჩენს ჯულსი წარმოიდგენდა. და როგორც ხელოვანი, ის წარმოუდგენელ რაღაცებს ხედავდა. ერთხელ ჯოანმა მითხრა: „ცდილობს, შენს წიგნს პოეტური შესატყვისი მოუძებნოს. თითქოს, მუსიკალურად აფორმებდეს მას“.
წიგნზე მუშაობისას, ჩემი მხედველობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. აღარ მიჭირდა ქუჩაში სიარული და შევატყვე, რომ ბინდიც აღარ მქონდა თვალებზე გადაკრული. პარალელურად, ჯულსის მხედველობა სულ უფრო უარსდებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი ნამუშევრები შთამბეჭდავი იყო — ყველა პერსონაჟს ისე „ამღერებდა“, როგორც თავიანთ კომპოზიციებს.
პერსი შელი 1821 წელს წიგნში „A Defense of Poetry“ წერდა, რომ ხელოვანმა უნდა ისწავლოს იმის წარმოდგენა, რაც იცის. ბევრი მხატვრისთვის მაკულარული დეგენერაციის განაჩენი, შესაძლოა, ყველაფრის დასასრული იყოს. ჯულსისთვის კი ეს იყო იმის წარმოდგენა, რაც მან ან უკვე იცოდა, ან — არა“.