დღეისათვის იუთუბზე უამრავ არხს შევხვდებით, რომელთაგან ზოგიერთი ძალიან პოპულარულია, ზოგიერთის არსებობის შესახებ კი თავად შემქმნელსაც კი ავიწყდება… YouTube-ის ტრენდების მენეჯერი, Kevin Allocca გვიზიარებს ხრიკებს, თუ რატომ ხდება ვიდეო ვირუსული და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს ამას…
„ჩვენ ყველას გვინდა ვიყოთ ცნობილები, მომღერლები, კომიკოსები. პატარაობისას ეს ძალიან რთულად მეჩვენებოდა, მაგრამ ახლა ვიდეო სტრიმინგის პლატფორმამ საშუალება მოგვცა, რაც გვინდა ის ვაკეთოთ და ჩვეულებრივ შევუერთდეთ ცნობილთა რიგებს, ჩვენი კულტურის ნაწილად ვიქცეთ. შესაძლოა, მომდევნო შაბათს ნებისმიერი თქვენგანი იქცეს ვარსკვლავად. უბრალოდ, ყოველ წუთს 48 საათის ოდენობის ვიდეო იტვირთებდა იუთუბზე, მათგან კი ძალიან მცირე რაოდენობა ვრცელდება ვირუსულად“, — აღნიშნავს კევინი.
ამ ვირუსულობას კი სამი ფაქტორი განსაზღვრავს: „გემოვნების შემქმნელები“, საზოგადოების ჩართულობა და მოულოდნელობა.
პირველი ფაქტორის განხილვისას კევინმა ერთ-ერთი ჩვეულებრივი, რიგითი ვიდეო გაიხსენა, რომელშიც უბრალოდ ცისარტყელა იყო ნაჩვენები. ამაში არაფერია განსაკუთრებული, თანაც ამ იუთუბ-არხის შემქმნელს ბევრი სხვა თემატური, ბუნებასთან დაკავშირებული ვიდეო ჰქონდა ატვირთული. მიუხედავად ამისა, ამ კონკრეტულმა ერთი წლის მანძილზე 23 მილიონი ნახვა მოაგროვა, მიზეზი კი საკმაოდ „ბანალურია“: ის ამერიკელმა პროდიუსერმა, სცენარისტმა და კომიკოსმა ჯიმი კიმელმა საკუთარ ტვიტერზე გააზიარა… საზოგადოებისთვის კი ამ პიროვნებას „სიტყვა ეთქმის“ — ერთგვარ საზომს წარმოადგენს, რა არის კარგი და გემოვნებიანი.
ანალოგიურად მოხდა რებეკა ბლექის სიმღერის, Friday-ის შემთხვევაშიც, უბრალოდ აქ მეორე ფაქტორმაც — საზოგადოების ჩართულობამაც იჩინა თავი, პირველ რიგში, მომღერალმა ისეთი სახელწოდება შეურჩია სიმღერას და ისეთ თემაზე ააგო, რომელიც ყოველდღიური თუ არა, ყოველკვირეული ცხოვრების ნაწილი მაინცაა. ამას მოჰყვა ასევე ცნობილი პირების მიერ რემიქსების შექმნა, სხვადასხვა სტილში გარდაქმნა, კომიკური ვერსიების შემუშავება და ა. შ. მთლიანობაში უამრავი ადამიანი ჩაერთო ერთი ვიდეოს „უნებურად“ თუ თვითნებურად პოპულარიზაციაში. დღეისათვის ამ სიმღერის 10 000 პაროდიაც კი არსებობს.
„მე-20 საუკუნის გართობისგან განსხვავებით, ეს საზოგადოების ჩართულობა არის ის, რაც ფენომენის ნაწილად გვაქცევს“, — ამბობს კევინი.
ალბათ, არც არავინ მოელოდა, რომ ეს ორი არაფრით გამორჩეული ვიდეო ვირუსულად გავრცელდებოდა. სწორედ აქ იკვეთება მოულოდნელობის ეფექტი — გვიკვირს, როდესაც რაღაც ისეთს იტაცებენ, რასაც ბევრი ლოგიკური საფუძველი არ აქვს. „თუმცა სამყაროში, სადაც ყოველწუთს უამრავი ვიდეო იტვირთება, სწორედ უნიკალურობითა და მოულოდნელობით გაჟღენთილ სიუჟეტებს აქვს ვირუსულად გავრცელების შანსი“.
გამოდის, „გემოვნების შემქმნელები“, საზოგადოების ჩართულობა და მოულოდნელობა, ის ფაქტორებია, რომლებიც ახალი სახის მედიას თუ კულტურას სჭირდება… კულტურას, რომელშიც თავად აუდიტორია განსაზღვრავს, რა უნდა იყოს პოპულარული.