in

რა ქმნის ეფექტურ დიზაინს? — Ikea-ს შემოქმედებითი დირექტორის მოსაზრება

„ვფიქრობ, დიზაინი და დიზაინფიქრი ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე. არასდროს ყოფილა იმაზე მეტი გადასაჭრელი პრობლემა, ვიდრე ახლაა მსოფლიოში“, — ამბობს მარკუს ენგმაბი, Ikea-ს კრეატიული დირექტორი. მან 6 წელი მიუძღვნა ამ ბრენდის განვითარებას, როგორც დიზაინის ხელმძღვანელმა; შემდეგ კი შემოქმედებითი დირექტორის როლი დაიკავა.

როგორც Fast Company-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, ამჟამად ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მდგრად განვითარებაზე ფოკუსირებაა. შესაბამისად, დიდი თუ მცირე კომპანიები აუცილებლად უნდა ფიქრობდნენ ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივებზე — სხვაგვარად მომხმარებელთა ნდობას დაკარგავენ.

ამავდროულად, ტექნოლოგიური ცვლილებების როლსაც გამოყოფს: „დიზაინში ყველა დიდი ცვლილება ტექნოლოგიური სიახლეების თანმდევია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამგვარი წინსვლის როლი მნიშვნელოვანია“. თუმცა მხოლოდ ეს ტექნიკური მხარე არ კმარა წარმატების მისაღწევად და გამორჩეული ნიშის საპოვნელად. სანაცვლოდ, დიდი ბრენდების მთავარი საიდუმლო ხალხთან სიახლოვეა. მარკუსის თქმით, არ შეიძლება უბრალოდ კონცეფციის ჩამოყალიბება და მოლოდინის შექმნა, რომ ის რაღაცას შეცვლის — მთავარია, ნებისმიერი იდეა თუ პროდუქტი საზოგადოების ბუნებრივ ნაწილად იქცეს.

„Covid-19-მა დაგვანახა, რომ საბოლოოდ ყველაფერი ურთიერთობას ეხება. არავის უყვარს მარტო ყოფნა… ეს ჩვენს დიზაინშიც ჩანს, რადგან არასდროს ვკონცენტრირდებით სიმარტოვის განცდაზე — პირიქით, შესაბამის სივრცეს ვქმნით ადამიანების შესახვედრად“, — ამბობს მარკუსი.

გარდა ამისა, წარმატების ნაწილად მიიჩნევს ცნობისმოყვარეობას. ბრენდისთვის ამგვარი იდენტობა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ საკუთარი თავის განსავითარებლად, არამედ აუდიტორიაზე ფართო ჭრილში დასაფიქრებლად. ზოგადად, ეს კარგი ამოსავალი წერტილია ნებისმიერი სახის ურთიერთობისთვის, რადგან ცნობისმოყვარეობით სულ უფრო მეტს იგებთ როგორც არსებული მოცემულობის, ისე ტრენდებისა და სამომავლო გეზის შესახებ.

აი, როგორ მუშაობს ფუდ-ფოტოგრაფი

შექმნეს DVD-ის ფორმის დისკი, რომელიც 200 000 გიგაბიტ მონაცემს იტევს