უკვე ორი ათეული წელია, რაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მშვიდობიანი თანამშრომლობა არსებობს, თუმცა ეს, შესაძლოა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მალევე დასრულდეს.
რუსეთის კოსმოსური სააგენტოს — Roscosmos-ის ხელმძღვანელის დიმიტრი როგოზინის მიერ გაკეთებული კომენტარების გათვალისწინებით, ეს საკმაოდ მოსალოდნელიც შეიძლება იყოს. ნასა კი ახლა ყველა შემთხვევას განიხილავს, მათ შორის, რა მოხდება თუ რუსები სადგურს დატოვებენ…
განცხადების მიხედვით, ოპერაციების შესრულებისას, ერთი ქვეყანა მეორეზე სრულად არის დამოკიდებული. მაშინ, როცა რუსები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მაგალითად, მუშაობაში, კონტროლში, კოსმოსური ნამსხვრევების თავიდან აცილებასა და მისიების შესრულებაში ეხმარება, ამერიკა ენერგიას აწვდის და სისტემას საჭირო რესურსებით ამუშავებს.
ისიც მართალია, რომ, შესაძლოა, რუსების მიერ კოსმოსური სააგენტოს დატოვება დამღუპველი იყოს, მაგრამ ისინი კოსმოსში მარტო მისიების შესრულებასაც ვერ შეძლებენ. როგორც ნასაში აღნიშნავენ, „კოსმოსური სადგური დასაშლელად არ შექმნილა და სადგურის თითოეულ სეგმენტს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება აშშ-სა და რუსეთის დამოუკიდებლად ფუნქციონირებას შეუშლის ხელს“.
თუმცა როგოზინის უცნაური ვიდეოც რუსეთის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დატოვებაზე საუბრობს, რასაც საკმაოდ ცუდი შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს — შეიძლება, სადგურმა ვეღარც იმუშაოს… ამის შეცვლისთვის კი ამერიკას საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რაც პროგრამულ უზრუნველყოფას, დროსა და დაფინანსებას საჭიროებს. აშშ-ის ერთადერთი კომერციული კოსმოსური ხომალდიც კი ვერ ჩაანაცვლებს რუსების წილს კოსმოსური სადგურის მუშაობაში.
ამასთან, 2030 წლისთვის სადგურის გაუქმებისთვის რუსების ჩართულობაც საჭირო იქნება, თუკი აშშ-ის ხომალდს ისე ვერ დახვეწავენ, რომ სადგურის ორბიტიდან გასაყვანად საკმარისი ბიძგი წარმოქმნას. ხოლო თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი ჯერ კიდევ აგრძელებს უკრაინის დაბომბვას, კოსმოსური სადგურის სამომავლო პერსპექტივები არც თუ ისე დიდია.