ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ეთერში ბრუნდება და შაბათს, 25 მაისს, 23:30 საათზე გავა. პროექტის გენერალური პარტნიორი adjarabet.com-ია.
„რა? სად? როდის?“, წლების განმავლობაში, ქართველების ერთ-ერთი საყვარელი გადაცემა იყო, თუმცა რვა სეზონის შემდეგ, 2016 წელს, პროექტი დროებით დაიხურა.
გადაცემის დახურვას თამაშის პოპულარობა არ შეუმცირებია, დღესაც – მთელს ქვეყანაში უამრავი ახალგაზრდაა ჩართული მსგავსი პროექტების ორგანიზებასა და მონაწილეობაში. საქართველოში ინტელექტუალური თამაშების პოპულარიზაციაში კი, ყველაზე დიდი წვლილი სწორედ „რა? სად? როდის?“ მიუძღვის. მონატრებული პროექტის დაბრუნების შესახებ ინტელექტკლუბის ხელმძღვანელი, გიორგი მოსიძე საუბრობს:
რამდენად იყო მაყურებლის მხრიდან მოთხოვნა, რომ დაბრუნებულიყავით?
ისეთი სერიოზული ტალღა მოდიოდა მოსახლეობისა და ძველი მაყურებლებისგან, რომ ფიზიკურად ვეღარ გავუძელით და გადავწყვიტეთ, პროექტი აღგვედგინა. 3 წლის წინ, ასე ვთქვათ, მოყირჭებას ვგრძნობდით, რადგან გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს ყოველ ორშაბათს ახალი შოუს ჩაწერა, თუმცა ახლა ვგრძნობთ შიმშილს და მზად ვართ, ძველებური ენერგიით შევუჩნდეთ ჩვენს მოაზროვნეებს.
როგორი შეგრძნებაა ამდენი ხნის შემდეგ ეთერში დაბრუნება?
სერიოზული ადრენალინია და დარწმუნებული ვარ, გუნდი ინანებს, რომ გადაწყვიტა, ეთამაშა. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ყველანი ძალიან მოხარულები ვართ და ერთი სული გვაქვს, როდის დავუბრუნდებით სატელევიზიო სივრცეს.
რით იქნება გამორჩეული ეს სეზონი?
ამ სეზონზე იმავე ფორმატით წარვდგებით მაყურებლის წინაშე, თუმცა შემდეგი წლისთვის ვფიქრობთ გადახალისებას, მემკვიდრეობის გაგრძელებასა და ახალგაზრდა მოაზროვნეების შემოერთებას.
შოუში უამრავი სპორტსმენი მოგიწვევიათ, ამ სეზონშიც ველოდოთ მსგავს მოულოდნელობებს?
სპორტსმენები მოდიოდნენ სტუმრად, მათ არ სცალიათ თამაშისთვის, გვყავდა ჟურნალისტების გუნდი და გაისად ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად ჩავატარებთ ექსპერიმენტებს, ამიტომ მოულოდნელი არაფერია.
პარტნიორის კონტენტი