ცოტა უცნაურად კი შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ბევრი რამის სწავლა შეიძლება ჩვენთვის საყვარელი, გამოგონილი პერსონაჟებისგან, იქნება ეს შერლოკ ჰოლმსი, ტონი სტარკი თუ უოლტერ უაითი. თანაც, არ აქვს მნიშვნელობა, შემოქმედებით კრიზისში ხართ, პერფექციონიზმს უმკლავდებით თუ უბრალოდ მოტივირება გსურთ, რაღაცის სწავლა ნებისმიერი პერსონაჟისგან შეიძლება… ამიტომაც ახლა მოგიყვებით, კონკრეტულად, რა შეგიძლიათ ისწავლოთ ჰარი პოტერის, Breaking Bad-ის, შიმშილის თამაშების, ტედ ლასოს, შერლოკ ჰოლმსის, რკინის კაცისა და Star Trek: The Next Generation-ის პერსონაჟებისგან:
შერლოკ ჰოლმსი: ფოკუსირდით საქმეზე
პერსონაჟის შესახებ: შერლოკ ჰოლმსი ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გამოგონილი დეტექტივი. ინტელექტით, დედუქციური მსჯელობითა და დაკვირვების უნარებით გამოირჩევა, შესაბამისად, ძალიან კომპლექსურ შემთხვევებსაც უზუსტესად აგვარებს. მისი გენიალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ საქმეზე ფოკუსირება შეუძლია, ყველანაირი ყურადღების გამფანტავი საკითხების თავიდან არიდებით.
რა შეგვიძლია ვისწავლოთ შერლოკ ჰოლმსისგან? შერლოკი მკვლელის ძიებისას თან არ სქროლავდა… სრულად კონცენტრირებული იყო და ეს ზუსტად ის არის, რაც შემოქმედებით ადამიანებს სჭირდებათ დიდ პროექტებზე მუშაობისას. ამიტომ, თუ გსურთ, თქვენს სფეროში იყოთ შერლოკი, მაშინ გამოყავით კონკრეტული საათები მხოლოდ მუშაობისთვის, გათიშეთ შეტყობინებები ან თუნდაც მიმართეთ Pomodoro-ს ტექნიკას. მოკლედ, თავი აარიდეთ ყურადღების გამფანტავ საკითხებს და საქმეზე ფოკუსირდით.
ტონი სტარკი: გააცოცხლეთ თქვენი იდეები დასაწყისშივე
პერსონაჟის შესახებ: მილიარდერი გენიოსია, სუპერ გმირი რკინის კაცი, რომელიც ტექნოლოგიური უნარებითა და ამპარტავნობითაა ცნობილი. თუმცა, საკუთარი დიზაინები რომ გამოცადოს, ამისთვის სრულყოფას არ ელოდება, პირიქით, უხეშ ვერსიებს ტესტავს და გამუდმებით ზრუნავს გაუმჯობესებაზე, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ასეთი მცდელობა დიდი აფეთქებით დასრულდა…
რა შეგვიძლია ვისწავლოთ რკინის კაცისგან? სრულყოფილების ლოდინი სატყუარაა, რაც უფრო ადრე გააცოცხლებთ თქვენს იდეას, იქნება ეს ცუდი სკეტჩის, პირველი დრაფტისა თუ პროტოტიპის სახით, მით უფრო მალე დახვეწავთ მას. ამიტომ, უბრალოდ დაიწყეთ. სრულყოფილება გვიან ან საერთოდ არ მიიღწევა და ეს ნორმალურია.
ჰერმიონ გრეინჯერი: მუდმივად ისწავლეთ
პერსონაჟის შესახებ: ერთ-ერთი პერსონაჟია ჰარი პოტერიდან, წიგნების მოყვარულია, რომელიც ყოველთვის მზადაა კლასში და სწორედ სწავლისადმი ერთგულება აქცევს მას ყველაზე დიდ ჯადოქრად.
რა შეგვიძლია ვისწავლოთ ჰერმიონ გრეინჯერისგან? უნარები ძველდება. ბაზრები იცვლება. ახალი ტექნოლოგიები ჩნდება. თუმცა, თუ ახალ ტრენდებს, ინსტრუმენტებსა და ტექნიკებს დაეუფლებით, შეუჩერებელი გახდებით. ონლაინ კურსები, პოდკასტები და კარგად დაძველებული წიგნები თქვენს მეგობრებად აქციეთ. ამგვარად, ცოდნა ძალაუფლებაა და არასდროს შეწყვიტოთ ეს პროცესი.
უოლტერ უაითი: შეადგინეთ დეტალური გეგმა
პერსონაჟის შესახებ: Breaking Bad-ის მთავარი პერსონაჟი ქიმიის მასწავლებელია, თუმცა, მას შემდეგ, რაც მეთანის საოცარ ფორმულას შეიმუშავებს, ჰაიზენბერგს დაირქმევს… სხვებისგან კი მას დაგეგმვის საოცარი უნარი განასხვავებს — წინასწარ განსაზღვრავს რისკებს და გამოსავალს ყველა შესაძლო სცენარს მოიფიქრებს.
რა შეგვიძლია ვისწავლოთ უოლტერ უაითისგან? არ აქვს მნიშვნელობა ახალ პროექტს უშვებთ, იდეას თუ უბრალოდ დედლაინამდე გსურთ დავალების მოსწრება, დეტალური დაგეგმარება დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ პოტენციური დაბრკოლებები.
ქეთნის ევერდინი: იყავით მოქნილი და არა, უნაკლო
პერსონაჟის შესახებ: მოზარდებისთვის საყვარელი შიმშილის თამაშების ერთ-ერთი პერსონაჟია, რომელიც სწრაფი აზროვნებისა და ადაპტაციის უნარით გადარჩება. პერფექციონიზმისთვის დრო არ აქვს, ამიტომაც, სწრაფ, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იღებს და ირგვლივ არსებულ რესურსებს ისე იყენებს, რომ ოპონენტებს აჯობოს.
რა შეგვიძლია ვისწავლოთ ქეთნის ევერდინისგან? როცა დედლაინი ახლოვდება ან გარემოებები რთულდება, საქმის უნაკლოდ შესრულების ნაცვლად, მოქნილობაზე ფოკუსირდით. მიიღეთ არსებული ქაოსი, სწრაფი გადაწყვეტილებები და დახვეწაზე მოგვიანებით იზრუნეთ.
ტედ ლასო: მართეთ პოზიტიურად
პერსონაჟის შესახებ: ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელია, რომელსაც ინგლისური საფეხბურთო გუნდისთვის დაიქირავებენ. მართალია, ცოტა რამ იცის ამ სპორტის შესახებ, მაგრამ გამოუსწორებელი ოპტიმისტია, რომლის სიკეთე და თანაგრძნობა სრულად გარდაქმნის გუნდს. ადამიანების რწმენის უნარით ნდობისა და განვითარების კულტურას ქმნის.
რა შეგვიძლია ვისწავლოთ ტედ ლასოსგან? მაშინაც კი, როცა რაღაცები არასწორად მიდის, პოზიტიური აზროვნების შენარჩუნება, როგორც თქვენ, ისე თქვენს კოლეგებს მოტივირებულს გახდის. ოპტიმიზმი კვებავს შემოქმედებითობას. ამგვარად, იგი მეტად პროდუქტიულსაც გაგხდით.
კაპიტანი ჟან-ლუკ პიკარდი: დაეუფლეთ დელეგირების ხელოვნებას
პერსონაჟის შესახებ: Star Trek: The Next Generation-ში ვხვდებით, სიმშვიდითა და დიპლომატიური მართვის ტექნიკითაა გამორჩეული. თუმცა, ამასთან ერთად, დელეგირების ოსტატიც გახლავთ. გუნდს ენდობა, აძლევს ავტონომიას და აფასებს მათ გამოცდილებას, რაც საშუალებას აძლევს, თავად უფრო დიდ სურათზე ფოკუსირდეს.
რა შეგვიძლია ვისწავლოთ კაპიტანი პიკარდისგან? შეეშვით მიკრომენეჯმენტს, იქნება ეს აუთსორსინგი, თანამშრომლობა თუ თქვენი გუნდის ნდობა, ეს თქვენს ძლიერ მხარეებზე ფოკუსირების საშუალებას მოგცემთ — დელეგირება შემოქმედებითი სუპერ ძალაა. ამიტომ, არ არის საჭირო ყველაფერი თავად აკეთოთ, უბრალოდ ენდეთ თქვენს გუნდს.