29
Nov
2016

რა შეიძლება ვისწავლოთ უმუშევრობისგან ? – მედეა ტაბატაძე

29 Nov 2016

medea tabatadzeნებისმიერი მიზეზით და ნებისმიერი ვადით უმუშევრობა სტრესულია. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანის განწყობა მძიმეა არამარტო ფინანსური შემოსავლის დაკარგვის გამო, არამედ მიკუთვნებულობის დაკარგვის გამო. სტატუსი “უმუშევარი” რთულია აღსაქმელად,  რადგან ადამიანი არცერთ კომპანიასთან, არცერთ გუნდთან და არცერთ პროფესიასთან აღარ ასოცირდება. “უმუშევრის” სტატუსი ოჯახშიც სტრესულია, მეგობრებთანაც და განსაკუთრებით საკუთარ თავთან, როდესაც ვიწყებთ ფიქრს, თუ რატომ ვართ ამ მდგომარეობაში და როგორ დავიბრუნოთ დასაქმებულის სტატუსი. ზოგადად,ჩვენი უმუშევრობის ახსნა გარშემომყოფებისათვის არც თუ ისე კომფორტულია, ძირითადად, საკუთარი თავის ნუგეშისცემის ელფერი აქვს და გარშემო მყოფებისგანაც გამამხნევებელ კომენტარებს ვისმენთ- “არაფერია, უკეთეს სამსახურს იშოვი”.

უმუშევრობის მიზეზი ხშირად კომპანიის ინიციატივაა, თუმცა, საკუთარი ინიციატივით უმუშევრებსაც ხშირად მოკრავთ თვალს და მათი მოტივაცია საკმაოდ საინტერესოა – დრო დაუთმონ სწავლასა და განვითარებას.

ალბათ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ უმუშევრობას ნამდვილად აქვს თავისი წილი “სიკეთეები” და ეს ძალიან ჰგავს საკუთარი ინიციატივით უმუშევარი ადამიანის მიზანს – ისწავლოს მეტი და განვითარდეს. თუ მე მკითხავენ, აქვს თუ არა უმუშევრობას პოზიტიური შედეგები, ყოყმანის გარეშე დავუდასტურებ, რომ აქვს და ეს შედეგები შემდეგია:

downloadსაკუთარი ცოდნისა თუ შესაძლებლობების გააზრება და შეფასება როდესაც კომპანიის ინიციატივაა შეამციროს ადამიანური რესურსი, ცხადია სამუშაოს დატოვებს  ის თანამშრომელი, რომელიც კომპანიას არ ან აღარ სჭირდება. სწორედ ესაა კარგი შესაძლებობა და პოზიტიური შედეგი, დავფიქრდეთ – რა ცოდნა გვაკლია, რა უნდა ვისწავლოთ რომ მომავალში დამსაქმებლებისთვის მუდმივად საინტერესო ვიყოთ.

შეცდომების გააზრება და მათი განადგურება – როდესაც უმუშევრობის მიზეზი ჩვენი უშუალო მენეჯერის გადაწყვეტილებაა და გადაწყვეტილების მიზეზი ჩვენი შედეგების დაბალი ხარისხია, ესეც კარგი შესაძლებლობაა დავფიქრდეთ, რაზე ვიღებდით შენიშვნებს, რაზე მიგვითითებდა მენეჯერი და ვიფიქროთ, დავგეგმოთ, ან მოვიკითხოთ რჩევა, როგორ უნდა ვაქციოთ ჩვენი შეცდომები შედეგებად მომავალ დამსაქმებელთან.

ურთიერთობისა და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება – როდესაც უმუშევრობის მიზეზი ჩვენი მენეჯერის სუბიექტური გადაწყვეტილება გვგონია და აუცილებლად გვჯერა, რომ “მენეჯრს არ მოვწონდი”, ესეც კარგი შესაძლებლობაა დავფიქრდეთ რა არ გავითვალისწინეთ გუნდთან და მენეჯერთან ურთიერთობის დროს. როგორ მუშაობდა ჩვენი ყოფილი მენეჯერი იმ კოლეგებთან, რომლებიც ორგანიზაციაში დავტოვეთ. ჩვენი რა მესიჯი არ მოეწონა მენეჯერს, რომლის მოსმენის დროს ან შენიშნვა მოგვცა ან კომენტარის გარეშე დაგვტოვა.

ძალიან მაღალი მოტივცია და სურვილი, მივაღწიოთ უფრო მეტს – ვინაიდან უმუშევრობის სტრესი სტატუსის დაკარგვას უკავშირდება, სურვილი და ჟინი მოვძებნოთ უკეთესი სამსახური და ვიმუშაოთ უკეთესად, ძალიან მაღალია. დავუმტკიცოთ საკუთარ თავს, რომ კვლავ საინტერესო ვართ დამსაქმებლისთვის და ისევ ბევრი შეგვიძლია, ქვეცნობიერად სამსახურის ძიების ძირითადი მოტივაციაა. ვისაც უმუშევრობის გამოცდილება აქვს, დამეთანხმება, რომ როგორც კი ვიპოვით სამსახურს, კმაყოფილების განცდა მაღალია და ნიშნის მოგებითაც კი გაგვიფიქრებია – “აი, თუ არ ვარ კარგი თანამშრომელი!”

ახალი საქმის სწავლა – ვინაიდან სასურველი სამუშაოების არჩევანი არც თუ ისე დიდია და ფინანსური შემოსავლის არქონა კრიტიკულია, მაღალია ალბათობა, დავთანხმდეთ ისეთ სამუშაოს, რაც საჩვენოდ არ მიგვაჩნია, ან არ გვიფიქრია რომ შევძლებთ. ესეც შედეგია, ახალ საქმეს ვსწავლობთ, ახალ ინფორმაციას ვიღებთ და ცხადია, ეს კვლავ ჩვენს მომავალ განვითარებას დაეხმარება. ამას გარდა, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი პროფესია სულაც არ ყოფილა მენეჯერობა და უფრო მეტ კმაყოფილებას მოსწავლეებთან მუშაობა გვანიჭებს!

როგორც ჩანს, უმუშევრობა მარტო სტატუსის გამო არ ყოფილა რთული – თურმე ბევრი გვაქვს სამუშაო. შეცდომების გააზრება, აღიარება და ჩვენი ქცევების ცვლილება მარტივი არ არის. ჩემი პირადი უმუშევრობის გამოცდილება ეს წუთია ამ სტატიით გაგიზიარეთ!

გისურვებთ არ მოგიწიოთ უმუშევრად ყოფნა! თუმცა, საინტერესო და თავშესაქცევი საქმე უმუშევრობას მე მაინც მოვუძებნე.

მედეა ტაბატაძე 

განხილვა