მიუხედავად იმისა, რომ წლებია საქართველოში რძის პროდუქტების ეტიკეტირებასა და წარმოებაზე რეგულაციები და მონიტორინგი მკაცრდება, გამოწვევები მაინც არსებობს. ამას ადასტურებს ყველის უვნებლობასთან ჩატარებული ბოლო კვლევაც, რომელიც ენპარდ-ის (ENDPARD) პროექტის ფარგლებში მომზადდა და შედეგები სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან გადაიგზავნა.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ვებგვერდზეც – Momxmarebeli.ge. აღნიშნული მონაცემების თანახმად, ყველის 43 ნიმუშიდან 12-ში დარღვევები აღმოჩნდა. მკვლევრებმა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აიღეს ეტიკეტირებული და არაეტიკეტირებული ყველის ნიმუშები და შეამოწმეს შემდეგ სანიტარულ მაჩვენებელზე: კოლიფორმული ბაქტერიები, სალმონელა და (კოაგულაზა დადებითი) სტაფილოკოკი.
სამივე სახის ბაქტერიით დაბინძურებული პროდუქტების მოხმარების შემთხვევაში შეიძლება, ადამიანის ორგანიზმს ზიანი მიადგეს. აღნიშნული ბაქტერიები უმეტესად არაეტიკეტირებულ ყველში აღმოჩნდა. როგორც წესი, მას სახლის პირობებში, რიგ შემთხვევებში, აუცილებელი სანიტარული ნორმების დაცვისა და რძის ხარისხის გადამოწმების გარეშე ამზადებენ.
დარღვევები, კერძოდ კოლი-ფორმები და სტაფილოკოკი აღმოჩნდა გურჯაანის, სიღნაღის, ვანის, ბაღდათის, ზესტაფონისა და ამბროლაურის აგრარულ ბაზრებსა და ინდივიდუალური მეწარმეებისგან შეძენილ პროდუქციაში. ასევე, კოლი-ფორმები აღმოაჩინეს შპს „შავნაბადას“ წარმოების იმერულ ყველში სახელწოდებით – „დიდგორი“.
დარღვევები არ აღმოჩნდა „სანებოს“ წარმოების არცერთი სახეობის ყველში; ქარხნულ ყველში „ხიზა“, იმერულ ყველში „ექსტრა“; შპს „წიფორა-სამცხეს“ იმერულ ყველში; „რჩეულის“, „ცეზარის“, „შირაქის“, „ნინოწმინდის (ბოგდანოვკის)“ პროდუქციაში და ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინდივიდუალური მეწარმეებისაგან შეძენილი ყველის ნაწილში.
აღნიშნული მონაცემების თანახმად გამოიკვეთა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, სახლის პირობებში დამზადებული ყველის ნაცვლად სჯობს უპირატესობა ქარხნული წარმოების პროდუქციას მივანიჭოთ. არაეტიკეტირებული ყველი აგრარულ ბაზრებსა თუ მარკეტებში ფართოდ არის ხელმისაწვდომი და მომხმარებლის ნაწილიც სწორედ მას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა კვლევები ადასტურებს, რომ ასეთი ტიპის პროდუქციის წარმოებისას ხშირ შემთხვევაში სათანადო პირობები არ არის დაცული. ქარხნული წარმოების ყველს კი სურსათის ეროვნული სააგენტო და არასამთავრობო სექტორი პერიოდულად ამოწმებს და დარღვევების შემთხვევაში, კომპანიებს საწარმოო პროცესს უზღუდავს.
რა კრიტერიუმები უნდა იყოს დაცული ყველის წარმოებისას?
საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, იმისათვის, რომ მწარმოებელმა პროდუქტის ეტიკეტზე „ყველის“ დაწერის უფლება მიიღოს, ნედლეულის სახით ნატურალური რძე, ცხოველური ცხიმი უნდა იყოს გამოყენებული. ამასთან, ინგრედიენტების ჩამონათვალში ნედლი რძე უნდა იყოს მითითებული.
თუ პროდუქტი აღნიშნული ინგრედიენტით არ არის დამზადებული და ეტიკეტს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს, ამგვარი ქმედება კანონით დასჯადია.
ეტიკეტები ვერ კონტროლდება ყველის სახლის პირობებში დამზადებისა და რეალიზაციის შემთხვევაში. შესაბამისად, პროდუქტის შემადგენლობისა და უვნებლობის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაცია გაუმჭვირვალეა და მხოლოდ კერძო პირის კეთილსინდისიერებაზე ვართ დამოკიდებულები.
მაღალი ხარისხის ქარხნული პროდუქტი წარმოების ყველა ეტაპზე გადის ლაბორატორიულ შემოწმებას და სადისტრიბუციო ქსელს მხოლოდ ამის შემდეგ მიეწოდება. ინდივიდუალური წარმოების შემთხვევაში უგულებელყოფილია კვლევის საფეხურიც, რაც მომხმარებელს რისკის ქვეშ აყენებს.
ქარხნული წარმოების ყველის ფორმულა კვების ტექნოლოგების მიერ არის შემუშავებული. უშუალოდ დამზადების პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოებში, სრულად ავტომატიზებულია, შესაბამისად, პროდუქტში ბაქტერიების მოხვედრის შესაძლებლობაც თითქმის ნულამდეა დაყვანილი. თუმცა ისეთ საწარმოებში, სადაც ევროპული სტანდარტები ჯერ კიდევ არ არის დანერგილი, ყველის დაბინძურების საფრთხე არსებობს.
როგორ უნდა შევარჩიოთ უსაფრთხო ყველი?
საქართველოში ყველი თითქმის ყველა ოჯახისთვის შეუცვლელი პროდუქტია. მისი დამზადების ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში საუკუნეებს ითვლის. კვლევები ცხადყოფს, რომ უმჯობესია, უპირატესობა მივანიჭოთ ქარხნული წარმოების ყველს, რომელიც უკვე წლებია გამოირჩევა როგორც უსაფრთხოებითა და მაღალი ხარისხით, ისე სასიამოვნო გემოვნური თვისებებით. შესაბამისად, მისი მოხმარების მაჩვენებელიც იზრდება.
პროდუქციის შერჩევისას რეკომენდებულია, დავაკვირდეთ ეტიკეტს. თუ აღწერაში წერია „ყველი“, ეს პირველი მანიშნებელია იმისა, რომ ნატურალურ პროდუქტს ვყიდულობთ. ასევე მნიშვნელოვანია მწარმოებლის რეპუტაცია და გამოცდილება. სასურველია, გადავამოწმოთ, წლების განმავლობაში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თუ სხვა ორგანიზაციებმა ხომ არ აღმოაჩინეს შეუსაბამობები პროდუქტში და ხომ არ ჰქონია კომპანიას საწარმოო პროცესი შეჩერებული. ამასთან, კიდევ უფრო დაცულები ვიქნებით, თუ მწარმოებლის სახელი და გამოცდილება გვკარნახობს, რომ პროდუქტი ევროპული სტანდარტით არის დამზადებული.
თუ აღნიშნული მახასიათებლები დაცულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრები უსაფრთხო ყველს მოვიხმართ.
[პარტნიორის კონტენტი]