in

ფრილანსერი ხართ და Upwork-ზე სამსახურს ეძებთ? არის რაღაცები, რაც უნდა გაითვალისწინოთ!

სხვადასხვა ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის ფრილანსერობა სულ უფრო პოპულარული ხდება. თვითდასაქმებულ სპეციალისტებს საშუალება აქვთ, ფული მათთვის სასურველ სექტორებში გამოიმუშაონ, შექმნან საკუთარი განრიგი და დაადგინონ თავიანთი ტარიფები.

Upwork სპეციალურად ფრილანსერებისთვის შექმნილი ვებგვერდია, რომელიც ეხმარება მათ კლიენტებისა და დამსაქმებლების მოძიებაში. ამ სტატიაში დაგიწერთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ ფრილანსერი ხართ და გსურთ Upwork-ზე მოძებნოთ სამსახური.

გამართულ პროფილს Upwork-ზე დიდი მნიშვნელობა აქვს

ჩათვალეთ, რომ ეს არის თქვენი რეზიუმე Upwork-ზე, რომელიც პოტენციურ კლიენტებს იმ ინფორმაციას აწვდის თქვენ შესახებ, რომელიც მათ წარმოდგენას შეუქმნის და გადააწყვეტინებს, დაგიქირაონ თუ არა. 

აუცილებლად ატვირთეთ პროფილის ფოტო, ასევე ნებისმიერი სერტიფიკატი, რაც კი მიგიღიათ გავლილი ტრენინგის, კურსის თუ პროგრამის შემდეგ. 

ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს პროფილზე არ იყოს ბეჭდური შეცდომები, ცუდად აგებული წინადადებები და სხვა პრობლემები.

არ დაგავიწყეთ პორტფოლიოს მიბმაც, რომელიც ასევე სწორად დალაგებული და ვიზუალურად ეფექტური იქნება.

იყავით აქტიური მომხმარებელი

თუ Upwork-ზე სამსახურის ძიებით ხართ დაინტერესებული, მაგრამ ვებსაიტზე კვირაში ერთხელ შეიხედავთ ხოლმე, ეს ვერ დაგეხმარებათ, რადგან ის საკმაოდ აქტიური პლატფორმაა და უამრავი მომხმარებელი ჰყავს. სამუშაო ვაკანსიები აქ სწრაფად ჩნდება და სწრაფადვე ქრება. გამომდინარე აქედან, ყურადღებით უნდა იყოთ და დღეში ერთხელ მაინც უნდა გადახედოთ მიმდინარე პროექტებს, ვაკანსიებს.

კარგად წაიკითხეთ სამუშაოს აღწერა

დეტალურად გაეცანით ყველა სამუშაო აღწერას, რომელიც დაგაინტერესებთ, რათა არ გამოგრჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი. სანამ საკუთარ რეზიუმეს ან პორტფოლიოს გადაუგზავნიდეთ, კარგად ნახეთ, რას ითხოვს დამკვეთი და რამდენად მიესადაგება მისი მოთხოვნები თქვენს სურვილებსა და შესაძლებლობებს. ეს დაზოგავს როგორც თქვენს, ისე დამკვეთის დროსაც.

გამოიკვლიეთ პოტენციური დამკვეთები/დამსაქმებლები

არა მხოლოდ დამკვეთებს აინტერესებთ, ვინ ვართ ჩვენ, არამედ ჩვენ დაინტერესებულნი უნდა ვიყოთ, ვის ვაკანსიას ვეხმიანებით და არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ სამუშაოს აღწერის გაცნობით. 

ეს, ერთი მხრივ, ჩვენთვის არის კარგი, რომ გავიცნოთ, ვინ იქნება ჩვენი მომავალი დამსაქმებელი, მეორე მხრივ, თავად კომპანიისთვისაც სასიამოვნოა, როცა ხედავს, რომ აპლიკანტმა გარკვეული დრო დაუთმო მის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, მისი ბიზნესის სპეციფიკის გაცნობასა და შესწავლას.

მოარგეთ თქვენი რეზიუმე სამუშაო ვაკანსიებს

ზოგადად, გავრცელებული მიდგომაა, როცა ვაკანსიებს ვათვალიერებთ და შევარჩევთ, ყველასთან ერთსა და იმავე რეზიუმეს ვაგზავნით. Upwork-ზე ჯობს, რომ საბაზისო ინფორმაციის გარდა, რისი შეცვლაც შეუძლებელია, პერსონალიზებული აპლიკაციები გავგზავნოთ პოტენციურ დამკვეთებთან. დაფიქრდით, რა ისეთი გამოცდილება ან უნარები გაქვთ, რომლებიც ამა თუ იმ ვაკანსიას იდეალურად ერგება და ყურადღება იმაზე გაამახვილეთ. ამით თქვენ აჩვენებთ დამკვეთს, რისი შეთავაზება შეგიძლიათ პერსონალურად მისთვის.

თქვენი შეთავაზებული ფასი კონკურენტული, მაგრამ რეალური უნდა იყოს

ყველა დამკვეთის ფსიქოლოგია თითქმის ერთნაირად მუშაობს – საუკეთესო ხარისხის მიღება რაც შეიძლება დაბალ ბიუჯეტში. ცხადია, მათ ისიც ესმით, რომ მაღალი კონკურენციის პირობებში, ძალიან იაფად ვერ მიიღებენ მომსახურებას, თუმცა ისიც კარგად იციან, რა ფასია რეალური და რა არა. გადახედეთ სხვა, თქვენი პროფესიის მქონე ადამიანების საშუალო ფასებს და ამის მიხედვით დაადგინეთ ისეთი საფასური, რომელიც თან გიღირთ, თან ადეკვატურიც იქნება თქვენი სამუშაოს შესრულებისთვის. შეგიძლიათ გაითვალისწინოთ თქვენი გამოცდილება, უნიკალური უნარები და ცოდნაც – თუ თვლით, რომ თქვენს სფეროში ნამდვილად გეთქმით სიტყვა, შეგიძლიათ ფასი ოდნავ ასწიოთ. 

ხარისხიანად შეასრულეთ ნებისმიერი სამუშაო

არ აქვს მნიშვნელობა, პირველი პროექტია Upwork-ზე თუ მე-10, თანაბრად ხარისხიანად იმუშავეთ ყოველ მათგანზე, რადგან სამუშაოს დასრულების შემდგომ დამკვეთებს საშუალება აქვთ, დატოვონ შეფასება და მიმოხილვა თქვენს პროფილებზე. ბევრი დადებითი შეფასების დაგროვება დაგეხმარებათ სერიოზული სტატუსის ჩამოყალიბებაში Upwork-ზე, რაც წარმატებული ფრილანსერობის საწინდარია.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Lego-ს 2024 წლის ნაკრებში Ford Mustang-ის, Audi-სა და BMW-ს მოდელებს აღმოაჩენთ

7 პროფესია, რომლებითაც ყოველთვის შეძლებთ ონლაინ იმუშაოთ