როცა ახალ სამსახურს ეძებთ, ბევრი რამ უნდა გაარკვიოთ: რა ინფორმაცია უნდა ჩაწეროთ რეზიუმეში? სამოტივაციო წერილი ნამდვილად საჭიროა? გასაუბრების ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე რა არის საუკეთესო პასუხები? ნამდვილად გჭირდებათ სამადლობელი წერილის გაგზავნა?
ჯუდიტ ჰამფრის წიგნი სამუშაოს მაძიებლებს რამდენიმე რჩევას სთავაზობს — ერთგვარ დაუწერელ წესებს. პირველ რიგში, ჰამფრის აზრით, სამუშაოზე განაცხადის გაკეთებამდე მნიშვნელოვანია, კარგად დაფიქრდეთ, როგორი ტიპის სამსახური გჭირდებათ. ტყუილად ნუ დახარჯავთ დროს და 200 შემთხვევით ვაკანსიაზე ნუ გააგზავნით რეზიუმეს, რადგან ასე ბევრ იმედგაცრუებას გადააწყდებით. ამიტომაც, ეს 6 კითხვა დაუსვით საკუთარ თავს:
- მზად ვარ დროის ინვესტიციისთვის?
- რა არის ჩემი უნარები და ინტერესები?
- მინდა ახალი მიმართულება?
- როგორ კულტურაში მინდა მუშაობა?
- რა ზომის კომპანიაში ვიქნები კომფორტულად?
- შევძლებ თუ არა იქ წარმატების მიღწევას?
რას უნდა შეიცავდეს თქვენი რეზიუმე?
დამაჯერებელი რეზიუმეს შექმნა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. ჰამფრი მას „სამეფოს გასაღებს“ ან ყველაზე მნიშვნელოვან სცენარს უწოდებს, რომელსაც სამუშაოს მაძიებელი ქმნის. წიგნში კი ექვსსაფეხურიან მიდგომას აღწერს საუკეთესო რეზიუმეს შესაქმნელად:
ნაბიჯი 1: მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ხელი 18-24 ზომით. ეს შეიძლება მოიცავდეს მობილურის ნომერს, საცხოვრებელ ქალაქს, LinkedIn პროფილს და კონკრეტულ ვებგვერდს, თუკი კონტექსტურად შესაბამისია.
ნაბიჯი 2: შექმენით შემაჯამებელი განცხადება ერთი წინადადების სახით: ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა არის ერთი დამაჯერებელი გზავნილი, რომლის გაცნობაც ჩემ შესახებ მინდა?
ნაბიჯი 3: დაწერეთ მოკლე შეტყობინებები თქვენ მიერ დაკავებული თითოეული სამუშაოსთვის. გამოიყენეთ აქტიური ზმნები თქვენ მიერ შესრულებული როლებისთვის და დარწმუნდით, რომ ეს შეტყობინებები შემაჯამებელ განცხადებას შეესაბამება.
ნაბიჯი 4: შექმენით პუნქტების ნაკრები თითოეული სამსახურის ქვეშ. ყველაფერი კი მსგავსი ზმნებით უნდა იწყებოდეს: ხელმძღვანელობდა, მიიღო. ასევე, უნდა შეიცავდეს კონკრეტულ რიცხვებს, რომლებიც თქვენს მიღწევებს აჩვენებს.
ნაბიჯი 5: დაამატეთ ნებისმიერი სხვა განყოფილება, მათ შორის განათლება და უნარები.
ნაბიჯი 6: დაამატეთ საკვანძო სიტყვები ბუნებრივი გზით. მიუთითეთ კონკრეტული უნარები და როლები, მაგრამ ასევე გაითვალისწინეთ, რომ HR უპირატესობას ანიჭებს მარტივ, მკაფიო სიტყვებს და აქტიურ ზმნებს. შესაძლოა, აბრევიატურებიც დამაბნეველი იყოს და მოერიდეთ.