in

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ლიდერობა გინდათ?

თანამედროვე ბიზნეს კულტურა ცდილობს, რომ ადამიანებს წარმატებისკენ უბიძგოს. წარმატებული კარიერა კი გულისხმობს დაწინაურებას, პასუხისმგებლობის გაზრდასა და ბევრად მიმზიდველ სამუშაოს. უფრო მეტიც, უამრავ კომპანიაში წინსვლა ხელმძღვანელობის იერარქიაში გადანაცვლებასაც მოიცავს.

კარიერის დასაწყისში, შესაძლოა, რამდენიმე დაწინაურება მიიღოთ და გახდეთ ინდივიდუალური კონტრიბუტორი. ეს რაღაც კუთხით ვიდეო თამაშს ჰგავს, სადაც დაჟინებითი მოძრაობაა საჭირო ახალ საფეხურზე ასასვლელად. საბოლოოდ, წინსვლის გასაგრძელებლად, გარკვეული პასუხისმგებლობები უნდა აიღოთ ხალხის მართვასა და ხელმძღვანელობაზე.

მაგრამ უნდა დაფიქრდეთ, ლიდერობა თქვენთვის შესაფერისია თუ არა:

სტრესის მართვა

ლიდერის ფუნქციის აღებასთან ერთად, თქვენ გეკისრებათ მეტი პასუხისმგებლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ორგანიზაციამ კარგად იმუშაოს და ეფექტური სტრატეგია ჰქონდეს. ამასთან ერთად, თქვენი სამუშაო საათებიც განუსაზღვრელია. აღებული პასუხისმგებლობა კი ზრდის სტრესს.

ჩემს უნივერსიტეტში მაღალი დონის ადმინისტრაციული როლი მაქვს და თეორიულად, სამუშაოზე მუდამ უნდა ვნერვიულობდე. ამისგან თავის ასარიდებლად რუტინის შემუშავება მომიწია. ერთმანეთისგან მკაცრად გავმიჯნე სამსახური და თავისუფალი დრო, რათა სამუშაოს სტრესს ჩემს პირად ცხოვრებაზე არ მოეხდინა გავლენა.

ადამიანებს, რომლებსაც შფოთვის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე მე და უჭირთ სამსახურში სტრესული ფაქტორებისგან თავის დაღწევა, გრძელვადიან პერსპექტივაში ლიდერის როლის შენარჩუნება გაუჭირდებათ.

სისტემური აზროვნების უპირატესობა

ლიდერებს პრესტიჟი და უკეთესი ანაზღაურება აქვთ. თუმცა, როგორც ლიდერი, სიამოვნებას იღებთ სამუშაო პროცესიდან და არა ბენეფიტების ხარჯზე.

რაც უფრო მაღლა მიიწევთ, მით მეტად გიწევთ სისტემურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება. უნდა იფიქროთ, როგორ შეიმუშაოთ უკეთესი სტრატეგია კომპანიის განსავითარებლად. ამისთვის მჭიდრო კავშირი უნდა გქონდეთ ინდივიდებთან, ჯგუფებთან თქვენს ორგანიზაციაში და, რა თქმა უნდა, მომხმარებლებთანაც. საჭიროა მოიფიქროთ წახალისების სისტემა, სამთავრობო რეგულაციებს უნდა მოერგოთ და სხვადასხვა ეკონომიკურ ფაქტორს გაუმკლავდეთ. ამ ასპექტების გათვალისწინებით თქვენ სრულად გააკონტროლებთ არჩეული სტრატეგიის შედეგებს.

ზოგიერთი ადამიანი (მათ შორის მეც) ამ ტიპის გამოწვევებს სასიამოვნო გამოცდილებად მიიჩნევს. თუ ამ უნარს განავითარებთ თქვენში, მეტად სახალისო გახდება პრობლემების მოგვარება და ლიდერის მოვალეობების შესრულება გაგიმარტივდებათ.

რა იწვევს თქვენს კმაყოფილებას?

მაშინაც კი, როდესაც გრძნობთ, რომ ლიდერული თვისებები გაქვთ, ეს შესაძლოა არ იყოს სწორი არჩევანი ან გადაწყვეტილება. ზედმეტი პასუხისმგებლობა ზოგჯერ ბედნიერების წყარო ნამდვილად არ არის. ამიტომაც არსებობს სხვა მრავალი გზა საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად, მაგალითად, შეგიძლიათ იყოთ იმ გუნდის ნაწილი, რომელიც საინტერესო პრობლემების გადაწყვეტით არის დაკავებული.

როდესაც ფიქრობთ მიღწევებზე, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვეულებრივ რა გახსენდებათ? სიამოვნებას იღებთ გუნდის ორგანიზებით თუ დავალებების შესრულებით?

თუ სიხარულს განიჭებთ თქვენი წვლილი კონკრეტული ამოცანების შესრულების პროცესში, ლიდერობა, შესაძლოა, თქვენთვის სწორი როლი არ იყოს. ამიტომაც, უნდა დაფიქრდეთ სად გრძნობთ თავს კომფორტულად და რა არის თქვენი სიხარულისა და კმაყოფილების მიზეზი.

როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე?

როგორ დავწეროთ ბრენდისთვის კარგი CALL TO ACTION, ანუ მოწოდება მოქმედებისკენ