ახალი სამუშაო შეთავაზების მიღება საკმაოდ ამაღელვებელია ხოლმე, ამას უამრავი მოლოდინიც ახლავს თან, თუმცა ხშირად პოზიციის ცვლილების შემდეგ, საპირისპირო რეალობას ვაწყდებით… სტატისტიკის მიხედვით, ყოველი 5 დასაქმებულიდან 1 მიღებულ გადაწყვეტილებას ნანობს და ფიქრობს, რომ ძველ პოზიციაზე უნდა დარჩენილიყო. ხოლო იმ ადამიანების მეოთხედი, რომლებმაც სამსახური შეიცვალეს, ახალი პოზიციით კმაყოფილნი არიან. ნაწილის თქმით კი, ეს ცვლილება ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც წარმოედგინათ…
არსებული სიტუაცია პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა. თუმცა ამის დადებითი მხარე ის არის, რომ ბევრმა ადამიანმა გადახედა საკუთარ პრიორიტეტებს და მიხვდა, რომ მათთვის შეუსაბამო ადგილზე აღარ უნდა ემუშავა. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკრეტული ცვლილება ემოციური ფაქტორების გარდა, ფინანსურ მხარეზეც აისახება…
ახლა კი ის ოთხი სტრატეგია განვიხილოთ, რომელიც მოლოდინებისა და რეალობის დაახლოებასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
მიეცით სტრუქტურა გადაწყვეტილების მიღების პროცესს
სამუშაო შეთავაზების მიღება თქვენი ეგოსთვის დიდი სტიმულია, ეს გაგრძნობინებთ, რომ თქვენ ღირებული ხართ, თქვენი უნარები კი სასურველია. თუმცა ამის მიღმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რა უფრო მომგებიანი იქნება თქვენთვის, როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან პერიოდში. კარიერული გადაწყვეტილებების მიღება საკმაოდ რთული და სარისკო საკითხიცაა, ობიექტურობის შენარჩუნება კი გეგმის გარეშე თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, სანამ უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებას დაიწყებთ, თქვენი კარიერული მიზნები ჩამოწერეთ და ის, რაც, ზოგადად, თქვენთვის მისაღებია. ამასთან, საგზაო რუკა თითოეული კომპონენტის შესაფასებლად ჩამოაყალიბეთ, რითაც სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესსაც გაამარტივებთ.
დასვით კითხვები
ინტერვიუს დროს თქვენთვის მოცემული ყველა დაპირება არ შესრულდება… ბევრი დასაქმებული მათ სამუშაო გარემოს ვარდისფერ სურათადაც აღწერს, რაც, ბუნებრივია, არარეალურ მოლოდინებს აჩენს. ამ სიტუაციას კი თავიდან წინასწარი გეგმის შესრულებით აიცილებთ, რაც კომპანიაში არსებული კულტურისა და სამუშაო გარემოს შესახებ სიღრმისეული კითხვების დასმას გულისხმობს. მაგალითად, შეგიძლიათ კითხვები თანამშრომელთა ჩართულობის, განვითარების პერსპექტივის, მოლოდინების, გამოწვევების ან იმის შესახებ დასვათ, თუ რამდენ ხანს რჩებიან ადამიანები კონკრეტულ პოზიციებზე.
მოერიდეთ მიკერძოებას
„დადასტურების მიკერძოება“ იმ ინფორმაციაზე უპირატესობის მინიჭებას გულისხმობს, რომელიც ადასტურებს იმას, რისიც უკვე გვჯერა ან რაც ჩვენს შეხედულებებს შეესაბამება. შესაძლოა, იგი დაკავშირებული ჩვენს უახლეს მეხსიერებასთანაც იყოს. ამიტომ, მათი იდენტიფიცირება, შემდგომში კი მათთან გამკლავება, ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორიცაა კარიერის შეცვლა, მნიშვნელოვანია.
მაგალითად, თუ სამსახურში სხვისი მოვალეობის დროებით შემსრულებელი გახდებით და ამას თქვენთვის განვითარებისა და ფინანსური მოგების მიღების შანსად ჩათვლით, კონკრეტული დროის გასვლის შემდეგ კი აღმოაჩენთ, რომ ეს ის არ არის, რასაც ელოდით… აქ საქმე დადასტურების მიკერძოებასთან გექნებათ, ხოლო მსგავს პრობლემებს თავიდან მათი დროულად იდენტიფიცირებით აიცილებთ.
მოძებნეთ გარე პერსპექტივა
იმ ადამიანებთან საუბრის გარეშე, რომლებიც კომპანიაში უკვე მუშაობენ, საკმაოდ რთულია იმის დადგენა, თუ რამდენად შეესაბამება კომპანიის ღირებულებები თქვენს ფასეულობებს. ამიტომ, შეთავაზების მიღებამდე, პრიორიტეტად იმ პირებთან დაკავშირება აქციეთ, რომლებიც ამ გუნდთან ერთად უკვე მუშაობენ. მათგან გაიგებთ, რა ხდება რეალურად კომპანიაში.
სავარაუდო გადაწყვეტილება კი იმ ადამიანებს გააცანით, რომლებიც ამას კრიტიკული თვალით შეხედავენ და არა იმათ, ვინც თქვენს შეხედულებებს იზიარებს. კარგი იქნება თუ ისეთებსაც იპოვით, რომელთაც ამ პროცესის მიმართ პირადი ინტერესი არ ექნებათ. უთხარით მათ, რომ დახმარებას უბრალოდ საკუთარი გულწრფელობით შეძლებენ.
გამოდის, კონკრეტული მიმართულებით ფიქრითა და დაგეგმილი ქმედებებით, კარიერის გამო სინანულს თავიდან აირიდებთ. ამისთვის, თქვენ გადაწყვეტილებების მიღების საგზაო რუკა მკაფიო კრიტერიუმებით უნდა ჩამოაყალიბოთ, რომლებიც თქვენს კარიერულ მიზნებთანაც იქნება დაკავშირებული. აქვე, წინასწარ ვარაუდებსა და მიკერძოებას თავი უნდა აარიდოთ. ახალი თანამდებობის მიღებამდე კი სწორი კითხვები სწორ ადამიანებს დაუსვათ. ხოლო თუ თქვენ რეალურად დაადგენთ თქვენი როლის, პასუხისმგებლობებისა და ურთიერთობების საკითხებს, მტკივნეული კარიერული შეცდომისგანაც დაზღვეული იქნებით.
წყარო: HBR