კარიერულ ცვლილებებზე საუბრისას ექსპერტები არა მარტო ამ ცვლილების დადებით და უარყოფით მხარეებს, არამედ საუკეთესო სტრატეგიებსა და გარემოებებს განიხილავენ, რაც წარმატების შანსებს ზრდის. შესაძლოა, ასე თავად არ ფიქრობდეთ, მაგრამ კარიერული ცვლილება ორგანიზაციულ, ფსიქოლოგიურ თუ კონტექსტუალურ ფაქტორებთან შედარებით, ნაკლებად არის დამოკიდებული ასაკზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცვლილებისთვის „იდეალური ასაკი“ არ არსებობს, ამის ნაცვლად სხვა ფაქტორებზე შეგვიძლია საუბარი.
რა შეიძლება იყოს კარიერული ცვლილების მთავარი მამოძრავებელი?
- სიტუაციური (გარე) მამოძრავებელი: გარე საბაზრო ძალები — მაგალითად, ეკონომიკა, ორგანიზაციული ცვლილებები (რესტრუქტურიზაცია) და სამომავლო შესაძლებლობები.
- პერსონალური (შიდა) მამოძრავებელი: შიდა ფაქტორები მოიცავს „უნარებს, ნიჭს, წარსულ გამოცდილებას, განვითარების ფაზასა და თვითაღქმებს, რომლებსაც ინდივიდები თავიანთ პოზიციებსა თუ კარიერაში წარმოაჩენენ“; ამასთან, პერსონალურ კავშირებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც ადამიანებს ახალი გზებისკენ უბიძგებს.
როგორ განვსაზღვრავთ და შევუსაბამებთ ერთმანეთს პროფესიულ და პიროვნულ იდენტობებს?
ე. წ. პროფესიული იდენტობის კონცეფცია ინდივიდის თვითაღქმებს უკავშირდება. აქ ჩვენს იდენტობაზე გავლენა მარტო წარსულ სამსახურებრივ გამოცდილებას კი არ აქვს, არამედ ახალსაც. როცა ვგრძნობთ, რომ მივდივართ იმ მიმართულებით, რომელიც ჩვენსავე თვითაღქმებს არ ესადაგება, მაგალითად, როცა ჩვენი თავი არ უკავშირდება ჩვენსავე იდეალურ ვერსიას, მოქმედებისა და ცვლილებისკენ მივისწრაფვით.
ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად რომ ავხსნათ, კარიერული ცვლილებები არის ცდა, შევუსაბამოთ ჩვენი დასაქმების არჩევანი ჩვენს თვითკონცეფციასა და იდენტობას. კონკრეტული ხედვა კი მშვენივრად ესადაგება თანამშრომელთა ჩართულობის კონცეფციას, რომელიც უილიამ კანმა 1990 წელს შემოგვთავაზა — კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი მოტივაციის, ენთუზიაზმისა და ენერგიის დონის განსასაზღვრად თანამშრომლებში არის ხარისხი, რომლითაც ისინი თავიანთ სამსახურებრივ პერსონასთან იდენტიფიცირდებიან.
მაგრამ რა განსაზღვრავს ჩვენს თვითაღქმასა და იდენტობას? კავშირები აქ საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. როგორც ამბობენ, ადამიანები მნიშვნელობისკენ მიდრეკილი მანქანები არიან, რომლის ძირითად წყაროს სწორედ სხვა ადამიანები წარმოადგენენ. ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, თუ არ გვეცოდინება, რომ შეგვიძლია მივიღოთ, გავიაზროთ და გამოვიყენოთ ე. წ. მნიშვნელობის სისტემები სხვებისგან — იქნებიან ესენი მშობლები, მასწავლებლები, კოლეგები, მეგობრები, პარტნიორები თუ სხვა. რაც უფრო მდიდარია თქვენი სოციალური კავშირები, მით უფრო სავარაუდოა, რომ კომპლექსური თვითაღქმა ჩამოიყალიბოთ, რომელიც შეესაბამება როგორც თქვენს მოტივაციას, ისე ბაზრის აღქმას თქვენი უნარებისა თუ პოტენციალის მიმართ.
მაგალითად, 50 წლის წინ ჩვენ მარტივად მივყვებოდით მეზობლებისა და ნათესავების რჩევას, რომ მომავალი პროფესიული ცხოვრება ერთი კონკრეტული კარიერისთვის უნდა მიგვეძღვნა… როცა დღეს შეთავაზებების უსასრულო ნაკადის წინაშე ვართ და უამრავ ინფორმაციასა თუ შესაძლებლობაზეც გვაქვს წვდომა. ერთი მხრივ, კარგი კი არის, მაგრამ საქმეს დიდად ართულებს და იქამდე მივყავართ, რასაც ეკონომისტები „არჩევანის პარადოქსს“ ეძახიან — რაც უფრო მეტი არჩევანი გვაქვს, მით უფრო რთულია ჩვენი არჩევანით კმაყოფილი დავრჩეთ ან თავდაჯერებულად ვიგრძნოთ თავი. ამგვარად, სამოქმედო გეგმის განსაზღვრაში სწორი ქსელი დაგვეხმარება და კონკრეტული მენტორების, პროფესიონალებისა თუ კოლეგების მოსმენა, რომლებსაც ჩვენივე პოტენციალის დანახვა შეუძლიათ.
მეტიც, უნივერსალური ცნებებიც არსებობს, რაც წარმატებულ კარიერულ ცვლილებებს უდევს საფუძვლად და თვითშეფასების კარგ კრიტერიუმებსაც გვთავაზობს. თუ დაინტერესებული ხართ თქვენივე პოტენციალის შეფასებით, კონკრეტულ მოდელებს შეგიძლიათ მიმართოთ, რომელთა უმეტესობაც ყურადღებას ინდივიდუალურ ფაქტორებზე ამახვილებს. მაგალითისთვის 5C მოდელი შეგვიძლია განვიხილოთ — კონტროლი, ცნობისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, თავდაჯერება და წუხილი. როგორც ეს მოდელი გვთავაზობს, კარიერული ცვლილებისას ინდივიდები უფრო წარმატებულნი იქნებიან, თუ მეტად გააკონტროლებენ თავიანთ სამსახურსა და კარიერას, თუ მეტად ცნობისმოყვარეები იქნებიან გარე და უჩვეულო გზების მიმართ, თუ აიღებენ პასუხისმგებლობას ამ ცვლილებაზე, თავდაჯერებულნი იქნებიან თავიანთ უნარებში და იმ პრობლემასაც შეამჩნევენ, რომ გაუმჯობესებაა საჭირო. ხოლო, თუ ამათგან რომელიმე ინგრედიენტი აკლია, კარიერული ცვლილებისას დამატებითი გამოწვევები იჩენს თავს…
თვითშეფასებაში ქვემოთ მოცემული კითხვებიც დაგეხმარებათ და ასე თქვენი საჭიროებების შეფასებასაც უკეთ მოახერხებთ. ასე რომ, მოდით, განვიხილოთ კითხვები, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, თუ კარიერულ ცვლილებას გეგმავთ:
- რა მომწონდა ყველაზე მეტად ჩემს ამჟამინდელ თუ წარსულში არსებულ სამსახურებში?
- რომელ სამსახურსა თუ კარიერას ვთვლი მიმზიდველად, საინტერესოდ და წარმატებულად?
- რომელ გამორჩეულ უნარებს დაინახავენ ადამიანები ჩემში და რა კონკრეტული ინდიკატორები უბიძგებს მათ ამის დანახვისკენ? მიღწევები, ქმედებები თუ გამოცდილებები?
- რომელია ჩემი რეზიუმეს ყველაზე შთამბეჭდავი ელემენტი? (ფოკუსირდით უნიკალურ და რთულ მიღწევებზე).
- რა უნარების შეძენას ვისურვებდი 3-5 წელში?
- რა საკითხები არ მომწონს ჩემს ამჟამინდელ თუ წარსულში არსებულ სამსახურებში?
- რომელ სამსახურსა თუ კარიერას ვთვლი მოსაწყენად და უინტერესოდ?
- რომელი ახალი სამსახური ან კარიერაა ისეთი, რომელიც ჩემს უნარებსა და ინტერესებს მოითხოვს?
- რომელი ორგანიზაციული კულტურა შემეფერება იმის გამო, რომ ჩემს ღირებულებებსა და სტილს ესადაგება?
- აქედან პენსიაზე გასვლის პერიოდამდე 3 განსხვავებული კარიერა რომ მქონდეს, რომლებს ავირჩევდი?
განსხვავებული ვარიანტების განხილვისას ეს კითხვები გონებაში გქონდეთ. გაუზიარეთ პასუხები სანდო მეგობრებს, ექსპერტებსა და კოლეგებს. ხელახალი შემოწმებისთვის გენერაციული AI-იც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მეტიც, შეგიძლიათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა იმ ადამიანს სთხოვოთ, რომელიც კარგად გიცნობთ. ზოგჯერ სხვებმა ჩვენზე უკეთ იციან, ვინ ვართ…
ალბათ, იმის თქმა აღარ არის საჭირო, რომ კარიერული ცვლილებები გარკვეულ რისკს მოიცავს, რომლის შედეგებიც მომავალში გახდება ცნობილი… თუმცა საუკეთესო, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაა: იყავით მკაფიო იმ მოტივების მიმართ, რომელთა სრულყოფასაც ცდილობთ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს ყველაფერი თქვენს პროფესიულ ვერსიასა და იდენტობას შეეხება. კარგად დააკვირდით ხელმისაწვდომი ვარიანტების დადებით და უარყოფით მხარეებს, რომლებიც თქვენს უნარებს, ინტერესებსა და პერსონალურ თვისებებს უკავშირდება.
ექსპერიმენტობის სურვილისა და სტრატეგიული ფოკუსის დაბალანსება, ამასთან, თქვენი არჩევანის გულწრფელად შეფასება წინსვლისა და თქვენივე პოტენციალის განვითარების საშუალებას მოგცემთ. დარწმუნდით, რომ დაშვებული შეცდომები ჭკვიანური მარცხი იყო თქვენივე სამომავლო დასაქმებისა და კარიერული წარმატების შანსების ზრდისთვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პროგრესი ერთი სწორი ხაზი არ არის…
წყარო: HBR