„ნებისმიერი კარგი მარკეტერი გეტყვით, რომ თქვენს აუდიტორიას სწორედ იქ უნდა შეხვდეთ, სადაც არიან, ამიტომ, ახლა ბრენდებისთვის მეტავერსში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია“, — ამბობს ანჯელიკ ვენდეტე, მარკეტინგის ხელმძღვანელი.
დიახ, ეს დიდი სიახლეა როგორც ბრენდებისთვის, ისე სათამაშო ინდუსტრიისთვის. მეტიც, კომპანიების უმეტესობამ მეტავერსში შესვლა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, რათა ისწავლოს და გამოცადოს იგი. ეს სხვებსაც უნდა დაასწროს, თანაც, ნებისმიერ სივრცეში ადრეულ ეტაპზე ნაკლები კონკურენციაა.
„ჩვენ ვხედავთ მეტავერსს, როგორც ახალ არხს აუდიტორიასთან მისასვლელად. იქნება ეს Roblox, Sandbox თუ Decentraland, ისინი ფაქტობრივად განსხვავებული არხებია, რომელთაც სხვადასხვა აუდიტორია ჰყავს. მეტავერსში ადრე ჩართვა კი ექსპერიმენტების ჩატარებისა და შეცდომების დაშვების საშუალებას მოგცემთ. კონკურენტებზე ადრე პლატფორმაში გარკვევა დიდ უპირატესობასაც მოგანიჭებთ“, — აცხადებს სამუელ ჰუბერი, Admix-ის დამფუძნებელი.
ამ ეტაპისთვის მეტავერსში ორი დომინანტური პლატფორმა არსებობს Roblox და Fortnite, Web3 კი მათგან ბევრად განსხვავებულია. აქ შეხება ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტასთან გვაქვს, რომელსაც ყოველდღიურად 300 მილიონი ადამიანი იყენებს. Web3-ს ინტერნეტის შემდეგ ეტაპადაც განიხილავენ. თუმცა, ბრენდების ჩართულობა მაინც ავთენტური უნდა იყოს და უნდა შექმნათ ის, რაც თქვენი მომხმარებლისთვის არის მნიშვნელოვანი, იქნება ეს Web 2.0 თუ Web3 სამყაროში. მაგალითად, Web 2.0-ში Adidas უზარმაზარი ბრენდია, Web3-ში კი ამ ადგილს Bored Ape იკავებს…
„რეალურად, Web 2.0 მეტავერსიები კარიბჭეა იმისთვის, რასაც ჩვენ Web3 მეტავერსის სახელით ვიცნობთ“, — განმარტავს ვენდეტე.
ხოლო იმისთვის, რომ მეტავერსში წარმატებული იყოთ, ჯერ თქვენი მიზანი უნდა იცოდეთ, შემდეგ კი განსაზღვროთ, რამდენად არის ის აუდიტორია ამ სივრცეში, რომელიც გჭირდებათ. აქ Gucci-ს Roblox-ში გააქტიურებაზე საუბრობენ, სადაც 25 წელზე მეტის აუდიტორიის მხოლოდ 5%-ია. სწორედ ამიტომ, ფიქრობენ, რომ ბრენდმა სხვა პლატფორმებიც უნდა გამოცადოს… მნიშვნელოვანია, ჩვენს კომპანიას მეტავერსში შეყვანამდე მომხმარებლის თვალითაც შევხედოთ.
ამასთან ერთად, ჰეიმანი საკუთარი კრიპტო საფულისა და Decentraland-ის ანგარიშის შექმნას გვირჩევს, ან ისეთი გუნდის წევრების პოვნას, რომელთაც ეს უკვე აქვთ. მეტიც, თქვენ იმ საზოგადოების ნაწილი უნდა გახდეთ, რომლის გამოც მეტავერსში ინვესტიციების ჩადებას დაიწყებენ. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერი მუდმივად იცვლება და დარგის ექსპერტები არ არსებობენ.
„რაც უფრო მალე მოახერხებთ მეტავერსში შესვლას, მით უფრო მალე გახდებით რელევანტური“, — ამბობს ჰუბერი.










