in

რა უნდა იცოდეს გრაფიკოსმა დიზაინერმა [პროგრამების გარდა]?

თუკი, გრაფიკოსი დიზაინერი ხარ, ე.ი. ხშირად გეძებენ. სოციალურ ქსელებში თუ დასაქმების პლატფორმებზე ხშირად შეხვდები გრაფიკოსი დიზაინერის ვაკანსიებს. ფაქტია, ამ მიმართულების სპეციალისტებზე მოთხოვნა არსებობს. თუმცა, რას გულისხმობს ეს მოთხოვნა?  ბუნებრივია, დამკვეთი თუ დამსაქმებელი გრაფიკოსი დიზაინერისგან შესაბამისი პროგრამების ცოდნას მოელის… კიდევ, რა უნდა იცოდე? რა უნდა შეგეძლოს? რა გამოარჩევს პროფესიონალ დიზაინერს და რა უნარების განვითარებაა საჭირო დამკვეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის? ამ კითხვებით პროფესიონალ დიზაინერებს, მარიამ (საშა) აქულაშვილსა და ვანო საგინაშვილს მივმართეთ.

M: სანამ მთავარ საკითხზე გადავალთ, მოკლედ მიმოვიხილოთ – ვინ არის გრაფიკოსი დიზაინერი, რა არის მისი ფუნქცია და როლი?

მარიამ საშა: გრაფიკოსი დიზაინერი არის ადამიანი, რომელიც გამოსახულებისა და ტიპოგრაფიის გამოყენებითა და კომპოზიციის პრინციპებზე დაყრდნობით, საკომუნიკაციო დიზაინს ქმნის.

არსებობენ სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე გრაფიკოსი დიზაინერები, მაგ: ვიზუალური იდენტობის, ბეჭდური მედიის, რეკლამის, ვების, შეფუთვის და ა.შ. ისინი შესაძლოა ითავსებდნენ რამდენიმე მიმართულებას ერთდროულად, ან მთლიანად ერთზე იყვნენ კონცენტრირებული. თუმცა ყველა მათგანის მისია ვიზუალური კომუნიკაციის ამოცანების ეფექტური გადაწყვეტაა.

ვანო საგინაშვილი: გრაფიკოს დიზაინერი არის ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი უნარები, გადმოსცეს რაიმე გზავნილი ესთეტურად და შინაარსობრივად გამართული ეფექტური ვიზუალით, იქნება ეს ციფრული თუ ბეჭდური მედია.

M: დამკვეთს დიზაინერისგან, ბუნებრივია, გარკვეული პროგრამების ცოდნის მოლოდინი აქვს. თუმცა, ამჯერად, საინტერესოა, რა უნდა იცოდეს პროფესიონალმა გრაფიკოსმა დიზაინერმა, პროგრამების ტექნიკური ცოდნის გარდა? რა უნარები სჭირდება პროექტზე ხარისხიანად მუშაობისთვის და დამკვეთთან პროდუქტიული თანამშრომლობისთვის?

ვანო საგინაშვილი: დიზაინის კეთება პროგრამულად ტექნიკური ნაწილის კარგად ცოდნის გარდა, სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. ერთი მხრივ – ხარისხისნად შესრულებისთვის საჭიროა იცოდეს „ლეიაუთ“ დიზაინი, ბრენდინგი, ტიპოგრაფია, ილუსტრაცია, ფოტო-მანიპულაცია და ა.შ. მეორე მხრივ – დამკვეთთან სწორი კომუნიკაცია, ბრიფიდან და შემდგომში უკუკავშირიდან ინფორმაციის სწორად მიღების, გაანალიზების და დამუშავების უნარი. ამ ყველაფერს სწორად დაგეგმვა და თანმიმდევრულად, დროულად მიყოლა სჭირდება.

ყველაფერში ერთნაირად ძლიერი ვერ იქნები, თუმცა რაც მეტ მიმართულებას ფლობ, მით  მოქნილი ხარ, მეტ განსხვავებულ პროექტზე შეგიძლია მუშაობა და ზოგადად, ვიზუალურ კომუნიკაციაში მეტად კომპეტენტური ხარ. იდეალურ შემთხვევაში, დიზაინერს თანაბრად კარგად უნდა შეეძლოს როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად მუშაობა.

მარიამ საშა: გრაფიკოსი დიზაინერობისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა კომპოზიციის საფუძვლების ფლობა. ასევე, ძალიან სასურველია ხატვის, უფრო კონკრეტულად კი, კონსტრუქციის, შუქ-ჩრდილებისა და პერსპექტივის ცოდნა, ელემენტარულ დონეზე მაინც. ბევრი ფიქრობს, რომ თანავედროვე პროგრამების პირობებში, ეს ყველაფერი აღარაა საჭირო, სინამდვილეში კი, ეს უნარები ბევრად მეტ შესაძლებლობა აჩენს.

M: რა გამოარჩევს პროფესიონალ / მაღალანაზღაურებად გრაფიკოს დიზაინერს შრომით ბაზარზე?

მარიამ საშა: იმასთან ერთად, რაც ზემოთ აღვნიშნე, მნიშვნელოვანია დამკვეთთან ხარისხიანი კომუნიკაციის უნარი, დისციპლინა და საიმედოობა. ასევე, საჭიროა ფართო ხედვა, ბრენდის და კულტურული ფონის გაგება, რათა დიზაინის ამოცანა ზედმიწევნით იყოს შესრულებული

როდესაც დიზაინერი სააგენტოსთან მუშაობს, ამ ნაწილებზე ბევრი სხვადასხვა ადამიანი ზრუნავს, მაგრამ დამოუკიდებლად მუშაობის შემთხვევაში, ყველაფრის გათვალისწინება ერთ ადამიანს უწევს.

ვანო საგინაშვილი: ჩემი აზრით: 1. შრომისმოყვარეობა 2. მუდმივად სწავლაზე/განვითარებაზე ორიენტირებულობა და 3. ენთუზიაზმი – ყოველთვის ყველაფრის ცოტა უკეთესად გასაკეთებლად, ვიდრე ამას შენგან ელიან. ეს უკანასკნელი, თავისთავად არ ნიშნავს რომ ყოველთვის გამოგივა, თუმცა მცდელობა არის ის, რაც ხარისხს მოგამატებინებს და გაიძულებს განვითარდე, მეტი სცადო და ისწავლო.

ამას გარდა, ალბათ, კიდევ გამოვარჩევდი სტაბილურობას. მნიშვნელოვანია ჯანსაღი ემოციური ინტელექტი და წინასწარ შემუშავებული მეთოდები, რომ დანარჩენმა ცხოვრებამ, შენს ნამუშევრებზე, რაც შეიძლება, ნაკლები უარყოფითი გავლენა იქონიოს.

არ ვთვლი, რომ პროფესიაზე აუცილებლად უნდა გიჟდებოდე, კარგად მუშაობისთვის. თუმცა ინტერესი თუ არ გაქვს, ყოველდღე ახალ პროექტებს, ახალ ტრენდებს თუ არ ათვალიერებ და არ ცდილობ, ყოველ მომდევნო დღეს რაიმე ახალი გააკეთო, განვითარებას ვერ შეძლებ და საქმეც მოსაწყენი გახდება. 

როგორც პირად ურთიერთობებს, დიზაინთან ურთიერთობასაც ზრუნვა და წახალისება სჭირდება. 

ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, საუკეთესო ის არის, ვინც ყოველდღე ეცდება საკუთარი თავი ცოტა წინ წაწიოს, თვალსაწიერი გაიფართოვოს და გუშინდელზე, სულ ოდნავ მაინც, უკეთესი იყოს. შეჯიბრი, რეალურად, საკუთარ თავთან არის და არა სხვებთან. საკუთარ თავს თუ მოერევი, შრომით ბაზარზეც დაფასდები.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ ინახავს ჩვენი ტვინი მოგონებებს? — კვლევა

მკვდარი ვარსკვლავის ახლოს დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტა დააფიქსირეს