in

რა უნდა ვისწავლოთ მშვიდი ადამიანებისგან?

სიმშვიდე სულაც არ ნიშნავს ქაოსური მდგომარეობის წყნარი ფასადით შენიღბვას, აქ საქმე შინაგანი სიმშვიდის მოპოვებაშია, მაშინაც კი, როცა გარესამყარო კონტროლიდან გამოდის. განსაკუთრებით მშვიდ ადამიანებს გარკვეული ჩვევები აქვთ ჩამოყალიბებული, თუმცა სხვის მოსახიბლად კი არა, არამედ იმიტომ, რომ ეს მათ სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარებათ…

მოდით, გავიგოთ, რა ჩვევებია ეს და შეგვიძლია თუ არა ნაკლებად მშვიდ ადამიანებს მათი მიბაძვა:

დროის გამოყოფა მშვიდი აქტივობებისთვის

დღევანდელ სწრაფ სამყაროში მარტივია, ქაოსმა მოგიცვათ, თუმცა ეს განსაკუთრებით მშვიდ ადამიანებზე არ ვრცელდება, რადგან მათ სიმშვიდის ძალა აქვთ გაცნობიერებული… რამდენად ხშირად ვისვენებთ მუდმივი გადარბენებისგან? მხოლოდ ფიზიკურად კი არა, მენტალურადაც. იშვიათია, არა?! მაგრამ სიმშვიდეც სწორედ ამას შეეხება. მენტალური სივრცის შექმნას გულისხმობს, რომელიც ხმაურისა და ქაოსისგან გათიშვის შესაძლებლობას გთავაზობთ, თუმცა, ამავდროულად, აწმყოში ყოფნაცაა, კონკრეტული მომენტის გაცნობიერებით. 

ამაში Mindfulness ძალიან დაგეხმარებათ, სტრესსაც შეამცირებს და შფოთვასაც. საკუთარ აზრებსა და გრძნობებზე, განსჯის გარეშე, დაგაფიქრებთ, რაც შინაგანი სიმშვიდისთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, მშვიდი ადამიანებისგან მაგალითი აიღეთ და ყოველდღიურად დაუთმეთ დრო მაგალითად მედიტაციას ან უბრალოდ რამდენიმე წუთით სიმშვიდეში ჯდომას. ეს პირველი, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სიმშვიდისკენ. 

მიმღებლობა

მშვიდი ადამიანები მიმღებლობის ხელოვნებას ეუფლებიან, იაზრებენ, რომ ცხოვრება აღმართ-დაღმართებითაა სავსე და ამას არ ეწინააღმდეგებიან. თუნდაც იმიტომ, რომ იციან, დამატებითი სტრესისა და დისკომფორტის მომტანი გახდება. მიმღებლობა აქ აწმყოში არსებული მომენტის იმგვარად გაცნობიერებას ეხება, როგორიც სინამდვილეშია ისე, რომ არ ვეცადოთ მასში ჩვენთვის სასურველი რაღაცების დამატება. მარტივი ამბავი არ არის, თუმცა თუ ბევრჯერ ცდით, გამოგივათ. 

თანაგრძნობა

ბუდისტური სიბრძნის ამოსავალი წერტილია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში. მშვიდმა ადამიანებმაც იციან სხვებთან მოპყრობის მნიშვნელობა, რომ სიკეთე უნდა გამოიჩინონ და თავი არიდონ ბრაზსა თუ თვითკრიტიკას. ასე კი თანაგრძნობა ემპათიასა და ურთიერთგაგებას ზრდის, გვეხმარება, ვიყოთ ნაკლებად რეაქტიულები და მეტად დაბალანსებულები სხვებისთვის პასუხების გაცემისას. მშვიდი ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, შეიგრძნონ, ემპათია გამოიჩინონ და უპასუხონ არსებულ გამოწვევებს სიკეთით, ეს კი მათთვის შინაგანი სიმშვიდის წყარო ხდება. 

კონცენტრირება

სიჩუმეში დაჯდომას და სუნთქვაზე კონცენტრირებას არ ნიშნავს. საკუთარ აზრებზე, გრძნობებსა და შეგრძნებებზე ყურადღების გამახვილებას ეხება, განსჯის გარეშე. მთავარია, აწმყოზე ფოკუსირდეთ და წარსულ შეცდომებსა თუ მომავლის შფოთვებს არ მისცეთ პროცესში ჩართვის საშუალება. 

ეგოს დაქვეითება

როცა ეგო განაპირობებს ჩვენს ქმედებებსა და რეაქციებს, ამას ხშირად კონფლიქტამდე მივყავართ. თუმცა ასე თითქმის არასდროს ხდება მშვიდი ადამიანების შემთხვევაში. საქმე აქ ეგოს დაქვეითებაშია, რადგან ასე ნაკლებად შეპყრობილი ვართ შედეგებით და მეტად ვიღებთ იმას, რასაც ცხოვრება გვთავაზობს. მეტად გამგებიანი და მიმტევებელი ვხდებით და ჩვენში სიმშვიდეც ისადგურებს. 

მიჯაჭვულობის დამარცხება

როცა ჩვენივე სურვილებით, შიშებით, საკუთრებით, ურთიერთობებითა და იდენტობებით ვართ შეპყრობილნი, მუდმივად დაძაბული ვართ, რომ დავკარგავთ იმას, რაც გვაქვს, შესაბამისად, ვერ მივიღებთ იმას, რაც გვინდა. მშვიდ ადამიანებს ეს ამბავი კარგად ესმით და მიჯაჭვულობის დამარცხებაც იდეალურად გამოსდით. იაზრებენ, რომ ყველაფერი წარმავალია და მათზე მიჯაჭვულობა მხოლოდ სტრესს მოუტანთ. ამიტომაც, ცვლილებებს ცხოვრების განუყოფელ ნაწილად თვლიან. 

მადლიერების გრძნობა

როგორც ჩანს, შინაგანი სიმშვიდისთვის მადლიერებაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს იმაზე ვფოკუსირდებით, რაც გვაქვს და არა იმაზე, რაც გვაკლია. ცხოვრების პოზიტიურ ასპექტებს ვაფასებთ, ეს განწყობას ამაღლებს, სტრესსა და შფოთვას კი ამცირებს. თუმცა მშვიდი ადამიანები მხოლოდ კარგი ამბების კი არა, გამოწვევების მადლიერნიც არიან, რადგან იაზრებენ, რომ ყოველი გამოცდილება სწავლისა და ზრდის შესაძლებლობაა მათთვის. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მადლიერების გამოხატვაზე ყოველდღიურად ივარჯიშებთ. 

დისკომფორტის მიღება

დისკომფორტმა სიმშვიდე უნდა მოგვიტანოს?! საქმე იმაშია, რომ მშვიდი ადამიანები არ გაურბიან დისკომფორტით სავსე სიტუაციებსა და შეგრძნებებს, პირიქით… რადგან ამასაც ცხოვრების ჩვეულ ნაწილად თვლიან. თუ Mindfulness ყველა გრძნობის განსჯის გარეშე კვლევას გვასწავლის, აქ დისკომფორტის გამომწვევი შეგრძნებებიც მოიაზრება, რომელზე დაკვირვება და ბუნებრივად მიღება უნდა ვისწავლოთ. სწორედ ასე ძლიერდებიან და შინაგან სიმშვიდესაც კვებავენ ადამიანები, რომელთაც განსაკუთრებით მშვიდებს ვუწოდებთ ხოლმე…

როგორ ჩავატაროთ პროდუქტის კვლევა, სანამ მას გამოვუშვებთ

Highland Residence Tabakhmela – თანამედროვე ეკოსისტემის ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე