საჩუქრის შერჩევა მარტივი არ არის. როგორ კარგადაც არ უნდა ვიცნობდეთ ადამიანებს, შეიძლება მაინც ვერ მოვიფიქროთ, რა ვუყიდოთ ისეთი, რითაც გულწრფელად გავახარებთ. ბანალური საჩუქრების გარდა, რომლებიც პირველი მოგვდის თავში: ყვავილები, სუნამო, შოკოლადი…არსებობს სხვა საჭიროებებიც, რომლებიც ჩვენი ადრესატის ცხოვრების სტილის მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ.
თუ თქვენი მეგობარი ან საყვარელი ადამიანი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, მას ვერც საბურგერეს ვაუჩერით გაახარებთ და ვერც ძვირადღირებული ალკოჰოლის ბოთლით. ადამიანს, რომელიც შეყვარებულია ასეთ ცხოვრებაზე, უფრო მეტად ისეთი ნივთები გამოადგება, რომლებიც მეტ მოტივაციას მისცემს. ამასთან, ის თავს უფრო დაფასებულადაც იგრძნობს, რადგან მიხვდება, რომ თქვენ მისი ცხოვრების სტილს პატივს სცემთ.
აქ წარმოდგენილია საჩუქრის იდეები, რომლებიც იმ ადამიანებს უნდა მიართვათ, რომელთა დღეც შვრიის ფაფით იწყება და 1 ცალი მწვანე ვაშლით (პირობითად) მთავრდება. შუალედში კი აუცილებლადაა გამოყოფილი დრო ძილისთვის.
ჯანსაღი პროდუქტების ნაკრები
ლამაზად შეფუთული ყუთი, რომელიც სავსე იქნება სხვადასხვა სასარგებლო პროდუქტებით, თქვენს ადრესატს ძალიან გაახარებს. ჯანსაღ კვებაზე მყოფი ადამიანებისთვის მსგავსი პროდუქტები არასოდესაა ზედმეტი. ზეითუნის ზეთის, ჩიის, ჩირების ნაკრებისა და თხილეულის ნაზავი, გლუტენის გარეშე ბურღულეულითა და ხილის კანფეტებთან ერთად, ნამდვილად სასარგებლო და კარგი არჩევანი იქნება.
ხილის კალათა
ჩაანაცვლეთ რაფაელოს, შოკოლადებისა და ტორტების ჩუქების ტრადიცია ხილის კალათით. ესთეტიკურად შეფუთული მრავალგვარი ხილის ასორტი ჯანსაღი კვების მოყვარულს ძალიან გაახარებს და მარაგსაც დიდი ხნით შეუვსებს.
მცენარეების ქოთანი
საკუთარი ხელით მოხატეთ ან უკვე მზა ქოთანი შეიძინეთ და აჩუქეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანს, რომელიც დროს ჯანმრთელობაზე ზრუნვას უთმობს. ეს საჩუქარი არც ისე ძვირი ჯდება, თუმცა შეიძლება გაახაროს ადამიანი, რომელსაც საკუთარი ხელით მოყვანილი მწვანილის ან პომიდვრის ჭამა უყვარს.
წყლის ლამაზი ბოთლი
წყლის ბოთლს ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ადამიანები ამ ნივთის გარეშე არ ცხოვრობენ და არც გარეთ გადიან. სწორედ ამიტომ, მათთვის იმასაც აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი იქნება მათი ბოთლი. მისი ვიზუალური მხარე დადებით განწყობას ქმნის და მათ თავს გამორჩეულად აგრძნობინებს, ვიდრე ჩვეულებრივი ბოთლი, როგორიც ყველას აქვს. შეურჩიეთ ლამაზი ფერი, ფორმა და მიართვით ჯანმრთელ ცხოვრებაზე ორიენტირებულ მეგობარს. მას საჩუქარი ნამდვილად ესიამოვნება.
ჩაისა და წვნიანის ჭურჭელი
იქიდან გამომდინარე, რომ ჩაი და წვნიანი ხშირადაა ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრების რაციონში, მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჭურჭელს. წყლის ბოთლის გარდა ამ ადამიანებს შეიძლება მოეწონოთ ჩაის ფინჯანი ლამაზი ლამბაქით, ან ფიალა წვნიანებისთვის, რომელიც მათ პერსონალურ გემოვნებაზე იქნება მორგებული, საყვარელ ფერებსა და ფორმაზე.
ჭურჭელი სამხრისთვის
მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელი, ერთი მხრივ, გარემოსთვისაც სარგებლის მომტანია, მეორე მხრივ კი, შთააგონებს საჩუქრის მიმღებებს, რომ მოამზადონ სამხარი და თავი აარიდონ გარეთ ჭამას. ეს კი ბევრად უკეთესია როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად, ისე მათი საფულისთვის. იდეებისთვის შეგიძლიათ მოინიშნოთ სპეციალური ჩანთები, ე.წ. ლანჩბოქსები და ფერადი კონტეინერები.
სავარჯიშო ატრიბუტები
ის, ვინც ჯანსაღ ცხოვრებას მისდევს, ვარჯიშს დიდ დროს უთმობს, ამიტომ ნებისმიერი ატრიბუტი, რომელიც ამისთვის გამოადგება, მისთვის საუკეთესო საჩუქარია. ეს შეიძლება იყოს გირები, პარალონი, ტრენაჟორი, სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც სახლის პირობებშიც გამოადგება. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ აბონემენტი დარბაზში სავარჯიშოდ ან საცურაო აუზზე სასიარულოდ.
მსგავსი საჩუქრები ადამიანებს, რომლებიც სილამაზესა და ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას აქცევენ, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს, რომ გააგრძელონ ცხოვრების ასეთი სტილი, გახდნენ მოტივატორები სხვებისთვის და შესაძლოა, თავად თქვენთვისაც.
რუბრიკა #ჯანმრთელობის წარმდგენია ჯანმრთელობის ციფრული პლატფორმა Ekimo.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი