in

რა ვისწავლეთ 2023 წელს? ზვიად მღებრი, ანნა გუგუტიშვილი, George Van de Kamp წლის „ჰაილაითების” შესახებ

დედამიწას მზის გარშემო 1 სრული ბრუნვის გასაკეთებლად ერთი წელი სჭირდება, ადამიანებისთვის კი საქმე ბევრად მარტივადაა, რადგან სანამ ჩვენი პლანეტა დიდ მისიას ასრულებს, ჩვენ ბევრი რამის მოსწრება შეგვიძლია. ყოველი წელი ჩვენთვის ახლის შესწავლისაა, შანსი გვეძლევა, გადავდგათ სწორი ნაბიჯები, მივიღოთ გადაწყვეტილებები, ვიზრუნოთ კარიერაზე, საყვარელ ადამიანებზე, არ გადავდოთ საქმე სამომავლოდ და მივყვეთ ჩვენს იდეებს იქ და მაშინ, როცა ეს იდეა გაჩნდება. წლის ბოლოს კი შევაჯამოთ, რა გავაკეთეთ, რა ვერ გავაკეთეთ და შეგვიძლია თუ არა, წლის დასაწყისში ჩამოწერილ სიას გვერდზე ✅ – ეს ნიშანი დავუწეროთ.

ყოველ ადამიანს წლის ინდივიდუალური შეჯამება აქვს. ჩვენ რამდენიმე რესპონდენტს: ზვიად მღებრს, ანნა გუგუტიშვილსა და გიორგი მარტიაშვილს, იგივე George Van de Kamp-ს ვთხოვეთ, შეეფასებინა 2023 წელი, მოეყოლა ჩვენთვის, რა იყო ახალი, რა ისწავლეს და როგორ ელიან ახალ, 2024 წელს…

ზვიად მღებრი, POSTRED-ის კინო კომპოზიტორი, მუსიკის დეპარტამენტის ხემძღვანელი:

ჩემთვის ეს წელი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფორმაციული იყო. საერთაშორისო ფილმებისა და სერიალების გარდა, საკმაოდ მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობით აქტიურად დავიწყე ვიდეოთამაშებისთვის მუსიკის შექმნა. ეს პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნოა, რადგან ყოველთვის ცდილობ, შეხვიდე მოთამაშის მდგომარეობაში და იფიქრო, თუ რა უნდა განიცადოს მოთამაშემ თითოეული მოქმედების დროს კონკრეტულ ადგილას.

ასევე, განსაკუთრებით მიხარია ის ფაქტი, რომ, რაც დრო გადის, POSTRED კიდევ უფრო იზრდება და გუნდში ახალი კადრების ყოლა შესაძლებლობას მაძლევს, მეტად ვიყო კონცეტრირებული მხოლოდ მუსიკის წერაზე და ჩამოვშორდე სხვა მენეჯმენტურ საკითხებს, რასაც ხშირად ვაკეთებდი კომპანიის ზრდისთვის. 

თითქოს ის შრომა, რაც წლების მანძილზე დავხარჯე, დაგვეხმარა მეც და POSTRED-ის გუნდსაც, კომფორტული გარემოს შექმნაში, ახლა კი შედეგს ვიმკით. სწორედ ეს მომენტი იყო ჩემთვის განსაკუთრებულად ტრანსფორმაციული ამ წელს.

2023 წელს ასევე პატივი მხვდა, European Film Awards-ზე რვაკაციანი ჟიურის ერთ-ერთი წევრი გავმხდარიყავი და Excellence Awards 2023-ის გამარჯვებულები გამომევლინა დაჯილდოებაზე, რომელიც ბერლინში გაიმართა. მუსიკის კატეგორიაში გადამწყვეტი სიტყვა მე მეთქმოდა და ასეთ მასშტაბურ დაჯილდოებაზე ასეთი მნიშვნელოვანი როლის ქონა ძალიან საპასუხისმგებლო, მაგრამ ამავდროულად საამაყო იყო.

გული მიგრძნობს, მომავალი წელი კიდევ უფრო აქტიური და საინტერესო იქნება, ამიტომ დიდი შემართებით და ენერგიით ვხვდები”.

„ფოტოზე ვართ: მე, სხვა ევროპული აკადემიის ჟიურის წევრებთან ერთად და შუაში არის Agnieszka Holland საკმაოდ ცნობილი პოლონელი რეჟისორი და ევროპული ფილმის აკადემიის პრეზიდენტი”

ანნა გუგუტიშვილი, გრაფიკოსდიზაინერი:

წლის შეჯამებისას ნაკლებად ვფიქრობ ამა თუ იმ კონკრეტულ მოვლენაზე. მეტად დასამახსოვრებელი არის ის ემოციები და განწყობა, რაც დაგვიტოვა გასულმა პერიოდმა, ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა გადალახვაც უფრო მეტად მოქნილსა და დარწმუნებულს გხდის საკუთარ თავში, წარმატება და პროგრესიც ხომ სწორედ ამ ფაქტორებით იზომება.

2023 წელს ჩემი კარიერული მოგზაურობა საკმაოდ საინტერესო იყო, საკმაოდ დატვირთული და „ერთი ამოსუნთქვით” გასული, თუმცა ამ სიჩქარეში აღმოვაჩინე სუნთქვის ახალი უნარი – ყოველი წამითა და მოვლენით ტკბობა. 

წინა წლებისგან განსხვავებით, სადაც ვცდილობდი, ყველა გამოწვევა მიმეღო, 2023-მა მასწავლა საკუთარი გამოცდილების უფრო მეტად დაფასების ხარჯზე,  ნაკლები, მაგრამ უფრო ხარისხიანი მოვლენებისკენ სწრაფვა; არა მხოლოდ მოცემული შესაძლებლობების, არამედ საკუთარი თავის უფრო მეტად აღიარება.

კარიერული კუთხით გამორჩეული მოვლენა იყო პოზიციის ცვლილება ამჟამინდელ სამსახურში. ტრანსფორმაციის პარალელურად გაჩნდა ახალი გამოწვევა: AI ინსტრუმენტების გამოყენება და ინტეგრირება ჩემს ყოველდღიურობაში. ის რაც თავდაპირველად ჩანდა როგორც გარკვეული გამოწვევა, აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება ჩვენს ინდუსტრიაში. წლის დასაწყისში კარგად მახსოვს არსებული სკეპტიკური და ხშირად ნეგატიური დამოკიდებულებაც კი ამ საკითხის მიმართ, თუმცა ახლა უკვე თამამად ვიყენებთ AI დაგენერირებულ ვიზუალურ და ტექსტუალურ მასალას ყოველდღიურ საქმიანობაში. ამ ცვლილებამ არა მხოლოდ გაამარტივა სამუშაო პროცესები არამედ სიახლეებისა და ტრენდულობის ახალი ეტაპი შემოიტანა ნამუშევრებში. ძალიან საინტერესოა იყო იმ პროცესის მონაწილე და აკვირდებოდე თუ როგორ იცვლება დიზაინერთა ხედვა. სწორედ ეს გზა სკეპტიციზმიდან ინტეგრაციამდე, 2023 წლის განსაკუთრებულ „ჰაილაითს” წარმოადგენს.

კიდევ ერთი გამოწვევა წელს იყო საავტორო კურსის გაკეთება იმ პირობებში, სადაც სასწავლო ცენტრები სტუდენტებს გრაფიკული დიზაინის უამრავ კურსს სთავაზობენ. ჩემი მთავარი მიზანი იყო ეფექტური და პრაქტიკაში აღმოჩენილი პრობლემების გადაჭრით შექმნილი კურსის შეთავაზება სტუდენტებისთვის, ამიტომ მთელი კურსის სილაბუსი შედგენილია რეალური სამუშაო პროცესის პრაქტიკული იმიტაციით. 

ზოგადად, ჩვენს სფეროში ნაკლებად ვსაუბრობთ ხოლმე პირადი ცხოვრებისა და სამუშაოს ბალანსში ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებაზე როგორიც არის შვილი- რომელიც თან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და თან გეხმარება უფრო მეტად დააფასო და გაფილტრო საქმე ხარისხის მიხედვით. ეს ცვლილება 2024-შიც რჩება ყველაზე დიდ გამოწვევად, რადგან ამ შემთხვევაში პროფესია და პირადი ცხოვრება ჩემთვის ერთმანეთისგან განუყოფელია, დიზაინი მუდამ არის ცხოვრების წესი და არა მხოლოდ სამუშაო ადგილი ან კარიერული პოზიცია”.

გიორგი მარტიაშვილი, George Van de Kamp, ფოტოხელოვანი: 

„გასული  წელი გარდამტეხი იყო ჩემს ცხოვრებაში, ბევრ სირთულეს შევეჭიდე და მივხვდი, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ტრადიცულად, მთელი წელი ვთანამშრომლობდი ქართულ წამყვან კომპანიებთან, ასევე საზღვრებს გარეთ სააგენტოებთან, რომლის შედეგებს უკვე 2024 წელს მივიღებ. 

იყო ძალიან ბევრი წარმატება და გამოცდილება. მივხვდი, რომ ყველა დასახულ მიზანს მივაღწიე და უკვე მაქვს დრო და რესურსი სხვა, დამწყებ კოლეგებს შევუწყო ხელი და ზოგადად, ჩემი სფერო განვავითარო ქვეყანაში. 2024 წელს რამდენიმე მასშტაბურ  სოციალურ პროექტს ვგეგმავ, ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებ და მინდა, სხვებისთვისაც შევძლო ამის გაზიარება”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

რა აჩუქო მეგობარს თუ სეკრეტ სანტა ხარ? – ბიტკოინი

ხელოვნური ინტელექტი ყველასთვის — Lenovo-მ ახალი კომპლექსური ხედვა წარმოადგინა