in

რა ვუთხრათ ბავშვებს ომის შესახებ? ფსიქოლოგის რჩევები

M2
M2

რუსეთსა და უკრაინას შორის გამწვავებული კონფლიქტი უკვე 1 კვირაა, ომის ქარცეცხლში ტრიალებს. რუსული ჯარი შეიჭრა ქვეყანაში და მის რამდენიმე ტერიტორიას აკონტროლებს. ამ ამბებს ჩვენ შორიდან ვაკვირდებით, მაგრამ ჩვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე აისახება – ვართ შეშინებულები, დაძაბულები, ჩვენს ტვინს უჭირს სხვა რამეზე კონცენტრირება. 

ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურები ბავშვები არიან. მათ კითხვები უჩნდებათ, ჩვენზე მეტად დაბნეულნი არიან და მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ გავცეთ ამ კითხვებს პასუხი.

არსებობს რიგი კითხვებისა, რომლებიც თავს იჩენს ეს ბოლო დღეები და მოდით, სათითაოდ მივყვეთ მათ.

რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. ფრაზა “მესამე მსოფლიო ომი” სიახლეებში ბევრჯერ გაჟღერდა. უნდა ვესაუბროთ შვილებს ამაზე?

ფსიქოლოგს ამაზე დადებითი პასუხი აქვს და თან განმარტავს, რომ უფროსებმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს შვილებზე. ჩვენ ვართ შეშფოთებულები და შინაგანად ბევრი ემოცია გვაქვს დაგროვებული, რაც ოჯახის მცირეწლოვან წევრებზეც გადადის. უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მათ ამაზე ველაპარაკოთ. 

თუ ბავშვი თვითონ მოდის და გისვამთ კითხვებს, ეს კარგია, მაგრამ პირველ ნაბიჯს მათგან არ უნდა დაველოდოთ. ჩვენი განწყობა მათზე აისახება და შეიძლება ვერ ხვდებოდნენ, რა გვაწუხებს, შეიძლება ისიც კი იფიქრონ, რომ რაღაც დააშავეს და ამის გამო ვართ გაღიზიანებულები, ამიტომ, ყველაზე სწორი იქნება, რომ დავსხდეთ და თავად ავუხსნათ სიტუაცია.

რა სიტყვებით შეიძლება ბავშვს ავუხსნათ ომი, რომ მისთვის გასაგები იყოს?

ეს, პირველ რიგში, ასაკზეა დამოკიდებული. როცა ბავშვი ძალიან მცირეწლოვანია, მას არ აქვს ისეთივე მორალური ცნებები, როგორც უფროსს. ხშირად სვამენ რთულ, მეცნიერულ კითხვებს და თან მალევე სურთ ამაზე პასუხის მიღება. შეიძლება მათ ვუთხრათ შემდეგნაირად: “ომი ის არის, რაც სიცოცხლეს ანგრევს”. ასევე, მარტივად შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ომის დროს იარაღს იყენებენ და სახლებს ანგრევენ. აქვე ისიც უნდა დავამატოთ, რომ მშობელი ამ დროს თავის შვილებზე და მათ უსაფრთხოებაზე იწყებს ნერვიულობას. 

ამასთან, შესაძლებელია ომი ავხსნათ თამაშით. მოკლედ, ფორმა შეგიძლიათ თავად აირჩიოთ,  ყველაზე მთავარი ამაში ისაა, რომ ეს ახსნა არ გადაიქცეს ლექციად, არამედ ჰქონდეს დიალოგის სახე.

აუცილებელია თუ არა შევიკავოთ ემოციები ბავშვებთან?

არ არის აუცილებელი — ამბობს ფსიქოლოგი. ავთენტურობა ყოველთვის გახსნილობის ნაწილია. თუ ზრდასრული, მაგრამ ძალზე შეშინებული ვარ, ამაზე შემიძლია ვისაუბრო და გამოვხატო. ბავშვებს მაინც ვერ მოვატყუებთ, ისინი გვამჩნევენ იმას, რის დამალვასაც ვცდილობთ. ამ ეპიზოდში მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ შიშით ჩვენი ბავშვებიც არ დავაშინოთ. ამის პრევენციისთვის კი საუკეთესო ფრაზაა: “ეს მე მაშინებს, მაგრამ შენ არ უნდა ინერვიულო ამაზე. ჩემთან უსაფრთხოდ ხარ”.

შეიძლება ეს ფრაზა ვინმეს ამბივალენტური მოეჩვენოს, მაგრამ ფსიქოლოგი გვეუბნება, რომ მნიშვნელოვანია, ვიყოთ კონტაქტში. თუ არ ვართ დარწმუნებულნი, რომ რასაც ვამბობთ, კარგად ესმით ჩვენს შვილებს, მაშინ გადავამოწმოთ კითხვებით: “გაიგე?”, “ამაზე რას ფიქრობ?” და სხვა. თუ ამაზე გვიპასუხებენ, რომ თავს ცუდად გრძნობენ ან აინტერესებთ, რით შეუძლიათ უკრაინელების დახმარება, ჩვენ მათთან ერთად შეგვიძლია ვიფიქროთ იდეებზე. მაგალითისთვის, ეს შეიძლება იყოს პლაკატის გაკეთება, ქველმოქმედებაში ჩართვა ან რაიმე სხვა.

რას გულისხმობს დაცულობის შეგრძნება?

ერთი მხრივ, ეს გულისხმობს დანახვისა და გაგების განცდას. მეორე მხრივ, ბავშვის მხარდაჭერასა და გვერდში დგომას შესაფერისი გზის ძიებაში. როცა ბავშვებს ეშინიათ და საფრთხეს გრძნობენ, თუ ამაზე ვერაფერს ამბობენ და არც ჩვენ ველაპარაკებით, მათი ფსიქიკა ზიანდება.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ თავადაც მძიმედაა ფსიქოლოგიურად?

ამ დროს უნდა მიმართოს მეგობარს, თერაპევტს ან ვინმეს დახმარებისთვის. თუ ბავშვი სვამს კითხვას და მშობელს პასუხი არ აქვს და თავს თვითონაც დაძაბულად გრძნობს, შეუძლია უთხრას შვილს, რომ ცოტა დრო სჭირდება ფიქრისთვის. მთავარია, მშობელი შემდეგ მოუბრუნდეს ამას და არ დატოვოს ყურადღების მიღმა.

როგორ უნდა ვესაუბროთ ომზე მოზარდებს?

გამომდინარე იქიდან, რომ მოზარდები სქესობრივი მომწიფების გზას გადიან, ამ პერიოდში ისედაც ცოტა შორდებიან მშობლებს და თვითღირებულებების პოვნას ცდილობენ, ამიტომ აუცილებელია მათთან ღიად და დისკუსიის რეჟიმში საუბარი. აუცილებელია, მოვუსმინოთ მათ და გავიზიაროთ მათი მოსაზრებები, ეს მოზარდს თავის ადგილს უჩვენებს სამყაროში და სტაბილურობის შეგრძნებას უჩენს. 

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენი 14 წლის მოზარდი იმდენად გაბრაზებულია, რომ მზადაა აიღოს იარაღი და რუსეთს შეებრძოლოს?

ეს არც ისე მარტივი კითხვაა და აქ ყველაზე მნიშვნელოვანია მშობლის სწორი მიდგომა. უპირველეს ყოვლისა, სერიოზულად უნდა მივიღოთ ეს გრძნობა და არ მივიჩნიოთ ის ბავშვურ ფანტაზიად. მის უკან სხვების დაცვის სურვილი დგას. აქაც მნიშვნელოვანია გვერდში დგომა და იმის ჩვენება, რომ ეს ბრაზი მარტო მას კი არა, მშობელსაც აწუხებს.

სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებში უამრავი ვიდეო თუ ფოტომასალა ვრცელდება, რომლებსაც ჩვენი შვილებიც უყურებენ. ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ მათ წინაშე ვერ ჩამოვაფარებთ შუშის კედელს, უნდა ავუხსნათ ყველაფერი და ვესაუბროთ შვილებს ხშირად. მნიშვნელოვანია, ჩვენი მიზანი იყოს არა მათი დაცვა ამ ყველაფრისგან, არამედ ის, რომ უბრალოდ არ დავტოვოთ ბავშვები მარტო.

2010 წელს ნაყიდი თეთრი ვაშლიდან Macbook Air M1-მდე

რა გავლენა აქვს სოლიდარობას?