მეღვინეების მხარდასაჭერად, რაჭა-ლეჩხუმში სპეციალური პროფესიული სასწავლო კურსი ჩატარდა. ერთი კვირის განმავლობაში, სასერტიფიკატო კურსს რეგიონის 70-მდე მარნის წარმომადგენელი დაესწრო. ლექციების დიდი ნაწილი მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოებს. მონაწილეებმა მოისმინეს ლექციები მევენახეობის საფუძვლებზე, ვენახების კადასტრზე, საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებაზე, ღვინის ეტიკეტირებაზე, სერტიფიცირებაზე, მარკეტინგზე, დეგუსტაციის საფუძვლებზე და სხვა საკითხებზე. შეხვედრებიდან, გამორჩეული იყო ღვინის მარკეტინგი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მოამზადეს ბრიფი. ბრიფის საფუძველზე, ყველაზე აქტიურ ოთხ მეღვინეს მიწვეულმა გრაფიკულმა დიზაინერებმა ვიზუალური ბრენდინგი და ეტიკეტები შეუქმნეს.
სასწავლო კურსის მიმდინარეობის შესახებ, ფესტივალის თანაორგანიზატორი ბექა კოკაია გვესაუბრა.

M: რით იყო მნიშვნელოვანი ამ ტიპის გადამზადება მეღვინეებისთვის და რას მოიცავდა სასწავლო კურსი?
რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი მეორედ ტარდება. გასული წლისგან განსხვავებით, სატრენინგო ნაწილისთვის უშუალოდ, რაჭა-ლეჩხუმს ვეწვიეთ. სასწავლო კურსი თერთმეტ დისციპლინას მოიცავდა, ვენახის მოვლის გარშემო. ვენახის მოვლა გახლავთ დინამიკური პროცესი, რომელიც საჭიროებიდან გამომდინარე მუდმივად იცვლება, შესაბამისი გაიდლაინებით, უფრო მეტი ეფექტურობისთვის. ტრადიციული მეთოდები უფრო თანამედროვე მიდგომებით იცვლება, საჭიროებებიდან გამომდინარე. კურსზე განიხილეს ღვინის მოვლა, როგორ ამოვიცნოთ დაავადებები ღვინოებში და როგორ ვუმკურნალოთ, რა ტენდენციები არის ბაზარზე, როგორ ამოვიცნოთ არომატები, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ღვინო, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შემთხვევაში. ასევე, როგორ უნდა გაფორმდეს ადამიანი მეღვინედ იურიდიულად, რა სავალდებულო წარწერებია საჭირო ეტიკეტზე და ა.შ. ამ ყველაფრის ცოდნა უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ ღვინის რეალიზაცია და ფესტივალებში მონაწილეობა შეძლოს მეღვინემ.

M: რა მნიშვნელობა ჰქონდა ღვინის მარკეტინგის განხილვას, კურსის ფარგლებში?
კურსის ბოლოს, ღვინის მარკეტინგის ნაწილი ჩატარდა, რომელიც ბრენდინგის მიმართულებით გაგრძელდა. მონაწილეებმა შეადგინეს ბრიფი, გაერკვნენ, თუ როგორ უნდა აუხსნან დიზაინერებს ბრენდის კონცეფცია. ძალიან კარგი ბრიფები შედგა და 4 ყველაზე აქტიურ მონაწილეს თავისუფალი უნივერსიტეტის დიზაინისა და ვიზუალური ხელოვნების სკოლის მეოთხე კურსის გამოცდილმა სტუდენტებმა. ვიზუალური ბრენდინგი ბრიფის ავტორების სრული ჩართულობით შეიქმნა.

საბოლოოდ, მშვენიერი ნამუშევრები გამოვიდა და კურსის მონაწილეებმა სერტიფიკატები მიიღეს. მიხარია, რომ ტრენინფი ყველა მონაწილესთვის სასარგებლო აღმოჩნდა, ყველამ შეძლო მისთვის საინტერესო ახალი საკითხის უკეთ გაცნობა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო პრაქტიკული ნაწილი. ჯერ კიდევ, ათი წლის წინ, მეღვინე გოგო წარმოუდგენელი იყო, ახლა კი, წარმოიდგინეთ, სტუდენტის შეხედულების ადამიანი ჩადის, გასხვლაზე ატარებს ლექციას და პრაქტიკული ნაწილი პირდაპირ ვენახში მიმდინარეობს. წვრილმანი დეტალები ხომ პრაქტიკაში უკეთ ჩანს.

ამ დამეგობრებამ წარმატებით ჩაიარა, მეგობრულად გამოგვაცილეს და დიდი ინტერესით ელიან საფესტივალო დღეებს. ტრენინგები ჩატარდა რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალის ფარგლებში, რომელიც წელს უკვე მეორედ გაიმართება. ფესტივალს კვლავაც ამბროლაური აეროპორტის ტერიტორიაზე უმასპინძლებს, 15 ივლისს. შერჩეული ადგილმდებარეობა თავისებურ ხიბლს სძენს ფესტივალს.

M: რა დამატებითი შესაძლებლობებია რაჭა-ლეჩხუმის მეღვინეებისთვის, ამ შეხვედრების შედეგად?
ტრენინგებისა და ფესტივალების გარდა, ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს საერთაშორისო დონის სომელიეებთან, რათა მზაობის შემთხვევაში, რაჭა-ლეჩხუმელ მეღვინეებს ნაწარმის ექსპორტზე გატანაში შევუწყოთ ხელი, გავასინჯოთ უცხოელებს და გავზარდოთ ადგილობრივი ღვინის ცნობადობა.

რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იმართება. ღონისძიების მიზანია ადგილობრივი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება და ხელშეწყობა. ტრენინგების პარტნიორია სოფლის განვითარების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახური.












