in

როგორ განვითარდა რაჭა-ლეჩხუმის მეღვინეობა ღვინის ფესტივალის შედეგად

რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი დასრულდა. ფესტივალი ამ ფორმატში უკვე მეორედ წარიმართა და წელს, მას ცაგერმა უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. Marketer.ge ფესტივალის მედია მხარდამჭერი გახლდათ. რაჭა ლეჩხუმის ღვინის ფესტივალში მონაწილეობა 50-ზე მეტმა მცირე, საშუალო და დიდმა მარანმა მიიღო. ფესტივალზე ადგილობრივი და მიკროზონის ღვინოები იყო წარმოდგენილი. ფესტივალს სტუმრობდნენ ადგილობრივები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ადამიანები და უცხოელი ტურისტები. ვიზიტორთა შორის იყვნენ ღვინის ექსპერტები და ექსპორტიორები. ფესტივალამდე რამდენიმე თვით ადრე, აპრილში, რაჭა-ლეჩხუმის მევენახეებისა და მეღვინეებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო შეხვედრები ჩატარდა ვაზის მოვლის, მარნის მოწყობის, დეგუსტაციის, ღვინის სერტიფიცირების და ღვინის მარკეტინგის მიმართულებით. სანამ ღვინის მომდევნო ფესტივალი, 2024 წელს, ამბროლაურში ჩატარდება, ფესტივალის ორგანიზატორი სალომე თალაკვაძე რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების დინამიკაზე გვესაუბრება.

M: თქვენი შეფასებით, როგორ შეიცვალა რაჭა-ლეჩხუმში მეღვინეობის განვითარების ტემპი/ხარისხი, ფესტივალის ჩატარების პარალელურად?

ზოგადად, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს მეღვინეობის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. აქ სამი აღიარებული მიკროზონაა. შესაბამისად, პოპულარიზაციისთვის გადადგმული ყველა ნაბიჯი ამ რეგიონის მეღვინეობის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროგრესიც აშკარაა, შარშანდელთან შედარებით. წელს, კიდევ უფრო მეტმა მარანმა დაიწყო ღვინის წარმოება და ბოთლში ჩამოსხმა. ფესტივალის ჩატარება, პირველ რიგში, ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს შიდა თუ საერთაშორისო ბაზარზე.

M: მიმოვიხილოთ, რაში დაეხმარა ფესტივალის ფორმატი ამ რეგიონის მეღვინეებს წინსვლაში?

მაგალითად, ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, ვნახეთ უფრო მეტი სერტიფიცირებული ღვინო, ანუ, ღვინის სერტიფიკატზე ტრენინგების შედეგად ნასწავლი ცოდნა მეღვინემ სწორად აითვისა და პრაქტიკაში გამოიყენა. სერტიფიცირების გარეშე, ღვინის რეალიზაცია შეუძლებელია. ასევე, ვნახეთ, როგორ გამოიყენეს მეღვინეებმა ღვინის მარკეტინგის სემინარების შედეგად შექმნილი ეტიკეტები ამ ფესტივალზე.

M: ამ დროისათვის, რა სჭირდებათ მეღვინეებს ყველაზე მეტად და როგორ გეგმავთ ამ საჭიროებების მოგვარებაში მათ მხარდაჭერას?

ვფიქრობთ, საჭიროა სპეციალისტების ხშირი ვიზიტი. მეღვინეებმა უნდა დაარეგისტრირონ მარანი, ჩამოსხმულ ღვინოს უნდა ჩაუტარონ კანონით დადგენილი ლაბორატორიული კვლევა, დაარეგისტრირონ ლოტის ნომერი, აიღონ სერტიფიკატი. სხვა შემთხვევაში, ღვინოს ვერ გაყიდი ვერც შიდა და ვერც გარე ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით, ამ მხრივ პროგრესი გვაქვს, ბევრი კარგი ღვინო სწორედ საბუთების მოუწესრიგებლობის გამო ვერ რეალიზდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ მარანს გავწვდეთ და მეტი ღვინო მოხვდეს ბაზარზე.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Duolingo-მ Barbie-ის პრემიერისთვის რეკლამა გადაიღო

რა კავშირშია სარეკლამო ინდუსტრია, სოციოლოგია და 90-იანები – თამარ ცინცაძე