in

რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი 22 ივლისს ჩატარდება — რა გველოდება?

22 ივლისს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ჩატარდება ქართული ღვინის ფესტივალი, რომლის ორგანიზატორიც „ჯი-ეს სერვის გრუპია“.

რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი 2022 წლის ივნისში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა და მასში 70 მარანმა მიიღო მონაწილეობა. წელს ღვინის ფესტივალი ქალაქ ცაგერში, ლადო ასათიანის სახელობის სკვერში ჩატარდება.

აღნიშნული ფესტივალის მთავარი მიზანი ქართველი და უცხოელი  ვიზიტორებისთვის რაჭა-ლეჩხუმის ღვინის საწარმოებისა და მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინის წარდგენაა. თანაც ქართული  ღვინის კულტურისა  და ტრადიციების გასაცნობად, ფესტივალს ეწვევიან იტალიიდან და ბრიტანეთიდან მოწვეული სომელიეები, ღვინის მწერლები და იმპორტიორები.  გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს უმასპინძლებენ ღვინის საწარმოებშიც, სადაც ადგილზე გაეცნობიან ღვინის წარმოების უნიკალურ ტექნოლოგიურ პროცესებს. ასევე, ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდება ღვინის მასტერკლასები და მოეწყობა სხვადასხვა სახის აქტივობები რეგიონის გასტრონომიული თავისებურებების წარმოსაჩენად.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალის ჩატარება მნიშვნელოვანია ამ რეგიონის მეღვინეობის პოპულარიზაციისთვის, როგორც ადგილობრივი და ისე საერთაშორისო მასშტაბით. ამასთანავე, თანაბრად საინტერესოა დამწყები და უკვე მრავალწლიანი მეღვინეებისთვის, რათა მარნების თანმიმდევრულ განვითარებასა და ეფექტიან ფუნქციონირებაზე სათანადოდ იზრუნონ.

ფესტივალისთვის მზადება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, როდესაც რაჭა-ლეჩხუმის ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთკვირიანი პროფესიული სასწავლო კურსი გავლოთ, რომლის ფარგლებშიც, დარგში მოღვაწე წამყვანმა ქართველმა სპეციალისტებმა მონაწილეებს გაუზიარეს ცოდნა-გამოცდილება მევენახეობის, ექსპორტის პროცედურების, მარკეტინგის, ბრენდირებისა და საექსპორტო გაყიდვების სტრატეგიების შემუშავების მიმართულებით.


ფესტივალს „ჯი-ეს სერვის გრუპი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ააიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ამავე სამინისტროს ააიპ სოფლის განვითარების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის მხარდაჭერით ატარებს.

ასევე, ფესტივალის მხარდამჭერები არიან სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატის ბიურო, ამბროლაურის, ცაგერის, ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიები.

[პარტნიორის კონტენტი]

ფარმსახლი — „პირველი ფარმაცევტული კომპანიაა ამიერკავკასიაში, სადაც სააფთიაქო რობოტი გამოჩნდა“

წყლის მიღების წესები ზაფხულის ცხელ დღეებში — რას გვირჩევს მარი მალაზონია?