in

რა უნდა ვიცოდეთ ქართულ რადიოში რეკლამის განთავსებისას?

ამსტერდამში ჩატარებულმა ნეირომარკეტინგულმა კვლევამ აჩვენა, რომ რადიო რეკლამის შემთხვევაში, მომხმარებლის ყურადღების მიქცევა და რეკლამის ეფექტის მნიშვნელოვანად გაზრდა იუმორის, აუდიო ლოგოს, ემოციური ტრანსფერის საშუალებითაა შესაძლებელი და არამხოლოდ. აუდიო კონტენტს, ამ შემთხვევაში კი, რადიო რეკლამას, დიდი გავლენა აქვს ადამიანების ცნობიერსა თუ არაცნობიერზე, შესაბამისად კი, ბრენდებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების საკითხზეც. რადიო, როგორც მნიშვნელოვანი სარეკლამო არხი, აქტუალურია საქართველოშიც: ბოლო მონაცემებით, ტელევიზიას 73%, რადიოს კი 52%-იანი წვდომა აქვს მოსახლეობაზე (TNS-ის მონაცემი). რჩება თუ არა ამ საკითხში რადიო კონკურენტულ მედიაპლატფორმად, რა უნდა ვიცოდეთ ქართულ რადიოში სარეკლამო კონტენტის განთავსებისას და იზომება თუ არა ამ არხზე განთავსებული რეკლამის ეფექტურობა – ამ კითხვებზე პასუხს ხმის დიზაინერ – ბესო კაჭარავასთან და რადიო „ფორტუნას“ მარკეტინგის დირექტორ მაია მაზანაშვილთან ინტერვიუს სახით გთავაზობთ:

 

ბესო კაჭარავა – ხმის დიზაინერი 
„ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რასაც საქართველოში არ ვიყენებთ, არის აუდიო ბრენდინგი. როცა კომპანიას უნდა, რომ ხმით დაიმახსოვროს ადამიანმა, უნდა იყოს ძალიან მდგრადი და თანმიმდევრული, უნდა შექმნას აუდიო ბრენდი, აუდიო ლოგოთი, ჟანრით და ა.შ. რადიოში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აუდიო ლოგოს გამოყენებით, ადამიანი მაშინვე ახდენს ასოცირებას კომპანიასა და პროდუქტთან. ეს შეიძლება იყოს პატარა მუსიკის, ან ხმის ეფექტის ნაწილი. ამ მიმართულებით შეგვიძლია გავიხსენოთ „ინტელის“ ან „ნოკიას“ აუდიო ლოგოს მაგალითი, გარდა ამისა, „აიფონიც“, რომელიც მარიმბას იყენებს თავის აუდიო ბრენდინგში. კონკრეტული მუსიკალური ჟანრები და ტემბრები გარკვეულ ემოციას იწვევს ადამიანებში, ამ ჟანრებთან ასოცირება და მათი სწორად დაგეგმვა დაგეხმარებათ იმაში, რომ სწორი პოზიციონირება მოახდინოთ. ბრენდის სტრატეგიის დაგეგმვისას, ვფიქრობ, აუდიო ბრენდინგს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს“.
ბესო კაჭარავა
M: თითოეულ ჩვენგანს გვაქვს აუდიო მეხსიერება.. რა მნიშვნელობა აქვს ამ მოცემულობისა და ასოციაციურობის გამოყენებას რადიო რეკლამაში?
ხმის დიზაინზე როცა ვმუშაობთ, ჩვენი მთავარი საქმე არის ის, რომ ჩვენი ასოციაციები ემთხვეოდეს ყველა სხვა ადამიანისას, იმისათვის, რომ მათში განცდის გამოწვევა შევძლოთ. ჩვენ, თუ ვთქვათ, ისეთი ხმა დავადეთ რამეს, რაც სხვას არ განუცდია და არ არის მასიური, უბრალოდ, ვერავინ მიხვდება. მარტივ მაგალითს ვიყენებ ხშირად ამ აზრის გასამყარებლად: თუ იცით, როგორ უნდა ჟღერდეს დინოზავრის ხმა? Jurassic Park არის ძალიან ცნობილი ფილმი, რომელმაც ადამიანებში დინოზავრის ხმასთან დაკავშირებული მოგონება შექმნა, შესაბამისად, ეს ხმა ასოცირდება დინოზავრთან და არა სხვა ცხოველთან. იგივეა რობოტის ხმის შემთხვევაშიც. ეს არის საშუალება, რითაც შეგიძლია მომხმარებელს არაცნობიერის დონეზე მიაწოდო სათქმელი. აქვე ვიტყვი, რომ რადიო რეკლამისთვის განკუთვნილი მუსიკა უნდა იყოს მორგებული რეკლამაზე, უნდა დაწერონ ახალი ან გამოიყენონ ის, რომელიც ასოცირდება მათ პროდუქტთან და აკავშირებს მათ მომხმარებელთან.
M: რა მნიშვნელობა აქვს ამ საკითხში ადამიანის ხმას? იმას, თუ რამდენად ხშირად მეორდება ერთი და იგივე ხმა სხვადასხვა პროდუქტისა თუ ბრენდის აუდიო რეკლამაში?
რადიოებშივე წერენ ამ პატარა სპოტებს, რომელსაც, ხშირად, ახმოვანებს ერთი და იგივე ტიპი. თუ ბრენდს აქვს პრეტენზია, რომ მისი სარეკლამო კონტენტი განსხვავებული იყოს, ცოტა ახალ ხერხებს უნდა მიმართოს. თუ არსებობს 100 რეკლამა, სადაც ერთი და იგივე ტიპი, იგივე ხმა კითხულობს ტექსტს, შენ რაღაც სხვა უნდა გააკეთო. აღსანიშნავია ის პრობლემაც, რომ ყველა მარკეტერი ერთ ხმას ითხოვს. ვიდეო რეკლამაში ვიზუალურმა მხარემ შეიძლება დააბალანსოს ეს ხმის ერთნაირობა, მუსიკასთან ერთად. თუმცა, რადიო რეკლამის დროს, როდესაც ერთი და იგივე ტიპი გესაუბრება სხვადასხვა რაღაცას, აღარ არის შენთვის საინტერესო. თუ გინდა, რომ ვიღაცამ მოგისმინოს, რაღაც ორიგინალური უნდა გააკეთო, რომ ყურადღება მიიქციო, ეს მუსიკასაც ეხება და ხმის ეფექტებსაც.„მიუხედავად იმისა, რომ ხმის დიზაინერი ვარ, შემიძლია ვთქვა, რომ რადიო რეკლამის განთავსებისას გასათვალისწინებელი აუცილებელი პირობაა ქოფირაითინგი, ის, თუ რა სიტყვებით დაელაპარაკები მომხმარებელს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია საინტერესო და ორიგინალური კონტენტი; როგორც ტელევიზორს არავინ უყურებს იმისათვის, რომ რეკლამას უყუროს, ისე, რადიოსაც არავინ უსმენს მხოლოდ იმის გამო, რომ რეკლამას მოუსმინოს. უნდა შეიქმნას საინტერესო აუდიო კონტენტი, ეს შეიძლება იყოს მუსიკა ან ტექსტი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ყურადღების მიქცევა და დასამახსოვრებელი განწყობის შექმნა იუმორითაც შეიძლება, რადიოს შემთხვევაში, ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, თუნდაც, იუმორისტული მუსიკა და ტექსტი“, – გვითხრა ბესო კაჭარავამ.


მაია მაზანაშვილი

რადიო „ფორტუნას“ მარკეტინგის დირექტორი – მაია მაზანაშვილი 18 წელია, რაც რადიო ბაზრის მარკეტინგითა და გაყიდვებითაა დაკავებული, ის ამბობს, რომ „საქართველოში რადიო საკმაოდ ძლიერ მედიასაშუალებად გვევლინება, მოსახლეობის 52 % მას ყოველდღიურად მოიხმარს, თან ეს სწორედ ის სეგმენტია, რომელიც ცხოვრების აქტიური წესით გამოირჩევა“. რამდენად შესაძლებელია საქართველოში რადიო რეკლამის ეფექტურობის გაზომვა – ეს ის მთავარი კითხვაა, რომელზეც მან რადიო „ფორტუნას“ მაგალითზე გვიპასუხა: 

M: იზომება, თუ არა რადიო რეკლამის ეფექტურობა საქართველოში და რა მეთოდით?
რადიო იზომება! ბოლო 5 წელია, ჩვენი ჰოლდინგი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სტატისტიკურ კომპანია TNS –თან. სწორედ აღნიშნულმა
კომპანიამ დაიწყო რადიობაზრის გაზომვა USAID-ისა და IREX-ის დაკვეთით. მათგან მიღებული ინფორმაცია კი ჩვენ, მარკეტერებს, დამკვეთების სწორი კონსულტირებისა და მათთან წარმატებული, გრძელვადიანი ურთიერთთანამშრომლობის საშუალებას გვაძლევს. რადიოში წინასწარ შეგვიძლია მოლოდინების განსაზღვრა, სამიზნე აუდიტორიის შერჩევა და აქედან გამომდინარე, კამპანიის სწორად წარმართვა. კომპანიაში არსებული ლიცენზირებული სოფტი (super nova) და უზარმაზარი აგრეგირებული ინფორმაცია, სრულფასოვან სურათს გვაწვდის მსმენელთა დემოგრაფიულ (გეოგრაფიულ, ასაკობრივ, რაოდენობრივ და სხვა საინტერესო) ინფორმაციაზე. ეს არის უდავოდ დიდი კომფორტი როგორც ჩვენთვის, ასევე, ჩვენი დამკვეთებისთვის. სწორედ ეს ინფორმაცია გვეხმარება, მიზანმიმართულად დავგეგმოთ და წარვმართოთ სარეკლამო კამპანიები. 

M: როგორია რადიო რეკლამის პოტენციალი და პერსპექტივა ინტერნეტის, ტელევიზიისა თუ გარე რეკლამის არსებობის პირობებში?
აღსანიშნავია, რომ
ფინანსური თვალსაზრისით, რადიო არის ბევრად ხელმისაწვდომი მედიაპლატფორმა, ასევე, ოპერატიული და მობილური, რაც დამკვეთებისთვის დამატებით კომფორტს ქმნის. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს ჰოლდინგს, მიუხედავად გარე და შიდა ფაქტორებისა, რომლებიც ზემოქმედებენ სარეკლამო ბაზარზე, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ინარჩუნებს სტაბილურ ნიშნულს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორი გაყიდვები შედეგს ყოველთვის დებს.



„სწორი ვიზუალი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისთვის“- სარეკლამო ფოტო სააგენტო LAAP

რატომ აქვთ ქალ სპორტსმენებს ნაკლები შემოსავალი? – ESPNW-ის ვიდეორგოლი